გაისად 120 წელი შეუსრულდება ლანჩხუთური ფესვების მქონე პეტრე ამირანაშვილს – ქართველ მომღერალს, რომელმაც საოპერო ხელოვნებაში წარუშლელი კვალი დატოვა.
“მამაჩემი ოცნებობდა, სცენაზე ჩემი და მისი წარდგენისას ასე გამოეცხადებინათ – საქართველოს სახალხო არტისტები, პეტრე და მედეა ამირანაშვილები… მამა 1976 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა და მე კი ეს წოდება იმავე წლის 31 დეკემბერს მივიღე…
მამაჩემი გარდა იმისა, რომ ქართული ოპერის კაშკაშა ვარსკვლავი იყო, ფართო მაყურებელი უკვდავი ფილმიდან “ქეთო და კოტე” იცნობს, სადაც თავადი ლევანის როლს თამაშობს. როდესაც რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი ამ ფილმისთვის პერსონაჟს ეძებდა, სრულიად სხვა არტისტი ჰყავდა შერჩეული, მაგრამ მამა რომ გასინჯა, როლზე ულაპარაკოდ დაამტკიცა: კიდეც ითამაშებ და კიდეც იმღერებო. მოგეხსენებათ, ფილმი მუსიკალურია…
მამა საოცარი მომღერალი და არტისტი იყო. არაჩვეულებრივ გარეგნობასთან ერთად, ასეთივე ვოკალი, ხმა ჰქონდა. მის მურმანს, კიაზოს, რიგოლეტოს გრანდიოზული წარმატება ხვდა ყველგან.
ბევრს მოგზაურობდა გასტროლებით და ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა. საქართველოს მასშტაბით ტურნეები გამორჩეულად უყვარდა… ბავშვობა იმერეთში ჰქონდა გატარებული, რასაც ხშირად იგონებდა ხოლმე, – ერთხელ ვაშლის მოსაპარად ბავშვები ხეზე ასულან, პატრონის დანახვაზე ყველა გაქცეულა, ის ხეზე დარჩენილა. ვაშლის პატრონს წინადადება მიუცია – თუ იმღერებ, გაგიშვებო.
პეტრესაც უმღერია და პირდაპირ ხეზე მჯდომი, ვაშლით სავსე კალათით დაუსაჩუქრებიათ… სცენაზე მამის პარტნიორი ხშირად ვყოფილვარ, რაც მას ძალიან სიამოვნებდა და ეამაყებოდა კიდეც…
მაყურებელს ძალიან უყვარდა ის და სცენაზე ყოველთვის დიდი აჟიოტაჟით ხვდებოდნენ, მაგრამ “ქეთო და კოტემ” მაყურებლის გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა მოუტანა. ფილმში მეც ძალიან მომწონს მამა. შესანიშნავად ითამაშა…”
ესაა ნაწყვეტი ცნობილი საოპერო მომღერლის, მედეა ამირანაშვილის ერთ-ერთი ინტერვიუდან.
ქართველი მომღერალი (ბარიტონი) პეტრე ამირანაშვილი დაიბადა 1907 წლის 16 ნოემბერს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში.

პეტრე ამირანაშვილი | ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოკოლაჟი
1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი). იმავე წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.
ლანჩხუთში დაბადებულ მომღერალს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. მის შემოქმედებას ახასიათებს ეროვნული თვითმყოფობა, მგზნებარე ტემპერამენტი და ვოკალურ-დრამატული განსახიების სანიმუშო მთლიანობა.
მან ხელი შეუწყო ქართველ კომპოზიტორების ახალი ოპერების წარმატებას.
აღსანიშნავია მისი კაკო (ანდრიაშვილის „კაკო ყაცაღი“), ავთანდილი (მშველიძის „ამბავი ტარიელისა“, სახელმწიფო პრემია, 1947), გოჩა (აზმაიფარაშვილის „ხევისბერი გოჩა“) და განსაკუთრებით ჩალხია (თაქთაქიშვილის „მინდია“).
პეტრე ამირანაშვილის არტისტიზმი სრული ძალით გამოვლინდა არაქართულ ოპერებშიც, ევგენი ონეგინის (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), გრიაზნოის (რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), ამონასროს, რიგოლეტოს, დი-ლუნას, იაგოს (ვერდის „აიდა“, „რიგოლეტო“, „ტრუბადური“, „ოტელო“), ესკამილიოს (ბიზეს „კარმენი“), ფიგაროს (როსინის „სევილიელი დალაქი“), ტონიოს (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), სკარპიას (პუჩინის „ტოსკა“) და სხვა პარტიებში.
იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, მინსკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების საოპერო სცენებზე.
1962-1976 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. აქვე არსებობს ამირანაშვილის სახელობის სტიპენდია.
გადაღებულია კინოფილმში “ქეთო და კოტე” (თავადი ფანტიაშვილი, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი, 1948). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და 4 სხვა ორდენითა და მედლით.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა. დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში.




