„სულ კალთები დაეგლიჯოთ, არიქა, „გადეიფიქრე“ და დაგვიბრუნდიო…“ _ მაგენს ხალხი მართლა აბდალი ხომ არ ჰგონიათ, ანუ კიდო ვის ჰყავს „ბაღანაი“ გასაზრდელი?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | მამუკა მდინარაძე გურულის ძეგლთან, სასკოლო ჩანთებით

ლანჩხუთელი ჟურნალისტი და შსს-ს დამსახურებული მუშაკი ლალი ლომაძე ეხმაურება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის წასვლას პოლიტიკიდან:

„მამუკა მდინარაძის უწყინარმა გადაწყვეტილებამ, დატოვოს პოლიტიკა და მეტი დრო ოჯახს მოახმაროს, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამონაკლისი არც ლანჩხუთი დარჩენილა. მით უფრო, პოლიტიკაზე ჭიპმიჭრილი გურულები ასეთ ფაქტს უკომენტაროდ ვერ და არც გაუშვებდნენ. მოკლედ დაიწყეს: ახლა გაახსენდა მამუკა მდინარაძეს „ბაღნები“ რომ ყავდა გასაზრდელი?!… იქ „ზევით“ მაგენს ხალხი მართლა აბდალი ხომ არ ჰგონიათ? რაღა ახლა მოუნდა ,,აბესალომის პარტიის” შესრულება, „არ მინდა ქალი ეთერი, მე სანადიროდ მივდივარ“ და სხვა მისთანები…

სხვათა შორის, ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი კომენტარებისგან გასაგები მიზეზების გამო ვუფრთხილდებით რა მკითხველის ნერვებს, შეძლებისდაგვარად შერბილებული ვარიანტით ვახდენთ ინფორმაციის მოწოდებას. ისეა თუ ასე, ფაქტი სახეზეა: თანამდებობა დატოვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა.

აქვე გვინდა დავძინოთ, რომ კულუარული ინფორმაციითაც კი არსად გაჟღერებულა, რომ მდინარაძე ჯანმრთელობას უჩიოდეს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ინტრიგას, რომელიც ფაქტობრივად დიდი პოლიტიკისათვის აგრერიგად არის დამახასიათებელი.
ჩვენი გადასახედიდან, არც ის ფაქტია მისაჩუმათებელი, რომ ბატონი მდინარაძე მთლად „ჩვენიანია“, ლანჩხუთელების სიძეა, მის მეუღლეს ჩიბათური ფესვები აქვს.

მოკლედ, ლანჩხუთელებმა „ზემოთ” სერიოზული დასაყრდენი დავკარგეთ. ღმერთმა ქნას, მოვლენები ისე განვითარებულიყოს, რომ მდინარაძისთვის სულ კალთები დაეგლიჯოთ, არიქა, „გადეიფიქრე“ და დაგვიბრუნდიო…“ _ წერს ლალი ლომაძე.

ცნობისთვის: მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ გუნდს ამის აუცილებლობა ექნება.