შუხუთში კოსმოდრომს აშენებენ? რუსი „დევნილების“ ოცნება თუ დიდი აფერა… „სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?“ _ როგორ „გადააგდეს“ გურული ბიზნესმენები

|

Loading

„ლანჩხუთში ერთი სოფელია – შუხუთი. სოფლის დასაწყისშივე გადასახვევია და ოღრო-ჩოღრო გზა იწყება. ამ გზას თუ ბოლომდე გაყვებით, ერთ ნაკვეთთან მიგიყვანთ. მიწა შემოღობილია, დაცვის ჯიხურიც დგას. დაცვის თანამშრომლები რუსები არიან და მომავალი კოსმოდრომის ტერიტორიას იცავენ“ – წერს „აი, ფაქტი“, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

გამოცემის ცნობით, ამ მიწაზე კოსმოდრომ „კოლხიდას“ გამშვები პუნქტის მშენებლობაა დაგეგმილი. იდეის ავტორები რუსი ქალები, იულია და მარია არხიპოვები არიან. ისინი რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით მაშინ ჩამოვიდნენ, როცა უკრაინაში მათმა ქვეყანამ ომი დაიწყო. თებერვალში საქართველოში ორი კომპანია დააფუძნეს, მიწები იყიდეს, ნაწილი მიითვისეს და იმ საქმეს შეუდგნენ, რაც კარგად იციან:

„ორივე, იულიაც და მარიაც კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროდან მოდიან. მარიას მაგისტრის ხარისხი აქვს კოსმოსური ინდუსტრიის საჯარო ადმინისტრირებაში. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ფაკულტეტზე. შემდეგ მუშაობდა ორბიტალური სადგურის „მირ-2“-ის მშენებლობის კოორდინატორად და კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმის იურისტად. იულია კი 2016 წელს დაარსებული რუსული „კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმის“ თავმჯდომარეა. კონსორციუმი მიზნად ისახავს კერძო კოსმოსური ინიციატივების განვითარებას. მარია 46 წლისაა, იულია 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი პარტნიორები არიან და ცოლ-ქმარი იყვნენ მაშინაც, როცა მარიას ჯერ კიდევ ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა. წლების წინ, მარია არხიპოვას ევგენი არხიპოვი იყო. შემდეგ კი ის ტრანსგენდერი ქალი გახდა და ამაზე მედიაში ღიად დაიწყო საუბარი.  ქალები, საკუთარი ოჯახური მდგომარეობის გარდა, გურულებს კიდევ ბევრ რამეს უმალავენ. 

მარცხნიდან: იულია და მარია არხიპოვები

მაგალითად, როგორ აწვდიან ინფორმაციას და ანგარიშებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ე.წ. პრავფონდთან მათი წერილობითი კომუნიკაცია და ასობით მეილი 2014 წლიდან მოყოლებული…“ _ წერს გამოცემა.

რა ვიცით ლანჩხუთში ასაშენებელ კოსმოსურ სადგურზე?

„აი ფაქტის“ მოკვლევით, არხიპოვებს იუთუბ-ის რამდენიმე გვერდი აქვთ, მათ შორის, ერთი „კოსმოსური ტექნოლოგიების კონსორციუმს“ ეკუთვნის. „ამ გვერდებზე რამდენიმე ვიდეო დევს კოსმოდრომ „კოლხიდას“ შესახებ. ასე გავიგეთ, რომ ლანჩხუთში, შემოღობილ ტერიტორიაზე კოსმოსური ხომალდების ასაფრენი ადგილის და დრონებისა და თანამგზავრების საწარმოს მოწყობა სურთ. გეგმავენ კოსმოსში ხალხის გაშვებასაც. კოსმოდრომის ასაშენებლად არხიპოვების კომპანია „სერვიუკ აგრომ“ გურიაში, ლანჩხუთში სამი ნაკვეთი იყიდა – ჯამში, 14 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. ამ ნაკვეთებიდან უნდა გაეშვას ხომალდები ორბიტაზე“ _ წერს გამოცემა.

