გურიის საპატრულო პოლიციის ყოფილი ოფიცერი მეგობართან ერთად თაღლითობის ბრალდებით დააკავეს _ ქალი ამბობს, რომ მათ ნასესხები 6 500$ და 30 000 ლარი არ დაუბრუნეს

|

Loading

ოზურგეთის პოლიციის შენობა

გურიის საპატრულო პოლიციის ყოფილი ოფიცერი ბ. ფ. თაღლითობის ბრალდებითაა დაკავებული. ამის შესახებ წერს „გურიის მოამბე“.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მამაკაცი სოციალურ ქსელში ბიზნესმენად გაეცნო, მოგვიანებით კი სხვადასხვა მიზეზით მისგან თანხა ისესხეს. დაზარალებული ამბობს, რომ მათ დასახმარებლად ჯერ 6 500 დოლარი, შემდეგ კი სესხით აღებული 30 000 ლარი გადასცა, თუმცა ფული აღარ დაუბრუნეს და თანხის მოთხოვნის შემდეგ ვითარება დაიძაბა.

„TV-პირველთან“ საუბარში დაკავებული პოლიციელის მამა ამბობს, რომ მისი შვილი დანაშაულს არ აღიარებს, რადგან “არაფერი ჩაუდენია”. მისი თქმით, საქმეში მხოლოდ ის დევს, რომ თანხის გადასარიცხად მისი შვილის ანგარიში გამოიყენეს.

„თაღლითობაში სდებენ ბრალს. მე საიდან ვიცნობ (მეორეს). არ გაუკეთებია (ბექას) და რას აღიარებს? რაში უნდა მიეღო მონაწილეობა? ვიღაცამ ვიღაცისგან ისესხა ფული, ქალისგან ისესხა კაცმა ფული და ამის კარტაზეა ჩარიცხული და მერე გადარიცხული იმ კაცთან“ – ამბობს დაკავებულია მამა.

ირკვევა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც საქმეზე სამართლებრივი დავა დაიწყო, სამართალდამცველმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.