„მძიმე და ტკივილიანი დღეები გვიდგას…“ _ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლა

ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს ამავე სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგების _ ლილი კვასხვაძისა და ელენე ნაჭყებიას გარდაცვალების გამო:

„მძიმე დღეები გვიდგას პირველსკოლელებს!..

უკანასკნელ გზაზე უნდა გავაცილოთ ორი ღირსეული პედაგოგი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ისტორიაში.

ლილი კვასხვაძე _ დაწყებითი განათლების პედაგოგი. მან მრავალი თაობა აღუზარდა რაიონს და საპენსიო ასაკში საკუთარი სურვილით შეწყვიტა პედაგოგიური საქმიანობა. ლილი მასწავლებელი, ქალბატონ მაყვალა გვარჯალაძის მხარდამხარ ქმნიდა პირველი სკოლის განათლების საწყისი საფეხურის საუკეთესო ტრადიციებს.

ელენე ნაჭყებია _ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, რომლის მოულოდნელი გარდაცვალება თავზარდამცემი აღმოჩნდა მთელი რაიონისთვის. ქალბატონი ელენე მრავალი ღირსებით შემკული, გაწონასწორებული, უდიდესი ინტელექტუალი და პროფესიონალი, ადამიანობის, ერთგულების, სიკეთისა და მეგობრობის ეტალონი, რომელიც ბოლო დღემდე ემსახურა მომავალ თაობებს…

პედაგოგობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის მისია და ამ ადამიანებმა ეს მისია ღირსებით, სიყვარულითა და უდიდესი პასუხისმგებლობით ატარეს!

მძიმე და ტკივილიანი დღეები გვიდგას!
უფალო, ნათელში ამყოფე ეს დიდებული ადამიანები!“
_ ვკითხულობთ სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.