გამოვიდა ზოია ტუღუშის ახალი წიგნი _ „ნინოშვილის მუზეუმის ისტორიიდან“, რომელშიც ავტორი გურიის საამაყო მწერლის, ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმის ისტორიასა და ცხოვრებას მისთვის დამახასიათებელი სადა, დახვეწილი და გულწრფელი თხრობით აცნობს მკითხველს.
წიგნი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მასში თავმოყრილი უნიკალური, მათ შორის, აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტომასალითაც, რომელიც მუზეუმის წარსულს ახალ სიცოცხლეს სძენს და ძვირფას მოგონებებს მომავლისთვის ინახავს.
მორიგი უნიკალური ნაშრომის გამოცემისათვის საჭირო თანხის მობილიზებაში შეტანილი წვლილისთვის ავტორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგებს _ ნანა ჩხარტიშვილსა და ნანა ხომერიკი–მიქაბერიძეს; ნიგვზიანის საჯარო სკოლის მასწავლებლებს _ მიშა სურგულაძესა და რუსუდან მიმინოშვილს.
ასევე, თანადგომისა და შემოწირულობისთვის მადლიერებას იმსახურებენ ნინოშვილელები: ხათუნა ნაკაშიძე, ლალი იშხნელიძე, მედეა ჩხარტიშვილი, ნუნუ სვანიძე, თამარ გოგუაძე, გრამიტო ღლონტი, ირმა ლომაძე, დათო მიქაბერიძე; გულიანელი მასწავლებელი რუსუდან პაქსაძე; არჩეულელები: ირმა სარჯველაძე, ლია ბრეგვაძე და მარი ხანთაძე.
„მადლობას ვუხდი ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგებს, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის თანამშრომლებს, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სოფელ არჩეულის, ნიგვზიანის, ხაჯალიის მცხოვრებთ, რომელთა თანადგომის გარეშე აღნიშნული წიგნის პუბლიკაცია ვერ განხორციელდებოდა“, _ ამბობს ავტორი.

ზოია ტუღუშის ღვაწლი სცდება ერთი მუზეუმის ფარგლებს
„ნინოშვილის მუზეუმის ისტორიიდან“ ზოია ტუღუშის მიერ გამოცემული მე-12 წიგნია. იგი ასევე 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ძირითადად ეგნატე ნინოშვილის მუზეუმისა და გურული ლექსიკის კვლევასა და პოპულარიზაციას უკავშირდება.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი წიგნები: „მოგონებები ნინოშვილზე“ და „გურული დიალექტის ლექსიკონი“ _ საშვილიშვილო გამოცემები, რომლებიც მრავალი გურულისთვის სამაგიდო წიგნად იქცა.
გურულ ლექსიკონში თავმოყრილი და განმარტებულია 5 ათასზე მეტი გურული სიტყვა, რითაც ავტორმა ჩვენი კუთხის უნიკალური ენობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.
ზოია ტუღუშის ღვაწლი სცდება ერთი მუზეუმის ფარგლებს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა ეგნატე ნინოშვილის სახელის, მუზეუმისა და მთლიანად გურიის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას, შენარჩუნებასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება.
ამასთან, ზოია ტუღუში არის სამაგალითო მასწავლებელი და მოქალაქე. მისი საგაზეთო პუბლიკაციები სამშობლოსა და საკუთარი კუთხის კეთილდღეობის სურვილითაა გაჟღენთილი. ყოფილი მოსწავლეები კი მას წლების შემდეგაც განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ.
„გურია თუდეი“ ადგილობრივ ხელისუფლებას ზოია ტუღუშის ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელების წინადადებით მიმართავს. მიგვაჩნია, რომ იგი ამ წოდებისათვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
მისი მრავალწლიანი ღვაწლისა და დამსახურებების მიღმა დგას პიროვნება, რომლის მთავარი საზომი ადამიანობაა _ უაღრესად კეთილშობილი, ადამიანების მოყვარული და დამთმობი, თუმცა საკუთარ პრინციპებში მტკიცე და შეუვალი.
პირადი კეთილდღეობისთვის მას არასდროს არაფერი მოუთხოვია. მისი ყოველი სიტყვა და საქმე მხოლოდ მუზეუმის, ლანჩხუთისა და საქართველოს წინსვლის სურვილითაა ნასაზრდოები.
ვულოცავთ ჩვენი გაზეთისა და, მთლიანად, ლანჩხუთის დიდ მეგობარსა და გულშემატკივარს, მორიგი მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს _ ჩვენი პატარა გურიის ისტორიის, კულტურისა და უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის სამსახურში.
მამუკა ქანთარია, „გურია Today“-ის რედაქტორი