2023 წელს საჯარო რეესტრში იულია არხიპოვას მიერ წარდგენილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ მათ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყეს, მაგალითად, დაამონტაჟეს ელექტროგაყვანილობა, დააყენეს მრიცხველები, გაარემონტეს შენობის კარ-ფანჯარა, გაიყვანეს კანალიზაცია, წყალი და ტერიტორია ხე-მცენარეებისგან გაწმინდეს. თუმცა, თუ ფოტო და ვიდეომასალას დააკვირდებით, თქვენც ნახავთ, არის თუ არა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული.

შეიძლება, ამ ყველაფერზე თქვენ გეცინებათ, მაგრამ არხიპოვების გეგმა მხოლოდ არხიპოვების გეგმა არაა. მათ უკან უფრო დიდი ამბავი დგას…

როგორ დაფუძნდნენ და მოეწყვნენ არხიპოვები  საქართველოში?

როგორც „აი, ფაქტი“ წერს, ლანჩხუთთან ადაპტაციაში მარია და იულია არხიპოვებს გელა ზოიძე დაეხმარა და ადგილობრივ მეწარმეებსაც მან გააცნო. „ის რუსი ქალების ბიზნესპარტნიორიც გახდა – ორ კომპანიაში არხიპოვებთან ერთად წილებს ფლობს. თუმცა, მათი ერთობლივი ბიზნესიც ისე ამუშავდა, როგორც კოსმოდრომის მშენებლობა მიმდინარეობს ახლა“ _ წერს გამოცემა.

როგორც იცით, გელა ზოიძე სავაჭრო პალატის ხელმძღვანელია და მისი ფუნქციაცაა ინვესტიციების მოზიდვა. რა თქმა უნდა, ის ვერ გათვლიდა, რა სხვა მიზნები ჰქონდათ არხიპოვებს ან ჰქონდათ თუ არა მათ რეალურად სახსრები, მაგრამ როგორც კი მათ მიმართ ეჭვები გამოთქვა, მისივე თქმით, სამართალდამცველებს აცნობა.

„ჩემთან მოვიდნენ ლანჩხუთის სანოტარო კანტორიდან. წესდების შემუშავებაში და საწარმოს დარეგისტრირებაში სჭირდებოდათ დახმარება, რომ რაღაც საქმინობა ეწარმოებინათ რეგიონში. ასე ვეხმარებოდით ჩვენ საწარმოებს, კოოპერატივებს, მცირე მეწარმეებს, რომ მოემზადებინათ დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ… მერე შევთავაზეთ, რომ თვითონ „ლიმონის“ ხელმძღვანელს, თამაზ იმნაიშვილს ეჩვენებინა თავისი საწარმო. მივედით, ვნახეთ, წარმოება დიდი ხნის გაჩერებული იყო და [არხიპოვებმა] გამოთქვეს სურვილი, რომ საწარმოში შევიდოდნენ და გარკვეულ ინვესტიციას განახორციელებდნენ, ასე მოხდა ამ შპს-ში ამ ადამიანების გაწევრიანება“ _ ამბობს ზოიძე გამოცემის ჟურნალისტებთან.

არხიპოვებმა საქართველოში ბიზნესსაქმიანობა 2022 წლის თებერვალში დაიწყეს. 3 თებერვალს დააფუძნეს შპს „სევრიუკი აგრო“, რომლის მიზანიც წესდებაში დაკონკრეტებული არაა. 4 თებერვალს დააფუძნეს შპს „საქართველოს კოსმოსური ტექნოლოგიები“, სადაც მესაკუთრეებიც და ხელმძღვანელებიც არხიპოვები არიან. 3 მაისს დაარეგისტრირეს შპს „ჩაი ჩიბათი“, სადაც ახლა მფლობელები არიან გელა ზოიძე, მარია და იულია არხიპოვები და მალხაზ ქათამაძე. ამ კომპანიის საქმიანობა ჩაის წარმოებასთანაა დაკავშირებული. თუმცა ზოიძე ამბობს, რომ ეს კომპანია ვერ აამოქმედეს, რადგან არხიპოვებს „არანაირი სახსრები არ ჰქონდათ“.

