ეს არ არის უბრალოდ ფეხბურთის ისტორია…
ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც კარიერის, გავლენისა და კომფორტის მიღმა ისევ ლანჩხუთი აირჩია.
მერაბ ჟორდანია _ ადამიანი, რომელიც არასდროს ლაპარაკობს საკუთარ თავზე, მაგრამ მისი საქმეები ლანჩხუთში დღესაც გრძელდება.
გურიაში მისი ეიმედებათ. წინაპრების ქალაქისა და მშობლიური გუნდისადმი სიყვარულს არასდროს მალავს, ახლა კი, შვილებთან ერთად დიდი და საშური საქმე წამოიწყო _ „გურია“ ქართული ფეხბურთის ელიტაში დააბრუნოს და ევროპაშიც გაიყვანოს!
ვაღიაროთ, რომ ობიექტურადაც, ეს შემთხვევა კითხვებს ტოვებს: ნუთუ, ნორმალური ადამიანი, ასეთი საფეხბურთო კავშირებით, ვალებში ჩაფლულ პროვინციულ კლუბს ჩაიბარებდა? ან მერაბ ჟორდანია, რომელიც კომფორტის მოყვარული კაცია, გუნდს თბილისში ვერ ნახავდა?
დიახ, ნახავდა, უფრო მაღალ ლიგაშიც და ეს მისთვის მეტი კომფორტი იქნებოდა. მაგრამ მერაბ ჟორდანია არაა პრაქტიკული და კომფორტის მოყვარული, როცა საქმე ლანჩხუთს ეხება და ვერ იქნება „ნორმალური“ მაშინ, როცა ასე არანორმალურად უყვარს მშობლიური ქალაქი!
დიახ, ქალაქი და არანაირად არ იფიქროთ, რომ მხოლოდ „გურია“. მეტიც, დარწმუნებული ვარ, „გურია“ იმიტომ უყვარს, რომ მისი წინაპრების ქალაქის გუნდია და არა „გურიას“ გამო უყვარს ლანჩხუთი. ეს მიუხედავად იმისა, რომ კარიერის საუკეთესო წლები მშობლიურ კლუბში გაატარა.
ასევე წაიკითხეთ: „წარმოიდგინეთ, 9 აპრილიდან 1 თვეში ვხვდებოდით გუნდს, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა“
ისიც ვთქვათ: როცა საქმე დიდ პროექტსა და შესაბამისად, დიდ თანხებს ეხება, სენტიმენტები და სიყვარული უკანა პლანზე გადადის. თუმცა ეს „ფორმულა“ არ მუშაობს ჟორდანიასა და ლანჩხუთის ურთიერთობაში.

2003 წელი, საარჩევნო ბანერი. #23 და 23 წლის შემდეგ: მერაბ, კახი და ლევან ჟორდანიები ისევ ლანჩხუთში
გურიის ამ პატარა ქალაქში ძალიან უყვართ _ არა მხოლოდ გატანილი ჯარიმებისა და პენალტების გამო. აქ ყველამ იცის, როგორ ეხმარებოდა „გურიას“ ჯერ თბილისის „დინამოს“, მერე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ბოლოს ჰოლანდიური „ვიტესის“ პრეზიდენტის რანგში თუ უმუშევრად მყოფი.
ამაზე ერთხელაც სიტყვა არ დაუძრავს… მას შეუძლია, მაგალითად, დაუსრულებლად ისაუბროს ევგრაფ შევარდნაძის ღვაწლზე და თქვას, რომ ამ საოცარმა კაცმა 60 წლის წინ შექმნა კლუბის თანამედროვე პრეზიდენტის სახე, მაგრამ არასდროს იტყვის თავის წვლილზე „გურიას“ წინაშე.
ცხონებული იმედო დუნდუა ამბობდა: გუნდი თბილისამდე ჩამაყვანინა და მერე არაფერი გვიჭირს _ მერაბი დაგვეხმარებაო.
