ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასკოლო ფორმების შეძენას ქ. ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.
ასევე ცნობილია, რომ სასკოლო ფორმის შეძენა ნაღდი ფულით არ მოხდება და მშობელმა საბანკო ბარათით უნდა მოახდინოს ღირებულების გადახდა. ასევე მას ფორმის შეძენა ონლაინაც შეიძლება.
როგორც ბიჭის, ასევე გოგოს პიჯაკის ღირებულება 50 ლარია, ხოლო შარვლის _ 25 ლარი. გოგონას მშობლები კაბასაც 25 ლარად შეიძენენ. ანუ ბიჭისთვის შეიძენენ ერთ პიჯაკისა და 2 შარვლის შესაძენად 95 ლარია საჭირო, ამ ფასად გოგოს მშობლები მიიღებენ თითო პიჯაკს, შარვალსა და კაბას.
სწორედ ასეთი რაოდენობით მიიღებენ ფორმას უფასოდ, წელიწადში ერთხელ, ის ბავშვები, რომლებზეც შეღავათები გავრცელდება. ესენი არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც:
_ რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
_ ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
_ განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
_ ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
_ განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
_ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

ასეთი იქნება ქართველი მოსწავლეების სასკოლო ფორმა
თუ მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში მოიპოვებს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს, მისმა მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. მოთხოვნა განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება 10 სამუშაო დღის ვადაში.
სასკოლო ფორმის მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი გადაცვლა ან დაბრუნება.
გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია, მათ შორის, ქარხნული წუნის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში. ამასთან, ნივთს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული სასაქონლო სახე, ეტიკეტი და სამომხმარებლო თვისებები და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.
ლანჩხუთში მშობლების ნაწილი კრიტიკულად შეხვდა სასკოლო ფორმის შემოღებას, როგორც ეს ქვეყნის მასშტაბითაც მოხდა. ისინი თვლიან, რომ როცა სკოლებში რემონტი გასაკეთებელია და ბევრი სკოლა ასაშენებელი, როცა ბავშვების ნაწილი სხვა სოფელში, მეორე ცვლაში სწავლობს, ფორმების საკითხი არ უნდა იყოს პრიორიტეტული. ამასთან, თვლიან, რომ ხარჯები გაეზრდებათ:
„ბავშვი ყველგან სასკოლო ფორმით ხომ ვერ ივლის, ცალკე ეს ფორმა უნდა ვუყიდოთ, ცალკე კი _ გამოსასვლელი ტანსაცმელი. აბა ცეკვაზე სკოლის ფორმითღ ხომ არ წავა? ან რა უბედურებაა ჩინური ფორმა, ადგილზე შეეკერათ. 45 ლარიანი ფორმა რა ხარისხის იქნება, ან ჩინური რა ვარგა?“ _ ამბობენ ისინი.
ერთ-ერთი მშობელი ხარისხზე აკეთებს აცენტს: „შესყიდვის ტექნიკური სპეციფიკაცია ხომ უნდა არსებობდეს ტენდერის დოკუმენტაციაში, სადაც უნდა გაეცეს მილიონი მშობლის კითხვას პასუხი? მაგალითად, რამდენი პროცენტი ბამბაა? რამდენი პოლიესტერია? რამდენად ქიმიურია? ფერის მდგრადობა როგორია? ვპოულობ შედეგს: 72% პოლიესტერი, 25% ვისკოზა (რეიონი) და 3% სპანდექსი იგივე ელასტინი. რა გამოდის? პიჯაკი , შარვალი და კაბა 72% პოლიესტერია? რაც არ უნდა ბუნებრივ მასალასთან იყოს შეთავსებული… ვინც ალერგიულია, რა ქნას იმან, ამოიხრჩოს? აღარ ისწავლოს ფორმის არტარების გამო? მე რომ ვიყიდო მსგავსი ნაჭერი ბამბა და იგივე შევუკერო ჩემს შვილს, ხომ არ „ვციმბირდები“ ამის გამო?“
„ჩემი შვილს მძიმე ფორმის ატოპიური დერმატიტი აქვს, სანამ შემადგენლობას არ წავიკითხავ, მანამდე არაფერს ვყიდულობ. კიდევ კარგი, მისი სკოლის ფორმა ბამბისგანაა, თორემ მაგას არაფრით არ ჩავავმევდი. ჩინური 45 ლარიანი ფორმა აბა რა იქნება, ერთი გარეცხვა“ _ ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
ჩვენ მათგან პოზიციის საჯაროდ გამოქვეყნების ნებართვა არ აგვიღია და ამიტომაც გვარ-სახელს არ ვწერთ.

ქართული სასკოლო ფორმის კერვის პროცესი ჩინურ საწარმოში
„გურია თუდეი“ გთავაზობთ იმ ძირითად კითხვებზე პასუხს, რომლებიც მშობლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ:
შეუძლია თუ არა მშობელს თავად შეუკეროს შვილს ფორმა?
შეუძლია, უბრალოდ, სასკოლო ფორმის დიზაინთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
რა მოხდება, თუ მოსწავლე ფორმის გარეშე მივა სკოლაში?
განათლების სამინისტროს განმარტებით, თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება „სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების“ მიხედვით, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით”.
ვინ თავისუფლდება სკოლაში ფორმის ჩაცმის ვალდებულებისგან?
მოსწავლეები, რომელთა ჯანმრთელობისთვისაც ფორმის ტარება მიზანშეწონილი არ არის.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ მოსწავლეებისთვის ფორმები შეიკერებოდა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სამკერვალოებში, ნაწილს კი პატიმარი ქალები შეკერავდნენ, რადგან ამ კოლეჯებიდან ერთ-ერთს ფილიალი („მოდუსი“) ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში აქვს.
თუმცა 2026 წლის ივნისში გაირკვა, რომ განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“. კომპანიას, რომელსაც ჩინეთში აქვს სამკერვალო, სამინისტრომ, ჯამში 1,8 მილიონი ფორმა შეუკვეთა და მათი ჯამური ფასი 45 მილიონზე მეტია.





