ლანჩხუთის „გურიას“ თბილისის ოფისში მერაბ ჟორდანიას წიგნის – „მისი უდიდებულესობა ფეხბურთის“ პრეზენტაცია გაიმართა.
სფფ-ისა და „დინამოს“ ექს-პრეზიდენტმა წიგნი მშობლიური კლუბის წარმატებებს მიუძღვნა. ერთი ეპიზოდი 1989 წლის 9 აპრილის ავადსახენებელი მოვლენებიდან ლანჩხუთში ცსკა-სთან გამართულ შეხვედრას ეხება.
ის მატჩი „გურიამ“ 2:1 მოიგო და ორივე გოლი სწორედ ჟორდანიამ გაიტანა. „გურიას“ დირექტორატის ხელმძღვანელი წიგნს იმ თანაგუნდელებს უძღვნის, რომლებიც მაშინ გურული კლუბის ღირსებას იცავდნენ: მამუკა აბუსერიძეს, მერაბ თევზაძეს, ბადრი დანელიას, დავით ცომაიას, თემურ კაბისაშვილს, ბესიკ ფრიდონაშვილს, გია გურულს, ოთარ კორღლაიძეს, მერაბ კაციტაძეს, დავით უგრელიძეს, ავთანდილ ქანთარიას, გოჩა ტყებუჩავას, ბაგრატ ჩადუნელს, მწვრთნელებს: თემურ ჩხაიძესა და გიგლა იმნაძეს.
„და რა თქმა უნდა, წიგნს ასევე ვუძღვნი ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც თავის დროზე შექმნა და ჩვენამდე მოიყვანა „გურია“. უპირველესად, ევგრაფ შევარდნაძესა და მის გენიალურ გუნდს: შალვა კაკაბაძეს, იმედო დუნდუას, ბუტა ჟორდანიას, ნოშრე ნარიაშვილს, ბეგი სიხარულიძეს. ევგრაფ შევარდნაძის გარდაცვალების შემდეგ კი ალბერტ ლომაძეს, რომელმაც თავის თავზე აიღო გუნდის პატრონობა“ _ წერს მერაბ ჟორდანია თავის წიგნში.
მან წიგნის გამოცემა რამდენიმე წლის წინ დაანონსა და რამდენიმე ეპიზოდი მაშინ დაწერა. „გურია Today“-მ სწორედ მაშინ გამოაქვეყნა ის ეპიზოდი, რომელიც ლანჩხუთის კლუბს ეხება. წიგნში ასევე საუბარია ქართულ ფეხბურთის მნიშვნელოვან ამბებზე, რომლის დროსაც იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა.
„ამ ფაქტებისა და ეპიზოდების წიგნად გამოცემა „გურიას“ წარმატებას უკავშირდება. ეს გუნდი ჩემს ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა, „გურიას“ ფეხბურთელებმა იცოდნენ, რაოდენ დიდი გუნდის მაისურს ატარებენ. ვფიქრობ, ეს ფაქტები მათ დამატებით მოტივაციას მისცემს და, ჩემი აზრით, „გურიას“ სამომავლო წარმატების საწინდარი გახდება“, – განაცხადა მერაბ ჟორდანიამ წიგნის პრეზენტაციაზე, რომელსაც ცნობილი სახეები, მათ შორის ქართული ფეხბურთის ლეგენდები ესწრებოდნენ.