აქვე გეტყვით, რომ გელა ზოიძეს წლებია ჩაის ბიზნესი აქვს და ეს სფერო მისთვის ნაცნობი და საინტერესოა.

30 ივნისს მარია და იულია არხიპოვები ხდებიან შპს „ლიმონის“ მეწილეები. დირექტორად კი იულია არხიპოვა ინიშნება. გამომძიებელი ჟურნალისტები თვლიან, რომ ამ კომპანიის ამბავი შედარებით ჩახლართული და კონფლიქტურია.

შპს „ლიმონი“ 1999 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც შუხუთში ნახევარ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას ფლობს. ამ მიწაზე ადრე საკონსერვო ქარხანა იდგა, სადაც ხილისა და ბოსტნეულის კონფიტიურს ამზადებდნენ და ექსპორტით უკრაინაში უშვებდნენ. კომპანიას ოთხი მფლობელი ჰყავდა. „ლიმონის“ მეწილეების თქმით, რუსები დაჰპირდნენ, რომ ამ ძველ საწარმოს აამუშავებდნენ და 2 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციასაც ჩადებდნენ.

ამას გელა ზოიძე ადასტურებს და ამბობს, რომ შეთანხმების თანახმად, საწარმოს თავდაპირველი სახე უნდა შეენარჩუნებინა. ზოიძე იმასაც აღნიშნავს, ძველი საწარმოს აღდგენას „სოლიდური ინვესტიცია“ სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ იყო არხიპოვების ჩართვა საჭიროო. თუმცა, არც მას და არც „ლიმონის“ დანარჩენ მეწილეებს რუსი „ინვესტორების“ ფინანსური შესაძლებლობები არ გადაუმოწმებიათ.

„შუხუთი, 2025 წლის 29 ივნისი, „ლიმონის“ ქარხნის მდგომარეობა“

„ასეთი ადამიანები საქართველოში შემოდიან, მიდიან-მოდიან, მუშაობენ, თანამშრომლობენ რაღაც ოფიციალურ სტრუქტურებთან და ახლა მე საიდან შევამოწმებდი. მე, სხვათა შორის, მქონდა ამგვარი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელს ვუთხარი ამის შესახებაც, თუ რამე ასეთი პრობლემებია, მიაქციეთ ყურადღება და შეამოწმეთ და ნახეთ-თქო. ჩვენ ახლა მეწარმეებმა რა ვიცით, ვინ რას გეგმავს და რას ფიქრობს“ – უთხრა გამოცემას გელა ზოიძემ.

როგორ მოატყუეს არხიპოვებმა გურულები

85 წლის თამაზ იმნაიშვილსა და 70 წლის დარეჯან კალაჯიშვილს გამომძიებელი ჟურნალისტები შუხუთში შეხვდნენ. გაიგეს, როგორ იმედიანად უყურებდნენ რუს ინვესტორებს და ელოდნენ საწარმოს ამუშავებას.

„წავედით ნოტარიუსში, დაიწერა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ამ რუსებს, იულია არხიპოვას და იმას, კიდევ მეორეს, ჰქონდათ ანგარიშზე 3.5 მილიონი. აქედან ჩვენს წარმოებაში უნდა ჩარიცხულიყო  დაახლოებით 2.5 მილიონი, რომელიც უნდა მოხმარებოდა წარმოების გაფართოებას, გარემონტებას და ამუშავებას… ნოტარიუსთან ამ ხელშეკრულებას ვკითხულობდი მე და გვერდით მედგა აგინი და ვეუბნებოდი, დედა, რამდენი თანხა ჰქონიათ მეთქი და მართლაც კარგია [საწარმოს] თუ აამუშავებენ-მეთქი“ – მოუყვა გამოცემას დარეჯანმა.

ამის სანაცვლოდ ძველმა მფლობელებმა წილების 51.55 პროცენტი უსასყიდლოდ დათმეს. ეს გარიგება ფოთში, ნოტარიუს მარინა ჯიქიას ბიუროში, 2022 წლის ივნისში შედგა. კომპანიის დირექტორად იულია არხიპოვა დაინიშნა.

