„რატომ გაამწარე შენი დედიკო, რომელმაც ობლები სიმწრით გაგზარდათ… იქ შენი მამიკო ჩაგიხუტებს გულში“ _ ლანჩხუთი მეოცნებე მზეჭაბუკს ემშვიდობება: „იქ, ღრუბლებს ზემოთ, მზესთან ახლოს დაივანებს, თავადაც მზის სადარი“

|

Loading

ლანჩხუთი ლევან ფირცხალაიშვილს დასტირის. გუშინ 22 წლის ახალგაზრდაზე მთელი საქართველო ლოცულობდა, მაგრამ სამწუხარო აღმოჩნდა რეალობა _ მისი ცხედარი ბათუმში ზღვისპირას იპოვნეს.

„ყველა დაგვამუნჯა ლევანის ტრაგედიამ. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, თანაც ასეთი ახალგაზრდა, ასეთი ჭკვიანი და კეთილი. არ არსებობს სიტყვები, ავხსნა, რასაც ახლა ვგრძნობ. სასტიკი და უმოწყალოა ეს სამყარო. როგორ დაუნდობლად ტკენს დედებს გულს. მთელი ღამე სამსახურში ყველა შესვენებაზე ვადევნებდი თვალს სოციალურ ქსელს. არ ვკარგავდი იმედს, რომ დედა რომელიც შვილს ეძებდა, ნახავდა. ვერც დღეს დავიძინე მთელი დღე. ყველა ნახევარ საათში გონება ფხიზლდებოდა და ტელეფონს ვხსნიდი ეგრევე, იქნებ და ნახეს-თქო, მეიმედებოდა. სამწუხაროდ, ნახეს მაგრამ გარდაცვლილი. გული გამეგლიჯა რადგან წარმოვიდგინე მისი დედიკოს მდგომარეობა… რატომ გაამწარე შენი დედიკო, რომელმაც ობლები სიმწრით გაგზარდათ“ _ წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

ახალგაზრად ნიჭიერ ბიჭს, რომელსაც ცხოვრება წინ ჰქონდა, ემოციურად ემშვიდობებიან მეგობრები, თანაკლასელები, მასწავლებლები, ნათესავები…

სულისშემძვრელია მამიდის სიტყვები:

„მამიდა, შენ მოგიკვდი, ეს რა დაგვემართა. სიკვდილო, რა გინდა ჩემ ოჯახთან, რას გადაეკიდე. ნეტა მე ვიყო, მამი, შენ ადგილას, ჩემო ვაჟკაცო. მთელი ცხოვრება წინ გქონდა, შვილო, გასკდა გული, ჩემო დახატულო ბიჭო. რა გიშველო, რით დაგეხმარო, რომ შეგიმსუბუქო ტკივილი, ჩემო პატარა. შენი მამიკო ჩაგიხუტებს გულში და მოგეფერება, მამი. უფალს ებარებოდე, შვილო. არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, ღმერთო, რატო ხდება ასე?“ _ წერს მაია ფირცხალაიშვილი.

ლანჩხუთელი მასწავლებელი ლელა გობრონიძე გარდაცვლილ ახალგაზრდას მეოცნებე მზეჭაბუკს ადარებს:

„მზეჭაბუკი… წყნარი, კეთილი, უბოროტო, ძალიან ნიჭიერი და… ფიქრებში ჩაძირული მეოცნებე ბიჭი იქ, ზემოთ, ღრუბლებს ზემოთ, მზესთან ახლოს დაივანებს, თავადაც მზის სადარი… სიტყვას რომ ვერ იპოვი, თავს ვერ მოუყრი სათქმელს, ვერც დედას და ვერც ახლობლებს რომ ვერ ანუგეშებ, ის ამბავია, ლევან! ყველას გაუგლიჯე გული. იძინე მშვიდად, უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი…“ _ წერს მასწავლებელი.

ლევანს ბოლო რამდენიმე დღე ვერ ეკონტაქტებოდნენ, გუშინ კი ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია.