2 აგვისტო, 2025 წ. | პრიშტინა, სტადიონი „ფადილ ვოკრი“ | ლანჩხუთი 2:1 კლიფტონვილი
1:0 წიქარიძე (55), 2:0 სულაშვილი (56), 2:1 მაგე (90)
ლანჩხუთი (4-4-2): გაბუნია – ჰირჩიცი (71. ჭიჭინაძე), მურილო, მატვეევა, ჩხარტიშვილი – ტელეს ორტისი (83. გუჯაბიძე), წულაია (83. დიმოპულუ), რასელი, კამარგო – სულაშვილი (67. სმიტ პაუელი), წიქარიძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე
გუშინ, საღამოს 9-დან მთელი ლანჩხუთის ყურადღება კოსოვოს მთავარ ქალაქ პრიშტინასკენ იყო მიმართული _ ჩვენი ციცები ხომ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედ იღებდნენ სტარტს.
სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვეთ მატჩის რეპორტაჟის ლინკი, რასაც ითხოვდა ასეულობით ადამიანი ჩვენს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე.
სამაგიეროდ, „გურია თუდეი“ ოპერატიულად აწვდიდა მკითხველს ცნობებს სტადიონ „ფადილ ვოკრიზე“ მომხდარ მნიშვნელოვან ამბებზე.
„ლანჩხუთმა“ შეხვედრა 4-4-2 სქემით დაიწყო. კარს ეროვნული ნაკრების მეკარე თათია გაბუნია იცავდა. ერთ-ერთი ლიდერის, მარიამ კალანდაძის გუნდიდან წასვლის გამო, გურულთა თავკაცი გიორგი ჩხაიძე იძულებული გახდა, დაცვაში დაეყენებინა გამოცდილი შემტევი ტატა მატვეევა, გუნდის კაპიტან ნინო ჩხარტიშვილთან და ლეგიონერებთან _ პალინა ჰირჩიცთან და მარია მურილოსთან ერთად. გურულების შუა ხაზში ანი ტელეს-ორტისი, ჰანა რასელი, ანა წულაია და გაბრიელა კამარგო გამწესდნენ, ხოლო შეტევაში _ ეთერ სულაშვილი და ანანო წიქარიძე.
„ლანჩხუთის“ ძენგას მეტსახელით ცნობილი თავკაცის შერჩეულმა შემადგენლობამ აშკარად გაამართლა _ გამოცდილმა მატვეევამ უკანა ხაზი გააძლიერა, ხოლო წინ გამწესებულმა ორივე შემტევმა გოლის გატანა მოახერხა. აქედან წიქარიძე მხოლოდ 16 წლისაა და მწვრთნელი მას ენდო…
ერთი წუთი ეყოთ გურულებს ორი გოლის გასატანად, უბრალოდ, ოქმში 55-ე და 56-ე წუთები დაფიქსირდა _ ჯერ წიქარიძემ (ქართველთაგან ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდამ ჩემპიონთა ლიგაზე) გაიტანა, მერე სულაშვილმა.

„ლანჩხუთი“ ზეიმობს… | ფოტო „ფადილ ვოკრის“ გასახდელიდან
იქვე „სულას“ სულაც სასწაულის მოხდენა შეეძლო _ მისი „გასროლა“ ჩრდილოირლანდიელთა მეკარეს სასწაულებრივად რომ არ უკუეგდო, 2 წუთში 3 გოლს მიითვლიდნენ ციცები.
გოლებამდე უპირატესობას გურულები ფლობდნენ და ორბურთიანი ფორა ლოგიკური იყო, მაგრამ სულაშვილის იძულებითი შეცვლის შემდეგ, შანსები „კლიფტონვილმაც“ მიიღო, თუმცა ოდენ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა, ისიც – ბოლო, 90-ე წუთზე.
ერთხელაც გუნდი გაბუნიამ გადაარჩინა და… „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის დაწერას განაგრძობს.
მეოთხე შეხვედრა მოიგეს ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე გურულებმა და ისიც გავიხსენოთ, რომ 2020 წელს მათ პირველებმა მოახერხეს საქართველოდან მთავარი ევროტურნირის ფინალურ სტადიაზე გასვლა. მას შემდეგაც სხვა ვერცერთმა ქართულმა კლუბმა (მათ შორის, კაცების) ეს ვერ მოახერხა.
ახლა კი, „ლანჩხუთი“ საქართველოს ერთადერთი იმედი და შემორჩენილი გუნდია ევროსარბიელზე _ ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის პრესტიჟი სწორედ გურული ქალი ფეხბურთელების წარმატებაზე ჰკიდია…
მათე გურული
ასევე წაიკითეთ: „საქართველოდან ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ევროტურნირებს შემოვრჩით, რაც ჩვენს პასუხისმგებლობას ზრდის“ – ექსკლუზიური ინტერვიუ გურულების წარმატების მთავარ შემოქმედთან https://shorturl.at/mjGKq