ამ გზით არხიპოვებს უფლება მიეცათ განეკარგათ შპს „ლიმონის“ საკუთრებაში არსებული ნახევარ ჰა-ზე მეტი მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.

ძველი მფლობელები ამ გარიგებიდან სამ-ოთხ თვეში მიხვდნენ, რომ არხიპოვები ძველი საწარმოს აღდგენას არ აპირებდნენ. მათსა და ე.წ. ინვესტორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ახალმა მფლობელებმა ძველებს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

„ერთხელ მივედი, არ მიშვებდნენ. რომ შევედი, დამესია ერთი შვიდი რუსი და გადი, გადი გარეთო მეუბნებიან. დედა შემაგინა, ცუდად გავხდი, როგორც თქვენთვის არაფერი მიკადრებია, ისე იმ ქალისთვის არაფერი მითქვამს. სასწრაფო დამჭირდა“- გაიხსენა თამაზ იმნაიშვილმა.

რადგან ახალი დირექტორი ძველ მფლობელებს არც ტერიტორიაზე უშვებდა, არც ელაპარაკებოდა და არც საწარმოს ამუშავების ნიშნები ჩანდა, ძველმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, იულია არხიპოვა დირექტორის პოზიციიდან გადაეყენებინათ. საჯარო რეესტრმა მათი განცხადება არ დაადასტურა, რადგან არხიპოვა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. მან რეესტრში 2023 წლის ივლისში მიიტანა დოკუმენტი, რომლის წარმომავლობაც, ძველი მფლობელებისთვის, სადავო და საეჭვოა.

წილების დათმობიდან ერთი წლის თავზე, იულია არხიპოვას მიერ რეესტრში მიტანილ დოკუმენტში წერია, რომ არხიპოვები საკუთარ გონებრივ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს 30 მილიონ დოლარად აფასებენ და ამ ინტელექტს ჩადებენ კომპანიის მართვაში. სანაცვლოდ კი ძველმა მფლობელებმა მას უნდა მისცენ ერთპიროვნული მართვის უფლება და მის გადაწყვეტილებებში არ ჩაერიონ. ამ დოკუმენტში განსახორციელებელ მილიონობით ლარის ინვესტიციაზე არაფერი წერია. თუმცა, გვხვდება ჩანაწერი იმაზე, რომ ახალმა დირექტორმა უნდა დაფაროს კომპანიის ძველი ვალები და გაააქტიუროს ბიზნესი.

გამოცემის მოკვლევით, ეს დოკუმენტიც იმავე ნოტარიუსთანაა დამოწმებული, რომელთანაც არხიპოვებმა შპს „ლიმონის“ მფლობელები 2022 წლის ივნისში მიიყვანეს. თუმცა, სადავოა ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერები და ამ დოკუმენტის შედგენის თარიღიც. დოკუმენტის რუსული ვერსია 2022 წლის 22 ივნისსაა შედგენილი, ქართული ვერსია კი 30 ივნისს. დარეჯანი და თამაზი ამბობენ, რომ ნოტარიუსთან მხოლოდ ერთხელ იყვნენ და დოკუმენტებსაც მხოლოდ ერთხელ მოაწერეს ხელი.

„-2.5 მილიონი ხომ უნდა ჩაედო წარმოებისთვის? თურმე 30 მილიონად შეფასებულა არხიპოვას ტვინი. რა ჯანდაბაში მაინტერესებდა იულია არხიპოვას ტვინი?

-მაგი ინტელექტს მოვაწერდით ხელს, როგორ ფიქრობთ თქვენ? მე ან დარიკო ინტელექტზე მოვაწერდით ხელს? ფულზე მოვაწერეთ ხელი, რომ მაგი დებს 2.5 მილიონს. მერე [დოკუმენტები] რომ მივიღეთ, შესწორებული იყო“ – უყვებიან ჟურნალისტებს დარეჯანი და თამაზი.

