ზესტაფონო, გშორდები _ „გურიამ“ „მარგვეთი“ ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა… ზედიზედ შვიდს იგებს და გოლს არ უშვებს: ასე ეროვნული ლიგა 2 განაღდებულია!

|

Loading

„გურიას“ ფეხბურთელები ზესტაფონში მოგებული მატჩის შემდეგ

„გურიამ“ ისევ დიდი ანგარიშით მოუგო „მარგვეთი 2006“-ს და ფაქტობრივად, გაინაღდა ეროვნული ლიგა 2-ის საგზური. უახლოეს კონკურენტ „იბერია 1999-2“-თან სხვაობა 12 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 7 შეხვედრაში გურულებს 4 წაგებაც კი ეპატიებათ.

ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ ქულებით დაწევას მოახერხებს ლანჩხუთელი დავით ხიტირის გაწვრთნილი დედაქალაქელები, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო, „გურია“ პლეი ოფის გარეშე დაწინაურდება.

ასეთი დიდი უპირატესობა გოჩა ტყებუჩავას გუნდის საოცარმა შედეგმა გამოიწვია: ბოლო შვიდივე შეხვედრა მოგებულია, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია, თავად კი 25 გაიტანა…

„გურია“ ყველაფერში ლიდერია!

ზესტაფონში კი, 4:0-ის მიუხედავად „გასეირნება“ არ ყოფილა. იმერლებს შანსები დასაწყისში მიეცათ, მაგრამ მალევე ლუკა ჩაგანავას გოლმა „ყველაფერი დაალაგა“. ლანჩხუთური შეხვედრის (5:0) დარად ისევ გაიტანეს თორნიკე კაპანაძემ და დათა სიჭინავამ. ისევ გაიტანა ახალწვულმა ლუკა შეროზიამ.

ახლა „გურია“ ყველაფერში ლიდერია _ ქულებით, მოგებათა რაოდენობით, გატანილი და გაშვებული გოლებით, მათი ბალანსით.

16 ოქტომბერს, „ევგრაფი შევარდნაძე“ მთავარ მატჩს უმასპინძლებს _ „გურია“ მთავარ მდევარ „თბილისი 2025“-ს შეხვდება. მოგება კიდევ უფრო ადრე გადაწყვეტს ზედა ლიგის საგზურის ბედს და პირველ ადგილზე გასვლასაც გაუნაღდებს ლანჩხუთელებს.

თუმცა ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, თითქმის გადაწყვეტილია: ეს ორი გუნდი გაისად რანგით მეორე ლიგაში ითამაშებენ…

09.10.2026 | ზესტაფონი. დავით აბაშიძე | ზესტაფონი 2026 0:4 გურია

0:1 ჩაგანავა (16), 0:2 კაპანაძე (39), 0:3 სიჭინავა (77), 0:4 შეროზია (80)

გურია: ისიანი, მელიავა, იაშვილი (81. ოქროპირიძე), კაკუბავა, ნოზაძე, მაისაშვილი, სიჭინავა (81. წილოსანი), არველაძე (59. შარვაძე), ტაბატაძე, ჩაგანავა (70. შეროზია), კაპანაძე (46. ქოქოსაძე)