„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ექს-თავმჯდომარე კახა ურუშაძე „გირჩის“ პარტიული სიის მეორე ნომერი იქნება და ასევე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს მშობლიურ მამათის თემში.
ჩვენ ვწერდით, რომ ურუშაძე დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მიზეზი მისი პარტიულობა გახდა _ იგი დღემდე „ქართული ოცნების“ წევრი იყო. კულუარული ინფორმაციით, მას მამათში კენჭისყრა თავიდან სახელისუფლებო გუნდმა შესთავაზა, ამბობდნენ, რომ ლანჩხუთის მერი და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სარიშვილიც თანახმა იყო, თუმცა ბოლო მომენტში მმმართველმა პარტიამ კანდიდატად მერის წარმომადგენელი გელა პატეიშვილი დაასახელა.

მარცხნიდან: ჯუმბერ ბლაგიძე, კახა ურუშაძე, ალექსანდრე სარიშვილი | ლანჩხუთის საკრებულოს წევრები, 2015 წ.
ამის შემდეგ გადაწყვიტა კახა ურუშაძემ დამოუკიდებლად კენჭისყრა, თუმცა როგორც ვთქვით, უარი უთხრეს და საკრებულოში მოსახვედრად უკვე „გირჩის“ სახელით იბრძოლებს.
„გურია თუდეი“ კახა ურუშაძეს დაუკავშირდა:
_ კახა, რამდენად სიმართლეა, რომ „გირჩის“ სახელით იბრძოლებ მაჟორიტარობისთვის და ასევე იქნები პარტიული სიის მეორე ნომერი?
_ დიახ, გიდასტურებთ.
_ რატომ არ დაგარეგისტრირეს დამოუკიდებელ კანდიდატად, რისი ბრალია – შეგეშალათ თუ „გაგიჩალიჩეს“?
_ (იცინის) ვერაფერს გეტყვით, ალბათ, უფრო უცოდინარობის… ადრე ყველას შეეძლო დამოუკიდებლად კენჭისყრა და ახლა ამბობენ, დამოუკიდებელი კანდიდატი არ შეიძლება იყოს პარტიის წევრი.
_ თქვენ „ქართული ოცნების“ წევრი იყავით?
_ დიახ.
_ დატოვეთ პარტია?
_ დიახ.
_ გვაქვს ინფორმაცია, რომ შემოთავაზება იყო მმართველი პარტიისგანაც.
_ კი, იყო ასეთი შემოთავაზება და შემდეგ შეიცვალა რატომღაც.
ცნობისთვის, კახა ურუშაძე მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას წინა ადგილობრივი არჩევნების დროსაც აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა. მაშინ ითქვა, რომ ზეწოლა მოახდინეს მის ძმაზე, ლანჩხუთის ყოფილ გამგებელ (2013-17 წლებში) ზაზა ურუშაძეზე, რაც „გურია თუდეისთან“ საუბარში ამ უკანასკნელმა უარყო.
მამუკა ქანთარია