დიახ, „გურიას“ თამაშებზე წასასვლელ ფულს ხშირად ჟორდანია საკუთარი ჯიბიდან აძლევდა, იგი ფარავდა კლუბის საწევროსაც…
სფფ-ის პრეზიდენტი პირადად მინახავს, „გურიას“ დახმარების ხელს რომ უწვდიდა და მომისმენია: კითხვაზე _ რომელ გუნდს გულშემატკივრობ, პასუხი: „გურიას“!
ეს იმ დროს, როცა „დინამოდან“ ახალწასული იყო და კლუბს ჯერაც მისი მეგობრები მართავდნენ.
ვიღაც იფიქრებს, ფარმ-კლუბივით ეყოლებოდაო… არა, ჟორდანია ამას „გურიას“ არ აკადრებდა: დასტური უკვე კრიზისში მყოფი გურულებისგან „დინამოსთვის“ დაკარგული მნიშვნელოვანი ქულებია.

მარცხნიდან პირველი: ხათუნა ჟორდანია | ლანჩხუთში „ქუჩის ბიჭების“ კონცერტისთვის სამზადისი [2003 წ.]
სამაგიეროდ, „გურია“ „დინამოს“ კონკურენტებსაც არ დაუთმობდა რამეს, მეტოქეს რა მიმზიდველი „შეთავაზებაც“ არ უნდა გაეკეთებინა…
ეს კი, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ჩემპიონატებში „გურია“ ორჯერ ახლოს იყო ჩემპიონობასთან და სწორედ „დინამომ“ შეუშალა ამაში ხელი…
აქედან 4 წელიწადში კი, ვნახე გასაოცარი ამბავი: „დინამო“ მთავარ კონკურენტთან სამტრედიაში თამაშობდა და როცა მაყურებლის ზეწოლა სტუმარ ფეხბურთელებზე მატულობდა, ამ დროს აღმოსავლეთ ტრიბუნაზე „დინამო“-„დინამო“ დაგუგუნდა და თამაშის ბოლომდე არ გაჩერებულა.
ვნახე გაოგნებული ადგილობრივი პუბლიკა, სასიამოვნოდ უკვირდათ „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც…
არ ვიცი, არ დამინახავს, ესწრებოდა თუ არა თამაშს „დინამოს“ პრეზიდენტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორი ამაყი და ბედნიერი იქნებოდა მერაბ ჟორდანია _ იმ დღეს ხომ ლანჩხუთიდან ქომაგებით სავსე ორი „იკარუსი“ დაიძრა მეზობელი ქალაქისკენ…
… პირველად 2002 წელს ვნახე, ლანჩხუთის სტადიონზე ჭაბუკთა შორის ტურნირის ფინალს დაესწრო.
მერე, თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, როცა ლანჩხუთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
ასევე ყოველდღიურად მესმოდა _ ხან ფრანგი ლეგენდა მიშელ პლატინი ურეკავდა, ხან ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი და ხანაც ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი, რომელსაც, სხვათა შორის, ყველაზე მეტად უკვირდა და ლამის ყოველ დარეკვაზე კითხულობდა _ რაში სჭირდებოდა ჟორდანიას პროვინციული ქალაქის მაჟორიტარობა?

ევგრაფ შევარდნაძის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნისა და ჭაბუკთა შესარჩევი ტურნირების დროს [2002 წ.]
მართალიც იყო. ასეთი გავლენების, შესაძლებლობების, თანამდებობის მქონე კაცს რანაირად უნდა მოსურვებოდა გურიის ოღრო-ჩოღრო გზებსა და შუკებში სიარული…
უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხვდებოდით და მსოფლიო ფეხბურთის ბოსები, მით უმეტეს _ როგორ შეიძლება ასე გიყვარდეს წინაპრების ქალაქი…
სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაშინ, გადაჭრით მითხრა, რომ პლატინი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი გახდებოდა. თუ არ გჯერათ, შემიძლია, მოვძებნო ძველი გაზეთები…
სხვა ბევრი კულუარული ამბავიც გამიმხილა, ზოგი მხოლოდ 15-20 წლის შემდეგ გაიხსენა ღიად… გასაკვირი კი ის იყო, რომ არასდროს არც უთქვამს, არც მიუნიშნებია _ ეს არ დაწეროო!
