დღეს, კურორტ ბახმაროზე მიმდინარე დოღის დროს, ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველი წერს.
„მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და გოგონას დაეჯახა. თავი დაუზიანა. ჩოჩქოლმა წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ გააგრძელეო, უთხრეს და დოღიც გაგრძელდა. სასწრაფო ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან პარკისკენ 300 მეტრში მოხდა, ჩვენ ვერ ვხედავდით, რეალურად რა მოხდა. ვფიქრობდი, სასწრაფო რატომ არ გამოიძახეს-მეთქი და ამ დროს ვიღაც კაცი მორბოდა სასწაფოსკენ, თურმე მამა იყო, ექიმები მაშინვე ფეხით წავიდნენ, დოღი გრძელდებოდა, უცებ დავინახე გზიდან კი არა, მინდორ-მინდორ მოჰყავდა მამას ხელში აყვანილი ერთი ციცქნა გოგონა, რადგან გზაზე დოღი იყო, თმები სულ სველი ჰქონდა, იმდენი წყალი ასხეს, ეტყობა. ექიმები უკან მოსდევნდენ, დააწვინეს მანქანაში და მანამ იყო, სანამ დოღი არ დამთავრდა“ _ წერს მაკა კუტუბიძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.
„დოღი დამთავრდა, დაიძრა, ერთხანს წყალზე იყო გაჩერებული, მერე გიჟივით გავარდა, ცენტრალურ გზაზე მანქანების ესკორტმა შეუშალა ხელი, არც სირენა და არც პოლიციელების ხმები. ერთ ხანს იქ იყო გაჩერებული, რადგან მანქანები არ აძლევდა თავისუფლად წასვლის საშუალებას. პოლიციაც უძრავად იყო, ვითომ არაფერი, სიმღერები გაგრძელდა და გრძელდება. იცით? ბობოლების შვილი რომ ყოფილიყო, ატყდებოდა, მარა რა ატყდებოდა, მაგრამ ის ხომ თქვენი შვილი არ იყო. აი, ეს ხართ, თქვენ, ქართველების ერთი კატეგორია. ღმერთო, კარგად ამყოფე პატარა გოგონა, გევედრები, ღმერთო“ _ წერს თვითმხილველი.
მალევე მაკა კუპატაძემ იქვე პოსტის კომენტარებში სასიხარული ინფორმაცია გაავრცელა: „ის სასწრაფოს მანქანა დაბრუნდა და ბავშვი კარგადააო“.
განახლება
„გურია TV“-ის ინფორმაციით, დაშავებული ჩოხატაურის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ჩვენთან 7 წლის გოგონა შემოიყვანეს. მას აღენიშნება მცირე ნაკაწრები. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, თუმცა დამატებითი დაკვირვების მიზნით ხვალამდე კლინიკაში დარჩება“ – განუცხადა გამოცემას კლინიკის დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ.
შსს-მ მომხდარის გამო გამოძიება სსკ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.
მთავარი ფოტო ფეისბუკ-გვერდს „ბახმარო bakhmaro“ ეკუთვნის.





