შუხუთის ლელობურთის შესახებ გადაღებული ,,ლელოს შემობრუნება“ სადიპლომო ფილმი იყო, რომელზეც მუშაობა ირაკლი მახარაძემ და პაატა ტაბაღუამ ,,ქართულ ტელეფილმში“ 1984 წელს დაასრულეს. ფილმის სცენარისტი, სამხატვრო ხელმძღვანელი და ,,ლოკომოტივი“ ცნობილი რეჟისორი ლერი სიხარულიძე გახლდათ.
„ფილმი დასრულდა, რუსულ ტექსტს ბრწყინვალედ კითხულობდა კოტე მახარაძე და ჩასაბარებლად და ,,დაბროს“ მისაღებად მოსკოვის ოსტანკინოში ჩავედით, ეს 1985 წელია, საბჭოთა კავშირშიმშრალი კანონი“ რომ გამოაცხადეს. ფილმის სცენარს და დასრულებულ ფილმს კი აუცილებლად ამტკიცებდა მოსკოვი. დაიწყო ფილმის ჩვენება, ეკრანზე გურულების ,,ღლეტა“ მიდის და უცებ მესმის ჩემს უკან ორი რუსი რედაქტორის საუბარი: თუ ეს ქართველები ასე თამაშობენ ბურთს, მაშინ წარმოგიდგენია როგორ იომებენ? ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფილმი დაიწუნეს და რამდენიმე წელი თაროზე შემოდეს. საბაბად ის გამოიყენეს, რომ ფილმში ნამეტნავად ბევრს სვამენო, ეს კი მიუღებელიაო“ _ წლების წინ, „გურია ნიუსთან“ საუბარში გაიხსენა ირაკლი მახარაძემ.
რა არის ლელოს შემობრუნება? შუხუთელი ლელობურთელის, გიგა აფხაძის დღიურიდან:
„ლელოს შემობრუნება“ ჩვენში დამკვიდრებული ტერმინია. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ამის მომსწრე და თანამონაწილე მეც ვყოფილვარ ორ-სამჯერ, ბოლო ოცდახუთწლიან პერიოდში. ლელოს შემობრუნებაა, როცა მოწინააღმდეგის უკიდურეს მხარეს არის ბურთი მისული, მეორე მხარეს ხელი უკვე ჩაქნეული აქვს და ჰგონია, რომ წაგებულია.
ამ დროს კი, შეიძლება მომენტალურად მოხდეს რომელიმე მოთამაშის მიერ ბურთის „მოპარვა“. ამას, როგორც წესი ის მოთამაშე ახერხებს, ვინც შედარებით დასვენებულია, ან სხვებზე ბევრად ძლიერი. იმდენად დიდია ენთუზიაზმი მოთამაშეებისაც და მაყურებლებისაც, აქაურებისაც და სტუმრებისაც, რომ ხელდახელ ყველა ეხმარება უკვე იმ მხარეს, ვინც ბურთს „მოიპარავს“ ლელოს შემობრუნება ხდება უკიდურესი ადგილიდან საპირისპირო მხარეს.
მახსოვს, 2002 წელს, უკვე თითქმის ღელის პირას ვიყავით მისულები, ზემოურების მხარეს და მოხდა ასეთი „ლელოს შემობრუნება“.
ბაბუაჩემსაც მოუყოლია: აღდგომა დღეს ვსვამდით სახლში მე და ბესიე დოლიძეო. ბესარიონ დოლიძე ლომივით კაცი იყო, რომ იტყვიან. ახმახი, რომელიც იმდენად დინჯი იყო, თითქმის არ ლაპარაკობდა თურმე. თუმცა ბაბუაჩემმა ისიც თქვა, რომ დათვრებოდა, ახალგაზრდობაში, „დავამბით“ ერთი-ორჯერო. იმდენად ძლიერი იყო, ვერ იოკებდა ძალას და ვერ კავდებოდაო. ჰოდა, ერთხელაც, ვისხედით და ვსვამდითო: მამაჩემი, ბიძაჩემი, ბესიე და მეო. ვიღაცამ ამბავი ამოიტანა, ზემოურებს მიაქვს ბურთიო, იქითაა უკვე, ღელესთანაა მიტანილიო. ავდექით და ჩამოვედით ჩვენ, ოთხი კაცი, მეხუთე მოთამაშეს არ მახსოვს, ვის ამბობდა. ჩამოვედით ჩვენ და იმდენი ვქენით, ლელო შემოვაბრუნეთ და წამოვიღეთ მეორე მხარესო“.
ასევე წაიკითხეთ: „ბურთის წართმევა მოინდომა და კისერში ვუკბინეო… დაგექცა ოჯახიო, არც ლელო მინდა და არც შენი ბურთიო!“ _ ლელობურთელის დღიური