არადა, მაშინვე ვიცოდი: რატომ გაითიშა შუქი რუსეთთან თამაშის დროს, როგორც იბრალებდა ესა თუ ის პოლიტიკოსი თამაშის თბილისში ჩატარებას, როდის გამოუფინა საქართველოს დროშა ფიფას პრეზიდენტმა [იოზეფ ბლატერმა], ვინ სთავაზობდა პარტიულ სიაში ჩასმას და ბევრი ასეთი.
მაშინ ეს პოლიტიკურადაც და საქმიანობაშიც (სფფ-ის პრეზიდენტი გახლდათ) დიდი სკანდალი და ხელის შემშლელი იქნებოდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო დარწმუნებული, რომ მისთვის უცნობი ადამიანი ამას არ გამოვუქვეყნებდი, თუნდაც ჟურნალისტური ჟინი არ მძლევდა…
ადგილობრივ მედიაში გასაკეთებელი პიარიც ისე ჩამაბარა, წესიერად არც მიცნობდა…
მიზეზი მალე გავიგე:
თავად რომ ღალატი არ შეუძლია, ასე ფიქრობს სხვებზეც და ყველას იოლად ენდობა. ამან, შესაძლოა, ბევრჯერ უკან დახია, რადგან ზოგმა უღალატა, მაგრამ ეს სხვაზე გავლენას არ ახდენს, ადამიანებს ისევ უპირობოდ ენდობა…
ეს, შესაძლოა, საქმეში კარგი არაა, მაგრამ ასეთია და სხვანაირად არ შეუძლია!
როცა ლანჩხუთში დიდი ღალატი მოხდა და არჩევნები წააგო, ის დანაპირები, რაც ვერ მოესწრო, ყველა დაასრულა. მათ შორის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი.
დიახ, მოგების შემდეგ ამომრჩეველი რომ აღარ ახსოვთ, ისე კი არ მოიქცა _ არჩევნებში დამარცხების მიუხედავადაც კი, გააგრძელა დაპირებების შესრულება!
მის ცხოვრებაში ერთადერთი შემთხვევა იყო, ლანჩხუთიდან ჩასულები კაბინეტიდან რომ გამოყარა _ იფიქრეს, წაგებით გაბრაზებული ჟორდანია სტადიონს არ გააკეთებს და საამისოდ შეძენილ ადგილს მოგვყიდისო…
მწარედ მოტყუვდნენ…
რა თქმა უნდა, „გამოყარა“ პირობითად ვახსენე, რადგან ეს მისი სტილი არაა. უბრალოდ, თავაზიანი უარით გაისტუმრა და დახმარებას ლანჩხუთისთვის სასიკეთო საქმეებში დაჰპირდა…
კიდევ გვიკვირს, რატომ აირჩია „გურია“?
მერე, ლანჩხუთის ხელისუფალს, მადლიერების ნიშნად, სტადიონისთვის მისი სახელის დარქმევა რომ უნდოდა, კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა _ ჩემზე დიდი „გურიას“ ბევრი ჰყავდაო…
ასეთია _ თავის გაკეთებულზე არ უყვარს საუბარი, სამაგიეროდ, საათობით მოგიყვებათ გურულ ამბებს და სხვების დამსახურებას.
მის ადამიანობაზე ესეც ამბობს: ერთ-ერთი სოფლიდან, სადაც არჩევნებში ხელფასიანი 16 კოორდინატორი და 300 ხმის დაპირება იყო, თუ კარგად მახსოვს, საოლქო კომისიამდე მხოლოდ 13-მა ხმამ „ჩამოაღწია“. ბევრი იცით, ვინც ამის მერე ხელს არ ჩაიქნევდა?
