„ლანჩხუთი“ 6:0-ს მხოლოდ „ბათუმს“ უგებს: ტატას ჰეთ თრიკი 21 წუთში და კიდევ 3 – ციცებმა გვიმბალაურში აჭარული იცეკვეს

|

Loading

„ლანჩხუთმა“ ამ სეზონში „ბათუმს“ 16 უპასუხო გოლი გაუტანა

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ფინალური ეტაპი მოგებით დაიწყო _ ციცებმა გვიმბალაურში „ბათუმს“ სეზონში მესამედ დიდი ანაგრიშით მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა განაცხადში 6 ისეთი მოთამაშე იყო, წინა წლებში გურული კლუბის ღირსება რომ დაუცავს და უმეტესობა მასთან ერთად ტიტულებსაც დაეუფლა.

ესენი არიან ორივე მეკარე _ მარიამ ჭრიკიშვილი და ლანა მჟავია, ასევე: მარიამ კაპანაძე, ნათია წოწერია, სალომი დიმოპულუ, ხოლო ხატია ჭყონია „ლანჩხუთის“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც ითვლება.

მატჩის დასაწყისშივე გახსნა ანგარიში ლიგის მთავარმა მეგოლემ _ ნათია დანელიამ მესამე წუთზე ლიზი მწყერაშვილის მოწოდებულ კუთხურს შეუშვირა თავი.

იგივე მეორე ტაიმის სტარტზე ნინო ბუხრიკიძემ შეძლო, როცა დანელიას პასი აქცია გოლად. მათ გოლებს შორის კი თავი ეთერ სულაშვილმაც გამოიჩინა, მან მწყერაშვილის დაწყებული შეტევა დააგვირგვინა _ აქ გამოსარჩევია ისევ დანელიას დიდებული საგოლე გადაცემა საკუთარი ნახევრიდან, ტეტ-ა-ტეტ რომ შეჰყარა თანაგუნდელი მეკარეს.

ჯამში „ლანჩხუთისა“ და ლიგის მომბარდირმა გოლის გარდა 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, ასევე 3 ასისტი დაუგროვდა მწყერაშვილს, მაგრამ…

მატჩის გმირი შეცვლაზე შესული ტატა მატვეევა გახდა (მასპინძელთა თავკაცს კი სამმაგი „ოქროს შეცვლა“ გამოუვიდა) _ 21 წუთში სამი გოლის გატანა მოახერხა: ერთხელ დანელიას ჭკვიანური პასით, ორჯერ კი მწყერაშვილმა გაატანინა.

საბოლოოდ, „ლანჩხუთმა“ გუნდმა 6:0 მოიგო.

„ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოს“ მხოლოდ ბურთების ბალანსით ჩამორჩება

ამავე ანგარიშით დასრულდა ამ გუნდების ბათუმური შეხვედრა, ხოლო წინა საშინაო პაექრობაში გიორგი ჩხაიძის შეგირდება აჭარლებს 4 უპასუხო გოლი აკმარეს.

ამ სეზონში 18 მოგებიდან, ციცებმა 14-ში დიდი ანგარიშით და „მშრალად“ გაიმარჯვეს: 4:0 კიდევ 5 შეხვედაში დაასრულეს, ხოლო 6:0 ორივეჯერ „ბათუმთან“ დაფიქსირდა.

ლანჩხუთელებს მომდევნო ტურში, 1-ელ სექტემბერს, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვთ თბილისში, მოქმედ ჩემპიონ „ნიკე-ლუსოსთან“.

მიმდინარე ჩემპიონატის დებულების მიხედვით, ფინალურ ეტაპზე მყოფილი 4 გუნდი ერთმანეთს 4-4-ჯერ შეხვდება. დიდი ალბათობით, სწორედ დედაქალაქელებსა და გურულებს შორის გამართული 4 შეხვედრა გადაწყვეტს ჩემპიონის ბედს.

26.08.26 | გვიმბალაური, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი | ლანჩხუთი 6:0 ბათუმი

1:0 დანელია (3), 2:0 სულაშვილი (34), 3:0 ბუხრიკიძე (49), 4:0, 5:0, 6:0 მატვეევა (71, 86, 90+2)

ლანჩხუთი: გაბელაია (63. თაბაგარი), ჩხარტიშილი, მურილო (46. სიჭინავა), ნარსია (63. გუჯაბიძე), რასელი, პასიკაშვილი, ჯოჯუა (63. მატვეევა), დანელია, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე, სულაშვილი