წილების გადაცემიდან ერთი წლის დაგვიანებით რეესტრში შეტანილ დოკუმენტზე ძველი მეწილეების ხელმოწერები არაა ორიგინალი ვერსია, დოკუმენტს ეტყობა, რომ ის ასლია (დაქსეროქსებულია). როგორც წესი, ხელმოწერები ლურჯი კალმით სრულდება, ასე იყო დარეჯანისა და თამაზის მიერ ხელმოწერილ სხვა დოკუმენტებზე, რომელიც რეესტრშია ხელმისაწვდომი. მაგრამ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე მოცემულია ხელმოწერების ასლი შავ ფერში.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მარია და იულია არხიპოვებ ჰკითხეს, მიაჩნდათ თუ არა მათი ქმედება კომერციულ თაღლითობად. მათი პასუხია, რომ თაღლითობა არ ჩაუდენიათ და ძველი მფლობელების სიბრალულის გამო დათანხმდნენ ამ გარიგებას, თორემ თავად სხვა მიზნები ჰქონდათ. „მათ მითხრეს, ყველაფერზე თანახმა ვართ, ოღონდ ქარხანა იყიდეთო. მაგრამ (შეთანხმების გაფორმების)  მეორე დღესვე ქარხანაში მოვიდნენ ქართველი ნაციონალისტები და დაიწყეს ხმაურიანი კამპანია ჩემს წინააღმდეგ, როგორც „რუს ოკუპანტთან“. ყვიროდნენ, აწყობდნენ სკანდალებს. ჩვენ ეს ყველაფერი მივიჩნიეთ პროვოკაციად. მოვითხოვეთ ჩვენი ფულის დაბრუნება და მზად ვიყავით ქარხნის დასაბრუნებლად. ისინი დროს წელავდნენ. კონფლიქტის გამო, დროებით გავწყვიტეთ ინვესტიციები „ლიმონში“, დავაყენეთ დაცვა, საწარმო დაკონსერვდა რეკონსტრუქციისთვის და შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში“ – მიწერეს არხიპოვები გამოცემას.

იულია არხიპოვა, როგორც დირექტორი, თავის მოვალეობას არ ასრულებს. კომპანიის ძველი დავალიანება არ გადაუხდიათ, მიწაზე არსებული ყადაღა 2025 წლის 2 ივლისსაც ფიქსირდება. არც საწარმო აუმუშავებიათ, მხოლოდ დაცვის ჯიხური შეაკეთეს და იქაც უკრაინიდან ჩამოყვანილი რუსები დაასაქმეს. რუსები დღესაც იქ ცხოვრობენ, ტერიტორიაზე ძაღლები ჰყავთ გაშვებული და შიგნით არავის უშვებენ.

„ლიმონის“ ძველი მფლობელები უკვე ორი წელია ცდილობენ, იულია არხიპოვა დირექტორის პოსტიდან გადააყენონ და თავისი ქონება დაიბრუნონ. მიმართეს პროკურატურას და სასამართლოს, დაიქირავეს იურისტები. თუმცა, ჯერ სასამართლო სხდომაც არაა დანიშნული და გაურკვეველია, რა ვადებში გადაწყდება ეს დავა.

თამაზს და დარეჯანსგამომძიებელი ჟურნალისტები მოუყვნენ, სინამდვილეში, რისთვის უნდათ არხიპოვებს ეს მიწა. ის ვიდეოებიც აჩვენეს, რომელსაც მარია თავის იუთუბ არხებზე აქვეყნებდა და რომელშიც აჩვენებდა „ლიმონის“ ყოფილ საწარმოს, სადაც კოსმოდრომის ნაწილი უნდა მოეწყოთ. ამგვარი ვიდეოებით სავსეა არხიპოვას სოციალური მედიის ანგარიშები. დარეჯანს და თამაზს ასევე აჩვენეს, რის მშენებლობას აპირებენ და უამბეს მარია არხიპოვას ნამდვილი ამბავი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, ვინ იყო სქესის შეცვლამდე და როგორ თანამშრომლობენ რუსული რბილი ძალის ორგანოებთან.