მან ვერ შეძლო ლანჩხუთზე განაწყენება: მისმა ცხოვრებამ დაადასტურა _ აზრადაც არ გაუვლია…
ესეც რომ არ გავიხსენო, არ გამოვა: ქალაქის ერთ უბანში [აგარაკში], დედამ შვილის საოპერაციოდ დახმარება თხოვა. რა თქმა უნდა, იქვე პირობა მისცა. შტაბის წევრებმა უთხრეს, ეს ოჯახი ხმას ჩვენ არ გვაძლევსო.
არ დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე _ ადამიანს შვილი უკვდება და ჩვენ ხმის მოცემაზე ვსაუბრობთო?
მეტჯერ ასეთი რამ ვერავინ გაუბედა _ ამიტომაც იყო, მისი შტაბი ეხმარებოდა ყველას, განურჩევლად იმისა, მთხოვნელებს რეალურად სჭირდებოდათ თუ არა.
ლანჩხუთელ ახალგაზრდებს გრანდიოზული კონცერტი აჩუქა, ხოლო ქომაგებს _ „გურიას“ და „დინამოს“ ვეტერანების თამაში. თითოეულს 7-8 ათასი ადგილობრივი დაესწრო…
მერაბ ჟორდანია არემონტებდა სპორტდარბაზებს სკოლებში, სკვერებსა და სტადიონებს _ სოფლებში, ყანაში მისასვლელ გზებს და რას აღარ…
კიდევ არსებობს კითხვის ნიშანი _ რატომ „გურია“?

„გურიას“ ლეგენდარული მწვრთნელის, შალვა კაკაბაძისა და ლანჩხუთის გამგებელ თენგიზ ქერქაძის გარემოცვაში [2002 წ.]; კლუბის პრეზიდენტ კახი ჟორდანიასა და ლანჩხუთის მერ ალექსანდრე სარიშვილთან ერთად [2026 წ.]
შეუძლებელია, მერაბ ჟორდანიას შვილებისთვის არ შეეყვარებინა ლანჩხუთი.
კახი, თუკი შანსი აქვს, თამაშებს არ ტოვებს, მეტიც შარშანაც დადიოდა და ფინანსურად ეხმარებოდა, ჯერაც გუნდში მისული რომ არ იყო.
ლევანმა კი, მესამე ლიგაში თამაში არ ითაკილა…
შვილებიც როგორ ჰგვანან მამას _ თავისთვის, ჩუმად, ჩრდილში არიან, არ ხმაურობენ, არ ამბობენ, რომ ლანჩხუთში იმედი გააჩინეს…
ორივეს სახეზე მხოლოდ კეთილშობილება იკითხება…
მე პირადად არ ვიცნობ კახი და ლევან ჟორდანიებს, მაგრამ მახსოვს ლანჩხუთში ძმის მხარდასაჭერად ჩამოსული ხათუნა ჟორდანია – ცოტა გურული სიფიცხით, მეტი პირდაპირობითა და განსაკუთრებულად კეთილი გულით, წინაპრების ქალაქთან სითბო ბავშვობიდან რომ მოჰყვება და ყველა დაძახებაზე, სიკეთის კეთებაში მოწინავეთა შორისაა.
ლანჩხუთში დღემდე სიყვარულით იხსენებენ „გურიას“ ლეგენდას, ლეო ჟორდანიას. მისი მამა _ ქალაქის კოლოროტი პაჭუ ჟორდანია ოცნებობდა, შვილიშვილსაც ამ გუნდში ეთამაშა.
შვილთაშვილმაც ითამაშა უკვე. სამი თაობა „გურიაში“: ლეო, მერაბი და ლევანი.
