ლანჩხუთელმა პოეტმა, ნანა ნანო შაინიძემ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ დის შვილიშვილს, 5 წლის ნიაკო დარჩიძეს ლექსი მიუძღვნა.
„ოთხი დღე გედექი საპატიო ყარაულში, ჩემო ნიაკო, ჩემო პატარა ანგელოზო… ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მოდიოდა ზღვა ხალხი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ანგელოზის სანახავად, უკანასკნელ გზაზე რომ გაეცილებინე…
და მე ვნახე – როგორ ემშვიდობებოდა ორი ანგელოზი (ნიას და-ძმა _ ემილი და დათუნა) ერთ ანგელოზს. უცოდველ ცრემლებს პაწია ნიკაპებზე უსკვნიდნენ გზას და ვერახსნილ და ვერგაგებულ ტკივილს სტიროდნენ…
როგორი მტკივნეული და ამავდროულად როგორი ამაღელვებელი იყო სამი ანგელოზის ერთად ხილვა…“ _ წერს ნანა სოციალურ ქსელში.
პატარა ანგელოზის, ნიაკოს ხსოვნას!
ნათელო სხივო ამქვეყნიურო,
მერცხალო, მტრედო, ჩვენო ბეღურავ,
დარდად ქცეულო – ყოველდღიურო,
ბედმა რა ცუდად, ცუდად გვეხუმრა!
თვალებში გედგა დილა ჯერ კიდევ,
მზესავით თბილი გქონდა სიცილი,
მაგრამ ცამ ადრე მოგხურა რიდე,
ჩვენს და შენს შორის ჩადგა სიკვდილი…
ვეღარ გადაშლი პატარა ხელებს,
ჩასახუტებლად ვეღარ მოირბენ,
წვიმა დანამას სამარეს, ველებს,
და შენ გვირილის გვირგვინს მოირგებ.
თვალებხატულავ, ჩემო ხმათაფლავ,
ბავშვურ ჭიკჭიკს ვეღარ გავიგებთ.
გეჩურჩულებით შვილო ხმადაბლა,
ბოდიში – სიკვდილს ვერ აგარიდეთ!
ცის ვარსკვლავი ხარ ახლა, ნიაკო,
ანგელოზებთან ბინა დაიდე,
მიუალერსე საფლავს ნიავო,
ქარიშხალი და სეტყვა არიდე.
ჩვენ კი მიწაზე ვილოცებთ შენთვის,
და სიყვარულით გვემახსოვრები,
ცრემლები ჩვენი ლამის ზღავს ერთვის,
შენ კი გაგვიხდი ზეცის მცხოვრები.
დედა და მამა რით ვანუგეშოთ,
სულ ყურადღებით იყვნენ, არადა…
რას ვიფიქრებდით, რას ვიფიქრებდით –
სახლში თუ გვედო – „მკვლელი კარადა!“
თუმცა, ეს შენი ყოფილა ბედი,
საბედისწერო იყავი ჩემო…
უკანასკნელად გაკოცე, ბები,
გადრაცვლილსაც კი – გჩემობ და გჩემობ!
მშვიდობით, ჩვენო პატარა… სამუდამოდ ჩვენს გულებში დარჩები…
გულგაგლეჯილი შენი ნანაბებია…
ასევე წაიკითხეთ: „ყველაზე მძიმე ორშაბათი – ნიაკოს გარეშე… მაგრამ მუდამ ჩვენს გულებში“ _ გურიაში ტრაგედია დატრიალდა: უბედური შემთხვევის შედეგად, 5 წლის გოგონა გარდაიცვალა




