ლანჩხუთის კოლორიტი სიკო გეგიაძე სოციალურ ქსელში, თავის ტრადიციულ რუბრიკაში _ „გურიაში გაგონილები“, მწარე სიმართლეს სარკასტულად გადმოცემს:
„საავადმყოფოში ჯობია გადაყვანაო, სასწრაფომ…
– ა, არა!! შეიცხადა ნოდარამ, – მეზობლის ქალი გადაიყვანეს ამასწინათ. სამი დღე ეძებდნენ თბილისიდან ჩამოსული შვილები და ხობის საავადმყოფოში აღმოაჩინესო…
ცნობისათვის: რაიონს, რომლის სამი მკვიდრი _ მენაღარიშვილი, ჯორბენაძე და ახლა სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრები იყვნენ და არის, არაფერს ვამბობ შევარდნაძეზე, საავადმყოფო არა აქვს!
სტადიონი რომ არა აქვს, ადრე ვწერდი…
სხვათა შორის, “გურიას” არ იყოს, ლანჩხუთელი ექიმებიც უმაღლეს სამედიცინო ლიგაში იყვნენ და არიან ტრადიციულად“ _ წერს „ფეისბუკის“ პირდა გვერდზე, სათაურადაც მწარე სიმართლე შეურჩევია: „ლანჩხუთის სინამდვილე“.
ცნობისთვის, სიკო გეგიაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და გამოირჩევა იუმორისტული სტატუსებით, რომელშიც უხვადაა მიმობნეული გურული გონებამახვილობა _ ზოგჯერ მხოლოდ გასართობი სახით, შიგადაშიგ _ რეალურ პრობლემებზე მწარე „ჩხვლეტებით“.
მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთში სამი კლინიკა ფუნქციონირებს, მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს პრეტენზიებს რიგი სერვისების არარსებობის გამო. პრობლემებს ქმნის ადგილზე ექიმების გრაფიკით ყოფნა, რაზეც აქაურები ხუმრობენ _ ფეხიც კი იმ დღეს უნდა მოიტეხო, როცა ტრავმატოლოგს მორიგეობა უწევსო.
ამ მწარე ხუმრობას საფუძველიც აქვს. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანილი ფეხმოტეხილი კაცის თანმხლებ პირებს გამოუცხადეს – ქირურგი გუშინ გვყავდა და კიდევ 2 დღეში გვეყოლებაო. ანუ ლოგიკურად ეს უთხრეს: თუ მკურნალობა გინდოდათ, გუშინ უნდა მოეტეხა ფეხიო…






