მან ლამპის შუქზე შექმნა „ლანჩხუთი პლუსი“ – ამბისა და სინათლის გაზეთი… დღეს ლეგენდარულ რედაქტორს, ქეთევან ნაკაშიძეს 80 წელი შეუსრულდებოდა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ქეთევან ნაკაშიძე, „ლანჩხუთი plus“-ის ლოგო

დღეს ქეთევან ნაკაშიძე 80 წლის გახდებოდა…

„ლანჩხუთი პლუსის“ ლეგენდარული რედაქტორი, რომელმაც ყველაზე რთულ დროს, ფაქტობრივად, ლამპის შუქზე შექმნა გაზეთი, რომელსაც მხოლოდ ამბები კი არ უნდა მოეტანა, არამედ იმედიც, სითბოც და სინათლეც.

ასე გაჩნდა გაზეთი, რომელიც თავისი დროის ლანჩხუთის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ქეთევან ნაკაშიძემ ნახევარი საუკუნე მიუძღვნა საგაზეთო საქმეს. 50 წელი იდგა სიტყვის სამსახურში, წერდა, ეძებდა, იკვლევდა, აფასებდა და თავისი კალმით ქმნიდა იმდროინდელი ლანჩხუთის მატიანეს.

მისი კალამი ანგარიშგასაწევი იყო. მის სიტყვას ფასი ჰქონდა, მის პოზიციას – წონა. ათწლეულების განმავლობაში ის არა მხოლოდ აშუქებდა ლანჩხუთის ცხოვრებას, არამედ თავადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ამ ცხოვრებაში. იცნობდა ადამიანებს, მათ სიხარულსა და ტკივილს, ქალაქისა და რაიონის დიდსა თუ პატარა ამბებს.

იყო დრო, როცა გაზეთი ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი იყო, როცა დაბეჭდილ სიტყვას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. ქეთევან ნაკაშიძე სწორედ იმ სიტყვის ადამიანი გახლდათ – პრინციპული, ერთგული და თავისი საქმისთვის თავდადებული.

დღეს, როცა ის 80 წლის გახდებოდა, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს ლანჩხუთში სინათლე აანთო…

ადამიანები მიდიან, მაგრამ მათ მიერ შექმნილი საქმე, დატოვებული კვალი და ნათქვამი სიტყვა რჩება.

ქეთევან ნაკაშიძის სახელიც და „ლანჩხუთი პლუსის“ ისტორიაც ლანჩხუთის მეხსიერების ნაწილია…