[ექსკლუზივი] ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ცნობილი ექიმი დავით ურუშაძე კენჭს „კონსერვატორებიდან“ იყრის… ყოფილი გამგებელი საკრებულოს უმიზნებს!

|

Loading

ფოტოკოლაჟი | დავით ურუშაძე და გია გოთუა

ლანჩხუთის საკრებულოში მოხვედრას ეცდება პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“, რომელსაც „ალტ-ინფოს“ ადგილობრივი ლიდერი გია გოთუა უდგას სათავეში. ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი და ბიზნესმენი კენჭს ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის.

მოგეხსენებათ, ქალაქი ორ მაჟორიტარს ირჩევს _ გოთუას კონკურენტები იქნებიან მოქმედი მაჟორიტარი კახა კვიტაიშვილი „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს წევრი გოჩა ჯანაშია „ძლიერი საქართველო – ლელოდან“. მეორე მაჟორიტარობისთვის კი „ქართული ოცნებიდან“ ვანო ებრალიძე და „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატი ვალიკო (ალეკო) მგელაძე იბრძოლებენ.

„გურია თუდეის“ ინფორმაცია, რომ „კონსერვატორების“ პარტიული სიის მეორე ნომერი ექიმი დავით ურუშაძე იქნება, პარტიის ლიდერმა დაგვიდასტურა. ამასთან, გია გოთუამ უარყო ცნობა, თითქოს მასვე ქალაქის მაჟორიტარობა შესთავაზეს. „ამდენი არ დავავალეთ და არ ვაწვალეთ დათო ექიმი“ _ გვითხრა ყოფილმა გამგებელმა და ბიზნესმენმა, რომელიც ბოლო წლებში „ალტ-ინფოს“ ადგილობრივ ოფისს ხელმძღვანელობს.

დიდი ვარაუდია, რომ ამაზე უარი თავად დავით ურუშაძემ თქვა, თორემ პარტიის ინტერესი ნამდვილად უნდა ყოფილიყო მისი კანდიდატობა _ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე და უსაყვარლესი ექიმი საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და საარჩევნო მარათონში უკონკურენტო თუ არა, ფავორიტი მაინც იქნებოდა.

როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, ისინი არ აპირებენ ფიქტიური კანდიდატების დაყენებას მაჟორიტარებად: „მხოლოდ ისეთ მაჟორიტარულ უბნებში დავაყენებთ კანდიდატურას, სადაც წარმატების შანსი გვექნება, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია სუფსა“ _ აცხადებს გია გოთუა, ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერიცაა.