გურულების სტუმრობა 5 გოლია: შემოვიდნენ, ნახეს, გაიტანეს… მანამდე იყო მცველების გოლი და დათას დუბლი – ერთი, რა თქმა უნდა, ჯარიმიდან!

|

Loading

„გურიამ“ „ბეთლემთან“ გოლი 5-ჯერ იზეიმა | გელა პატარაიას ფოტო

„გურიამ“ ქობულეთში, ქედის „ბეთლემს“ 5:0 მოუგო და პირველ წრეში, ფოთში დაკარგული ქულებისთვის (0:0) შური იძია.

პირველი ტაიმი ლანჩხუთელებმა მხოლოდ მინიმალურად მოიგეს, გოლი მცველების გამოვიდა _ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ლევან კაკუბავამ გაჰკრა ფეხი, ზონა კი დავით მაისაშვილმა „ჩაკეტა“, 1:0 უკვე მე-14 წუთზე იყო.

მეორე ტაიმში უფრო ადრე გაიტანეს გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა _ ნოდარ იაშვილის პასი საგოლე გამოვიდა, დაგვირგვინება ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გუნდის მთავარმა მეგოლემ, დათა სიჭინავამ იკისრა.

მან მეორეც გაიტანა, ამჯერად მისთვის კარგად ნაცნობი სიტუაციიდან _ საჯარიმო დარტყმა აქცია გოლად, 3:0.

„გურია“ ლიდერს ისევ 5 ქულით ჩამორჩება, მდევრები ხვალ ერთმანეთს ეთამაშებიან

მერე „ოქროს შეცვლების“ დრო დადგა: კახა კახაბრიშვილს 11 და ვანო წილოსანს 13 წუთი ეყო გასატანად: პირველს ალექსანდრე ხუნდაძემ გაუკეთა გადაცემა, „წილომ“ კი საუკეთესო დრო გაიხსენა _ კონტრშეტევაზე მოფიქრალ მეტოქეს ბურთი მარტომ აართვა, კარამდე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და მეკარეც უშანსოდ დატოვა, 5:0.

გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაგრამ წილოსანი აშკარად მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

აქვე გეტყვით, რომ სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა მეკარე დავით იობაშვილს, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კი, „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ვალერი ოლხოვი დაბრუნდა.

„გურიამ“ ზედიზედ 3 თამაში მოიგო ისე, რომ 12 გოლი გაიტანა და ერთიც არ გაუშვია. წინა გასვლითი მატჩიც 5:0 მორჩა (თბილისის „მერანთან“), მაშინ სიჭინავამ დუბლი შეასრულა, ერთი კი, ჯარიმიდან გაიტანა.

მომდევნო შეხვედრას „გურია“ 3 სექტემბერს, ლანჩხუთში ერთ-ერთი მდევრის, „გონიოს“ წინააღმდეგ გამართავს. პირველი წრის მატჩი გურულებმა 2:0 მოიგეს.

27.08.2026 | ქობულეთი, საფეხბურთო ცენტრი | ბეთლემი 0:5 გურია

0:1 მაისაშვილი (14), 0:2, 0:3 სიჭინავა (56, 84), 0:4 კახაბრიშვილი (88), 0:5 წილოსანი (90)

გურია: იობაშვილი, მელიავა (77. წილოსანი), კაკუბავა, მაისაშვილი (83. გეგუჩაძე), იაშვილი, ნოზაძე, ხუნდაძე, ტაბატაძე (77. ოქროპირიძე), ჩაგანავა (83. ოლხოვი), სიჭინავა, კაპანაძე (77. კახაბრიშვილი)