თამაზ იმნაიშვილი და დარეჯან კალაჯიშვილი

ამ საუბრის ბოლოს დარეჯანს თამაზთან მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდა: „სა ნახე აი ხალხი, შე ოჯახაშენებულო?“ საწარმოში რუსების ინვესტორებად შემოყვანა სწორედ თამაზის იდეა იყო…

2023 წლის მარტში მარია და იულია „პრავფონდს“ წერდნენ, რომ საქართველოში ისინი ლალი მოროშკინას უფლებებს იცავენ. მათი თქმით, მოროშკინამ მათ თავად მიმართა, როგორც ადვოკატებს, რადგან მისი რუსეთის ტელევიზიაში გამოჩენის გამო თავდასხმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. არხიპოვები „პრავფონდს“ სთხოვდნენ, მოროშკინას, როგორც ეთნიკურად რუსს, რუსეთიდანაც დახმარებოდნენ.

ლალი მოროშკინას ეს ამბავი სასაცილოდ არ ეყო. გამოცემას უამბო, რომ ამ ქალებმა მასთან შეხვედრა შუამავლის მეშვეობით შეძლეს, 2 წლის წინ კაფე კანაპეში და დებად გაეცნენ. უთხრეს, რომ რუსეთიდან დევნილი იურისტები იყვნენ და აქ ჩამოსული რუსების უფლებების დასაცავად უნდოდათ მუშაობა. მერე ფეისბუქზეც დამიმეგობრეს და მოროშკინამ მათი პოსტებით გაიგო, რომ კოსმოდრომის მშენებლობა უნდოდათ. „თავიდანვე უცნაურად მეჩვენა ამათი საუბარი, ვერ მივხვდი შარლატანები იყვნენ თუ აგენტები, წავედი და სუს-ში განცხადება დავწერე, ყურადღება მიაქციეთ ამ ქალებსთქო, სუსმაც მითხრა მივაქცევთ ყურადღებასო. ესენი არიან ან შარლატანები, ან მზვერავები, ან აფერისტები. მათი პოსტების სქრინები სუს-საც მივუტანე. იმიტომ, რომ როცა, აი, ასეთი აქტიურობა იწყება სოციალურ ქსელში, ესე იგი რაღაცა და ვიღაცა დგას ამის უკან. ტელეფონიც მივეცი სუს-ს,  ქართული სიმბარათებით ჰქონდათ აღებული. მერე აღარ მომიკითხავს ეს ამბავი“ – უთხრა მოროშკინამ „აი, ფაქტის“ ჟურნალისტებს.

ქალი, რომელმაც არხიპოვები მოროშკინასთან დააკავშირა – დალი/მერი მილორავაა. მილორავა ლანჩხუთში ცხოვრობს და არხიპოვებს თარჯიმნობას უწევდა. გამომძიებელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მალევე მიხვდა, ფული იმდენი არ ჰქონდათ, რამდენსაც სხვებს ეუბნებოდნენ, ბაქიაობდნენო. ხან სად უნდოდათ მიწის ყიდვა, ხან სად – გომის მთაზეც იზომავდნენ მიწის ნაკვეთებს, გრიგოლეთშიც, მაგრამ თან იძახდნენ ძვირია, არავისგან არაფერი არ უყიდიათო. მილორავას არხიპოვებმა უთხრეს, რომ დეიდაშვილები/ბიძაშვილები იყვნენ და საქართველოში „სპუტნიკების“ წარმოება უნდოდათ. ამ კოსმოდრომის ამბავზე თბილისშიც დადიოდნენ, ნებართვებისთვის, მაგრამ ვერაფერს გახდნენო.

მისი ინფორმაციით, არხიპოვები ახლა საფრანგეთში არიან _ ცუდად იყო მარია და სამკურნალოდ წავიდნენო, აქ დაბრუნდებიან თუ არა, არ ვიცი, აღარ მაქვს დიდი კომუნიკაცია მაგათთან და არაფერი უთქვამთო.

თავად არხიპოვებმა გამოცემას უთხრეს, რომ საქართველო არ დაუტოვებიათ, დროებით არიან წასული სამკურნალოდ…

სრულად სტატია _ რუსი “დევნილების” კოსმოსური ამბიციები შუხუთში _ წაიკითხეთ: https://ifact.ge/rusebis-guruli-kronikebi/