„გურია თუდეი“ წერდა, რომ „ლანჩხუთობაზე“ მოწვეული ავტორ-შემსრულებლებიდან „გუგლის“ საძიებოს სისტემაშიც კი არ იძებნებოდა ალიკა სამუშია. დიდი ალბათობით, იგი მომღერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა დიჯეი, რომელიც თავისი შერჩეული რეპერტუარით, სახალხო ზეიმის ბოლო საათნახევარი ართობდა ლანჩხუთელებს და ქალაქის სტუმრებს.
ასევე წაიკითხეთ: „ლანჩხუთობის“ კონცერტი 43 ათასი ლარი დაჯდება „MIX2RA“ 20 ათასად გვიმღერებს, „DODONA&West Fire“ 18 ათასს ითხოვს… და ვინ არის ალიკა სამუშია?
როგორც ჩანს, გაურკვევლობა იმან გამოიწვია, რომ „ალექს სტუდიო საუნდ“ ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით ოპერირებს და დოკუმენტებზე ხელმომწერი პირი ალიკა სამუშიაა, რითაც, როგორც ვთქვით, იგი საძიებო სისტემაში არ იძებნება.
რაც შეეხება „ალექს სტუდიო საუნდ“, ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში ცნობილი კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს: სცენის კონსტრუქციას, საუნდ სისტემას, სასცენო განათებასა და ლედ ეკრანს. ანუ მუსიკალურ პროექტების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახდენს. კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ათეულობით ვიდეოა, რომლის ტექნიკური უზრუნველყოფა, სავარაუდოდ, „ალექს სტუდიო საუნდ“-მა განახორციელა.
„გურია თუდეიმ“ ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში უთხრეს, რომ ალიკა სამუშია სახალხო ზეიმის გასართობ ნაწილში დიჯეის ფუნქციებს ასრულებდა და ტექნიკური უზრუნველყოფაც მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს, „ლანჩხუთობაზე“ ასევე მოწვეულები იყვნენ ჯგუფები – „MIX2RA“ და „DODONA & West Fire“, ხოლო „ალექს სტუდიო საუნდის“, იგივე ალიკა სამუშიას მომსახურება 5 ათასი ლარი დაჯდა.




