რატომ მოუწია ბადრი ვადაჭკორიას გზიდან ჭანჭათში მობრუნება და უცნობი ისტორია მისი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობაზე

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ბადრი ვადაჭკორია, მის მიერ 2023 წელს ბიძინა ივანიშვილსითვის გადაღებული ფოტო და ჭანჭათის გზა

ლანჩხუთელებს, ალბათ, ყველაზე მეტად დაწყვიტა გული მუნიციპალიტეტის საამაყო წარმომადგენლის, გამოჩენილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას შესახებ სამწუხარო ინფორმაციამ. მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ სამძიმარს გამორჩეული ხელოვანის გარდაცვალების გამო.

ადგილობრივ ჟურნალისტს ლალი ლომაძეს მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა: „ბადრი ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. სკოლის ასაკში კი ასეთი სხვაობა თვალშისაცემია. თუმცა ამას ჩვენი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. ის ჩემი აწ გარდაცვლილი უსაყვარლესი და უმშვენიერესი ბიძაშვილის, ლელა ჯიჯიეშვილის თანაკლასელი და უახლოესი მეგობარი გახლდათ, ამიტომაც ხშირად მიწევდა მათ კამპანიაში ყოფნა. ასეთი ფესვები ჰქონდა ჩვენს ახლობლობას, რომელიც შემდგომ მეგობრობაში გადაიზარდა“ _ იხსენებს ქალბატონი ლალი და მეგობარს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება: „ჩვენ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ერთი კონკრეტული ოჯახი კი არა, მთლიანად საქართველო, შენი საყვარელი და სათაყვანებელი ქვეყანა დაზარალდა. შენი უბადლო ხელოვნებით ახერხებდი ისედაც თვალწარმტაცი მშობლიური მხარე მსოფლიოსთვის ისე გაგეცნო, რომ მისით არამარტო მოხიბლულიყო, არამედ, დაუსწრებლად შეყვარებოდა და მოწიწების გრძნობა გასჩენოდა მის მიმართ. ამისათვის კი, შენს ნიჭს და უნარს არ იშურებდი. დღენიადაგ ახლის ძიებაში ათენ-აღამებდი. მწამს და მჯერა, რომ სიკვდილი დასასრული არ არის, მეგობრობა არ კვდება“.

ლანჩხუთელი ჟურნალისტი ორ საინტერესო ისტორიას იხსენებს ბადრი ვადაჭკორიას ცხოვრებიდან. ერთ-ერთი მისი სოფელ ჭანჭათისადმი სიყვარულს უკავშირდება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მშობლიური მუნიციპალიტეტისადმი დამოკიდებულებას.

„რა დროც არ უნდა იყოს ან რა ამინდიც, არ შემიძლია, ჭანჭათი არ მოვინახულო.  მომხდარა ისეც, რომ ვერ მოვახერხე და თბილისში ისე გავემგზავრე, მაგრამ…  გზაში მივხვდი, რომ რაღაც მაგრად მაკლდა, უფრო მეტიც, გზის გაგრძელება ვერ შევძელი. ავდექი და მეც უკან დავბრუნდი. ჭანჭათში კი არ ავედი, ლამის ავფრინდი. იქიდან კი ბედნიერი და კმაყოფილი დავბრუნდი, რადგანაც ჩემი ჩვეული, რიტუალი შევასრულე.  ჭანჭათიდან ლანჩხუთს გადმოვხედე. კარგა ხანს გარინდული ვიყავი… შემდეგ კი ეიფორიაში მყოფმა გზა გავაგრძელე, თბილისამდე სულ ღიღინ-ღიღინით ვიმგზავრე. ეტყობა, რომ მშობლიურ ფესვებს, სხვა ძალა და მადლი აქვს. ღმერთმა არ მომიშალოს ჩემი ჭანჭათი!“ _ იხსენებს სახელგანთქმული ფოტოჟურნალისტის მონაყოლს ლალი ლომაძე.

 მეორე ამბავი კი ბადრი ვადაჭკორიასა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეგობრობას ეხება.

„მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყველასათვის ცნობილ მეცენატ ბიძინა ივანიშვილთან. უფრო მეტიც, ბატონი ბიძინა საჯარო სივრცეში ასეთ რამესაც კი ამბობდა: ბადრი ვადაჭკორია არის ისეთი ადამიანი, რომლის ვალის გადახდაც ვერ მოვახერხეო… საქმე კი შემდგომში მდგომარეობს: მათ ერთ პერიოდში მოუწიათ სტუდენტობის წლების გატარება. ამ დროისათვის კი ბადრი საკუთარი შრომით, ფოტოგრაფის რანგში ახერხებდა ჯიბის ფულის გამომუშავებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილსაც უნაწილებდა. ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ეს არ დავიწყებია, პირიქით, დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა. კიდევ მეტიც, თვლიდა, რომ ბადრის მიმართ ისეთი გადაუხდელი ვალი ჰქონდა, რომელიც დღემდე მოჰყვებოდა… მსგავსი „ვალი“ მართლაც გადაუხდელია, ,,სესხის აღების დროის’’ გათვალისწინებით. თუმცა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გამოხმაურება ბადრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმის საწინდარია, რომ ივანიშვილების ოჯახი ,,ვალის’’ შერჩენას არ აპირებს. ეს მადლიერების ჟესტია“ _ ამბობს ლალი ლომაძე.

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 18 აგვისტოს, თბილისში დაკრძალავენ.

ასევე წაიკითხეთ: „მაპატიოს ჩემმა თბილისმა, მაგრამ ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის უფრო მეტია…“ _ ჩვენს „გურულ ძამიკონას“, ბადრი ვადაჭკორიას ვემშვიდობებით