ლანჩხუთი და განსაკუთრებით, სოფელი შუხუთი კიდევ ერთ კოლორიტს, ვანო ორაგველიძეს ემშვიდობება. სულ რაღაც 6 თვის წინ, მისი მეგობარი, თანასოფლელი და ასევე კოლორიტი დურსუნ აფხაძე გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე.
„კიდევ ერთი უხუცესი ადამიანი გამოაკლდა რაიონს. თავისი საქმის პროფესიონალი, კარგი მამა, ბაბუა და მოქალაქე. ძალიან იმოქმედა თავისი მეგობრის გარდაცვალებამ, ისინი ხომ ათეული წლები ქმნიდნენ მემატიანეს რაიონის ცხოვრებაში. ისევ ერთად, ბიჭებო… უფალმა დაგიმკვიდროთ სამუდამო სასუფეველი“ _ ვკითხულობთ ფეისბუქ-ჯგუფ „ღადარის“ სამძიმრის წერილში.
„მე ვარ ვანო ორაგველიძე 83 წლის. ვარ ხელოსანი (დურგალი). მეცხრე კლასში ვიყავი, რომ გამევედი სკოლიდან, იმიზა, რომ ხელობის სწავლა მინდოდა და არ ვსწავლობდი საერთოდ. გამეიბარეს ბებიაჩემი. დედაჩემი მაშვინ ჩაში იყო, ხოდა, მივიდა და უთხრეს, შენი ბიჭი არ სწავლობსო, ცხრაი ორი ყავსო, ერთი სიმღერაში ყავს ხუთიო. მევიდა მერე სახლში და ბებიაჩემი და მითხრა, – კი მარა ბებიაო, რას შობიო შენო, რა გამღერებდა ამდონი ორების პატრონსო? (იცინის)… მე ვუთხარი ასე: ხელობაზე მივალ, მე დავანებე სკოლას თავი მეთქი, სასწავლებლო ცეხია ლანჩხუთში, რკინიგზას გადაღმა, სახელოსნოა კაი და ყველაფერი კეთდება იქინე, სტოლები, აგი და იგი… უნდა ვისწავლო-მეთქი. კაი ბებია, კაიო და წევედი…“ _ რამდენიმე წლის წინ ასე გაიხსენა თავისი ბავშვობა ვანო ბაბუამ „ჰო და არასთან“.

“ჩვენ ყოლიფერში ვეხმარებით ერთიმეორეს, აბა, ისთე რაფერ იქნება… 60 წელია, ჩვენ აქანე ერთად ვმუშაობთ, საუკეთესო მეგობრები ვიყაით და ვართ კიდეც“
იგივე ინტერვიუში ასევე იხსენებდა: „იქინე იყო დათიკო თევზაძე დირექტორი. ხელოსანი იყო, მთავარი ხელოსანი, ასწავლიდა ბაღნებს, ქვემო შუხუთელი ლასა ჩხაიძე. ხოდა, გამსინჯენ თუ ვივარგებდი, დამტიებდენ და იძლეოდენ 30 მანეთს, რომ დამამტკიცებდნენ, მოწაფედ რომ დავრჩებოდი. დამამტკიცენ და დამენიშნა 30 მანეთი და იმ თვეში ევიღე… ხოდა, ვიმუშავე იქინე ორი წელიწადი და მერე 1957 წელს გაუქმდა იგი წარმოება და წამევედი მერე აქანე. ლასა ჩხაიძეც წამევიდა აქანე და გვამუშავებდენ ხელობაზე. ხოდა 1958-ში წევედი ჯარში. ჯარიდან რომ ჩამევედი, ისევლე დევიწყე აქანე მუშაობა და 1964 წელს გავაკეთე აი სახელოსნო. მას მერე ქი ვარ მე აქანე. გავაკეთე აი სახელოსნო და იქინე რომ ვისწავლე, „ასობი“ სკამები კეთდებოდა, „სტოლები“ კეთდებოდა, ყველაფერი ვისტავლე, მერე მას მერე ყველაფერს ვაკეთებ აქანე მე და ქი ვარ ასე“.
შუხუთელ კოლორიტებზე „დილის ტალღამ“ საინტერესო რეპორტაჟი გააკეთა შუხუთში, სადაც ვანო ორაგველიძე თავის გამორჩეულ მეგობარზე _ დურსუნ აფხაძეზე ჰყვება:
„ჩვენ ვცხოვრობთ ერთ კუთხეში, ჩემზე არის 12 წლით უფროსი… ჩემი დაბადება თურმე კარგად ახსოვს. აგი შენობა აქანე დავდგი 1964 წელში, მეორე შენობა დოუდგი ჩემს მეგობარს. ხოდა, მას მერე ქი ვართ აქანე ჩვენ. შუხუთში ვარ დაბადებული. სწავლა მანდამაინც არ მიყვარდა. მე ადრე სახლებზე ვმუშაობდი, ქვაზე, მარა ახლა ვერ ვიმუშავებ. მე მარტო ვმუშაობ სახელოსნოში _ კარი, აკოშკა, სტოლები, რაცხა რომ დაგჭირდება, ყველაფერი კეთდება აქანე.
დილის 9 საათიდან აქანე ვარ და იცის კლიენტმა და ყველაი მოდის 1-ელ საათამდე. ერთად ვართ აქანე და ზოგს მუაქ ნაჯახის ტარი გასაკეთებლად, ზოგს ნაჯახი მოსაპირავი. ტარს ჩემთან აკეთებს, აგერ სამჭედლოში დურსუნთან _ მოპირვას. მუშაობა ცოტაა, მეტალოპლასტმასები რომ შემევიდა, შემცირდა ხის იმას (კარ-ფანჯარა) მანდამაინც არ აკეთებენ. ჩვენ ყოლიფერში ვეხმარებით ერთიმეორეს, აბა, ისთე რაფერ იქნება… 60 წელია, ჩვენ აქანე ერთად ვმუშაობთ, საუკეთესო მეგობრები ვიყაით და ვართ კიდეც“.
მხოლოდ 6 თვე გაძლო განუყრელი მეგობრის გარეშე…
„გურია თუდეი“ დიდ გულისტკივილს გამოთქვამს ვანო ორაგველიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.


