„გურია თუდეის“ ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო, ლანჩხუთის ხელისუფლება შუხუთში ტრადიციულ ლელობურთს არ ჩაატარებდა, მერიამ ეს ოფიციალურად დაადასტურა.
„12 აპრილს, აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ შუხუთის მოსახლეობის ინიციატივით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, გარდაცვალებისა და მისი ხსოვნის პატივსაცემად ტრადიციული ლელობურთი არ გაიმართება. გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ვეღარ მოხდება დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების უზრუნველყოფა. თუმცა მოსახლეობის ჩართულობით ტრადიციულად შეიკერება ბურთი, შემდეგ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამღვდელოება აღავლენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს. მობრძანდით, ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია და ასევე პატივი მივაგოთ ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, ჩვენი ერთობლივი ლოცვით!“ _ ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ კვირას, 16:00 საათიდან დაიწყება ბურთის შეკერვა, ხოლო ერთ საათში, წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ასევე წაიკითხეთ: „გურია თუდეის“ ინფორმირებული წყარო: შუხუთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული _ ლელობურთი წელს არ ჩატარდება