ამას კახის გადაწყვეტილებას და პოზიციას თუ დავუმატებთ, გამოდის, რომ, უბრალოდ, ჟორდანიების კოდშია ლანჩხუთის სიყვარული.
ასევე წაიკითხეთ: „ბაბუაჩემი და მისი მეგობრები – ევგრაფ შევარდნაძე და ვალოდია წულაძე ოცნებობდნენ, „გურიაში“ მეთამაშა… იცით, რა გუნდი იყო ლანჩხუთში?“
არქივში 2003 წლის საარჩევნო ბანერის ფოტო ვნახე: მერაბი შვილებსა და დისშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთადაა. მისი საარჩევნო ნომერი 23 იყო. საოცარი დამთხვევა: 23 წლის შემდეგ, მერაბ, კახი და ლევან ჟორდანიები ისევ ლანჩხუთში არიან.
სადღაც წამიკითხავს და ასეა, წყალი არ გაუვა: მერაბ ჟორდანიას არ შეუძლია, გითხრას _ „არა“!
ამიტომაც ვერ თქვა „არა“ ახლაც, როცა „გურიას“ პატრონობის შანსი გაჩნდა…
მას არც წაგება უყვარს! იმდენად ვერ ეგუება, რომ ლანჩხუთში არჩევნებამდე სამი დღით ადრე გვითხრა: თუ ფიქრობთ, რომ ვერ მოვიგებ, კანდიდატურას მოვხსნიო.
ვერ ვუთხარი, რომ ვერ მოიგებდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ წარმომედგინა სხვანაირი შედეგი, უბრალოდ, ვერ დავუშვი ლანჩხუთისთვის დამეკარგა საუკეთესო შანსი, რაც კი ოდესმე ჩატარებულ არჩევნებში ამ პატარა ქალაქს ჰქონია…
არ უყვარს, მაგრამ იცის მარცხის კაცურად აღიარება!
როცა არჩევნები დასრულდა, მისმა შტაბმა შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა. დარღვევები იყო და იმის შანსიც, რომ ხმები გადაეთვალათ.
დამირეკა და მთხოვა, სასწრაფოდ გამევრცელებინა: „შედეგი ტაბლოზეა, არავითარი „დამატებითი ტაიმი“: მე დამარცხება ვაღიარე, ვულოცავ გამარჯვებულებს!“

2003 და 2015, შეხვედრის ადგილი _ ლანჩხუთი: მერაბ ჟორდანია და „გურია თუდეის“ ჟურნალისტი მამუკა ქანთარია
მაშინაც ასე ვთვლიდი და ახლაც იმავე აზრზე ვარ _ 2003-ში, მე მერაბ ჟორდანიას კი არა, ლანჩხუთს ვეხმარებოდი, რადგან მას მშობლიურ მხარეში მხოლოდ სიყვარულის დასარიგებლად მოუწევდა გული, ჩვენ კი _ იგი გვჭირდებოდა „გურიასთვის“, მომავალი თაობისთვის, პროექტებისთვის… მოკლედ, ყველაფრისთვის!
ვთქვი, რომ მანამდე არ ვიცნობდი პირადად, მაგრამ ერთ შეხვედრაში იმდენად მომაჯადოვა მისმა გულწრფელმა, ალალმა სიყვარულმა ლანჩხუთისადმი, მისი და უფრო მეტად ჩვენი ქალაქის საქმისთვის ჯამაგირს ვერ ავიღებდი…
შესაბამისად, ეს არაა მადლიერება „რაღაც ვალდებულების“ გამო. არა, მერაბ ჟორდანიასთან ვალში ვარ მხოლოდ ერთადერთი რამისთვის: აქამდე არ მოგიყევით ეს ამბები და არ გითხარით, რომ არასდროს შემხვედრია ლანჩხუთის (და არამხოლოდ „გურიას“!) უფრო დიდი პატრიოტი, უფრო მეტად მოყვარული კაცი…
მამუკა ქანთარია



