დღეს, ლანჩხუთის საკრებულომ მეორედ გადადო რიგგარეშედ ჩანიშნული სხდომა, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილი უნდა განხილულიყო გრიგოლეთის ბაზის გადაცემის თაობაზე.
9 ოქტომბერი ბოლო ვადა იყო, როცა ლანჩხუთელ კანონმდებლებზე საკითხზე მსჯელობა შეეძლოთ. მათი პოზიციაა გრიგოლეთის კომპლექსი „გურიას“ ინვესტორ კომპანიას [შპს „დიემჯი გრუპი”] არა სამინისტროს გავლით, არამედ პირდაპირ მუნიციპალიტეტიდან გადაეცეს იჯარით.
„ამ დილით დამირეკეს და მაცნობეს, რომ 12:00 საათზე გასამართი საკრებულოს სხდომა კვლავ გადაიდო. რა მიზეზით, ვერ გეტყვით. ვიცოდი, რომ სხდომის დაწყებამდე ეკონომიკის სამინისტროდან უნდა მოსულიყო წერილი, რომლითაც უწყება გრიგოლეთის ბაზის გადაცემის მოთხოვნას უკან გაიტანდა და ამ შემთხვევაში სხდომის ჩატარება საჭიროც არ იქნებოდა. თუმცა, როგორც გავარკვიე, ეს წერილი ჯერ არ შემოსულა და რატომ გადაიდო სხდომა, ვერ ვხვდები“ _ განაცხადა ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა, „ლელო _ ძლიერი საქართველოს“ ადგილობრივმა ლიდერმა გოჩა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, „ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ გუშინ ლანჩხუთის საკრებულოს ორი კომისიის ერთობლივი სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი გრიგოლეთის ბაზის სახელმწიფოსთვის არგადაცემის საკითხს. ეს ინფორმაცია საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, ჩემი თვალით ვნახე, ფოტოებით დაიდო, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალეს“.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი წერილით მსჯელობის შეჩერება ითხოვა, რაც ადგილობრივ ოპოზიციას უჩენს განცდას, რომ ცენტრალური ხელისუფლება დროის მოგებას შეეცდება, რათა „ურჩი“ საკრებულო დაითანხმოს კომპლექსის გადაცემაზე.
იყო მოლოდინი, რომ სამინისტრო წერილს უკან გაიწვევდა, მაგრამ ასე არ მოხდა, უბრალოდ, ტექნიკურად ვადა გადაიწია, რაც ნიშნავს, რომ უწყება უარს არ ამბობს მოთხოვნაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს წერილის საბოლოოდ გაწვევას.
„გურია Today“-ს ექკლუზიური ინფორმაციით, შპს „დიემჯი გრუპის“ წარმომადგენლებმა მომავალ კვირაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და სავარაუდოდ, მაშინ ბევრი რამ გაირკვევა.
ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი ირმა მგელაძე სოციალურ ქსელში ვრცელ კომენტარს აქვეყნებს და ადგილობრივ ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვს:
„მაინტერესებს, ისევე როგორც ბევრ ლანჩხუთელს, როგორ დამთავრდა ჩვენი მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ბაზის საკითხი? რატომ ჩაიშალა ორი სხდომა? მაინტერესებს, რატომ აღარ იძებნება ფეისბუკის [ოფიციალურ] გვერდზე საკრებულოს იურიდიული და ქონების მართვის კომისიების გაერთიანებული სხდომის ოქმი, სადაც უარყოფითი დასკვნა იყო გამოქვეყნებული, [სხდომის] ფოტოებით და მერე რატომღაც აიღეთ? თქვენ მანდ “კომისიობანას” თამაშობთ?“ _ კითხულობს ადგილობრივი ოპოზიციონერი.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამინისტრომ უკანვე წაიღო თავისი მოთხოვნაო… ძალიან კარგი! მაგრამ თუ ეს ასეა, ბატონო ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს “შეუცვლელო”თავმჯდომარევ, რატომ არ ჩაგვთვალეთ იმის ღირსად, რომ ინფორმაცია მაინც მოგეწოდებინათ ამდენი მომლოდინე ადამიანისთვის?“ _ წერს ირმა მგელაძე და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს: „ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით, რომლებსაც მარტო ტყუილად ყოფნაში მაღალი ხელფასის აღება უნდათ და სხვა არაფერი, უნდა შეგახსენოთ, რომ ჩემი შვილები ლანჩხუთში დაბრუნდნენ, აქ უნდათ იცხოვრონ და თავიანთი ცოდნა მოახმარონ სწორედ რაიონის წინსვლას, ასე რომ ჩემს გულწრფელობაში ეჭვი ნურავის შეგეპარებათ!“ _ წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი და ლანჩხუთის მერიას თხოვს: „გააკეთეთ შესაბამისი განცხადება, როგორ გადაწყდა ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელივანი საკითხი!“
თუ ლანჩხუთის ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციონერების განცხადებებზე პასუხის გაცემის სურვილს გამოხატავენ, სტატია მათი კომენტარებით განახლდება.




