„გურია თუდეის“ ინფორმაციით, დღეს სუს-ის მიერ დაკავებული ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი, ლესის ტერიტორიულ ორგანოში მერის წარმომადგენელი/რწმუნებული დავით ლომაძეა.
მას გამოძიება, სავარაუდოდ, ე.წ. დრაივისთვის მიწის უკანონოდ გამოყოფას და ამაში სარგებლის მიღებას ედავება.
დაკავებული ლესის რწმუნებულია 2013 წლიდან. იგი „ქართული ოცნებასთან“ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა და აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მმართველი პარტიისთვის იგი დღემდე მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდა ამ საკმაოდ დიდ ტერიტორიულ ერთეულში.
ლომაძის მიმართ სოფელში დადებითი განწყობაა და დღეს გავრცელებული ინფორმაცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

დავით ლომაძე 2013 წლიდან ხელისუფლების დასაყრდენი იყო, რასაც ეს ფოტოებიც ადასტურებს. ზემოთ, მარცხნიდან პირველია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში [2016], ქვემოთ _ მარჯვნიდან პირველი, იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის სტუმრობისას, გურიის გუბერნარორ ზურაბ ნასარაიასა (შუაში) და ლანჩხუთის მერ ალექსანდრე სარიშვილთან (მარცხნივ) ერთად [2019]

ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს პირველი დაკავებაა და რეზონანსულ ამბავს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ბევრს გაუჩნდა კითხვა, როცა სოფლებს და მის რწმუნებულებს, მერიასთან შუამდგომლობის გარდა, ფაქტობრივად, უფლება არ აქვთ, როგორ შეიძლებოდა მას მიწის ნაკვეთი ვინმესთვის გამოეყო, ან მფარველობა მოეხდინა? მით უმეტეს, თუ ე.წ. „დრაივზეა“ საუბარი, ის მაგისტრალის პირას კეთდება, იოლად ხილვადი და მაკონტროლებელი სამსახურებისთვის მარტივად მისაგნებია, თუ რაიმე გადაცდომა იქნებოდა.
„ლანჩხუთში ქრთამის აღების ბრალდებით ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის წარმომადგენელი დააკავეს. ზოგადად რწმუნებულებს არანაირი ფუნქცია არ აქვთ, ან მიწა როგორ უნდა მიეცა დრაივისთვის ან რაში უნდა აეღო ქრთამი. მე არ შევიყრი თვალებში ნაცარს, ასე შეაწმენდენ ახლა ხელს ამ კაცს. ადრე თუ გვიან, მოვა ის დრო, ყველა რომ დააბრუნებს ბიუჯეტში თითოეულ მოპარულ თეთრს“ _ წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.
„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე ეხმაურება სოფლის რწმუნებულის დაკავებას ლანჩხუთელი ოპოზიციონერი, ახლა ემიგრაციაში მყოფი ლელა ჩახვაძე. მისი თქმით, „დაიწყეს ,,ლიფსიტების” დაჭერა, ,,ღლანები” რომ გადარჩეს“.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, სუს-ში ბრიფინგი ჩატარდა, სადაც 7 მუნიციპალიტეტში 14 სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირის დაკავება გაჟღერდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს“ _ ითქვა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.




