„ლანჩხუთი“ ვრცელი წერილით გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართვას სადისციპლინო კომიტეტისადმი, სადაც სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის მომდევნო სეზონის მატჩებში პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას ითხოვს. იგივე სასჯელით დასჯას უპირებს ფედერაცია „ლანჩხუთსა“ და ფეხბურთელებს, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 წევრია.
„ამ მოთხოვნის მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, მისი სამართლებრივი საფუძველიც სერიოზულ კითხვებს აჩენს. ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, ჩემპიონატის მატჩის მიტოვებისა და გაგრძელებაზე უარის თქმისთვის გათვალისწინებულია მატჩში წაგების ჩათვლა და ფინანსური ჯარიმა. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს არც კლუბის და, მით უმეტეს, არც ფეხბურთელების დისკვალიფიკაციას და არც 24 თვიანი საგამოცდო ვადის დაწესებას.
მიუხედავად ამისა, ფედერაცია ცდილობს გამოიყენოს სრულიად სხვა დარღვევისთვის განკუთვნილი ნორმა და მოითხოვოს სანქცია, რომელსაც შესაბამისი მუხლი არ ითვალისწინებს. როგორც ჩანს, ფედერაციისთვის ამ სამართლებრივ განსხვავებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვციტირებთ ფედერაციის საჩივარს: „ფედერაციისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე მოხდება პასუხისმგებლობის დაკისრება…“ _ წერს „ლანჩხუთი“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
კლუბი აღნიშნულ საჩივარს განიხილავს, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კლუბსა და ფეხბურთელებზე ზეწოლის მცდელობას და აპირებს, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი სამართლებრივ მექანიზმი მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად:
„განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ნაცვლად ძალადობის ფაქტებზე სათანადო რეაგირების, პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა, ფედერაციის ძალისხმევა მიმართულია იმ კლუბისა და ფეხბურთელების დასჯისკენ, რომლებიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბრობენ.
იქმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ფედერაცია თავისი ქმედებებით ფაქტობრივად იცავს დარღვევებთან დაკავშირებული კლუბის ინტერესებს, ხოლო იმ კლუბის მიმართ, რომელიც ამ საკითხებზე საჯაროდ საუბრობს, მკაცრი სადისციპლინო სანქციების გამოყენებას ცდილობს.
კომიტეტის სხდომა დღეს, 27 ნოემბერს არის ჩანიშნული. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ გააგრძელებს საკუთარი ფეხბურთელების უფლებების დაცვას ყველა სამართლებრივი საშუალებით და არ დაუშვებს, რომ ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ საუბარი ფეხბურთელების დასჯისა და დაშინების საფუძვლად იქცეს!“ – წერს კლუბი.
ამ განცხადების გავრცელებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი მფლობელი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი დამნაშავედ ცნო 20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
რას არგუმენტებით ითხოვს სფფ „ლანჩხუთის“ დასჯას?
საჩივარი ვრცელია და ჩვენ მოკლედ და გასაგებად გეტყვით: მატჩზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის გუნდი გათამაშებიდან იხსნება, ხოლო მატჩის მიტოვებისთვის მას ტექნიკური წაგება, 0:3 ეთვლება. „ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსთან“ ორივე თამაში დაიწყო და პირველივე წუთზე მიატოვა.
ფედერაცია თავის საჩივარში თვლის, რომ კლუბის მხრიდან შეხვედრაში „ფორმალური მონაწილეობას“ აქვს ადგილი, რათა სანქციას აარიდოს თავს. თუმცა მიიჩნევს, რომ მატჩის მიტოვების განმეორება, კლუბის ფეისბუკის გვერდზე გაცხადებული უარი „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშებში მონაწილეობაზე არაა სპონტანური გადაწყვეტილება, დაგეგმილი პროტესტია და საჩივრის ავტორის აზრით, იგივე მატჩზე გამოუცხადებლობაა.
სფფ ამით ცდილობს დებულებაში არსებული ხარვეზი გაასწოროს, სადაც მინიშნებული არაა მატჩის განმეორებით მიტოვებაზე დამატებითი სანქცია, რაც სამართლებრივად ნიშნავს, რომ ყველა მიტოვებულ თამაშზე კლუბს 0:3 უნდა ჩაეთვალოს.
თუმცა თუ „ლანჩხუთს“ ორივე შემთხვევაში „გამოუცხადებლობა“ ჩაეთვლება, მაშინ მას უნდა დაეკისროს არა 24-თვიანი პირობითი დისკვალიფიკაცია, არამედ – გათამაშებიდან მოხსნა.
ცალკე საკითხია, რომ მატჩის მიტოვების გამოუცხადებლობად გადაკვალიფიცირება სამართლებრივად ძნელი დასაცავი იქნება, რამეთუ ეჭვგარეშეა, „ლანჩხუთის“ განცხადებაში ხსენებულ „ყველა სამართლებრივ მექანიზმში“ ფიფა-უეფასაც გულისხმობს.
ერთიცაა, საზოგადოებრივია აზრი აშკარად „ლანჩხუთის“ მხარესაა და ფეხბურთის ფედერაციისთვის იოლი არ იქნება, დასაჯოს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ქალთა კლუბი, რომელიც ერთადერთია საქართველოში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე რომ ითამაშა.
მით უმეტეს, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, როცა დადასტურდა, რომ პროტესტი „ლანჩხუთის“ ახირება არ იყო…
ასევე წაიკითხეთ: „ლანჩხუთის“ პროტესტის ფონზე, სააპელაციო სასამართლომ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილი მფლობელი 20 წლის ქალი ფეხბურთელის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო





