„გურიას აღარ ვეკუთვნით, თუ აქ ყველაფერი გაწიკწიკებულია?“ _ მეორადი ასფალტი ჭანჭათისთვის და 5 ლარი ლანჩხუთამდე: „თუ ადგილი არაა, მგზავრები საბარგულში სხედან“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გზა ჭანჭათში, www.guriismoambe.com

გურიაში მხოლოდ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები მიიღებენ 16,5 მილიონ ლარზე მეტს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტებისთვის დამატებით გამოყოფილი 58 325 781 ლარიდან. ლანჩხუთისთვის კი ამ თანხიდან თანხა არაა გათვალისწინებული, რასაც ადგილობრივები მწვავედ გამოეხმაურნენ:

„გურიას აღარ ვეკუთვნით, თუ აქ ყველაფერი გაწიკწიკებულია?“ _ ასეთი კითხვა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გაცხადდა, რომ ოზურგეთი 11,6 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, ხოლო ჩოხატაური _ თითქმის 5 მილიონს.

კრიტიკული განცხადებები გააკეთეს ადგილობრივმა ოპოზიციონერებმა.

„ლანჩხუთი აღარაა გურიის შემადგენლობაში? ლანჩხუთში რომ დანგრეული სკოლები და ბაღებია და მოსაწესრიგებელია გზები, გაბიონები და სანიაღვრე არხები, არ იცით?“ _ წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა მგელაძე.

„ვერ ამიხსნია ერთი რამ _ თუ გურიის რეგიონში ოზურგეთმა და ჩოხატაურმა უნდა მიიღონ დამატებითი თანხები, ლანჩხუთს რა, არ სჭირდებოდა? აქვს თავისი საკმარისად, თუ ყველაფერი გაკეთებულია და დამატებითი თანხების მოზიდვა საჭირო აღარ არის? თუ არ ვცდები, გასულ წელსაც ანალოგიური მოხდა და მართლა გაუგებარია ეს ყველაფერი, როცა პრობლემები და შეუსრულებელი ვალდებულებები საკმაოდ ბევრია. თუნდაც ჭანჭათის გზა, რომელიც ათეული წელია გამოწვევაა და ეს სოფელი ერთადერთია მუნიციპალიტეტში, რომელსაც ასფალტის საფარიანი გზა ჯერ არ ღირსებია“ _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარში “ძლიერი საქართველო – ლელოს” ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია.

„გურია Today“-ის ლანჩხუთის მერიაში უთხრეს, რომ ადგილობრივი ოპოზიციონერები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და მუნიციპალიტეტს უკვე მიღებული აქვს 7,5 მილიონ ლარზე მეტი. „აქედან დაახლოებით 6 მილიონი ლარის სამუშაოები დაწყებულია, ხოლო 1,5 მილიონ ლარზე ტენდერის მომზადება მიმდინარეობს“ _ გვითხრეს მერიაში.

ლანჩხუთის სოფლებში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ინფრასტრუქტურის კუთხით დიდი თანხები იხარჯება, მაინც საკმაოდ მწვავე პრობლემებია. ამის მაგალითად სოფელ ჭანჭათის მოყვანაც საკმარისია, რომლის მოსახლეობა წლებია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოფელში გზის პრობლემა მწვავედ დგას.

“უკვე აღარ ვიცით, რანაირად შევძლოთ უგზოობის პრობლემის მოგვარება. მანქანით საერთოდ ვერავინ ადის და სასწრაფო ან სახანძრო-სამაშველო რომ გახდეს საჭირო, ვერ ავა. ხალხი საკვებს და რაც საჭიროა, ხელით ეზიდება ოჯახებში. აღმართში ტვირთის ატანა წარმოიდგინეთ, რა ძნელია”

“ლამის მდინარეების კალაპოტებს ჰგავს ამ სოფლის გზები; ფეხითაც ვერ გაივლის ადამიანი, ისეთი მდგომარეობაა. ბავშვები ყოველდღე როგორ უნდა მივიდნენ სკოლაში? სოფელს წესიერი გზა ეღირსოს, რომ ტალახში არ ვეფლობოდეთ და მანქანა ჭიშკრამდე მიგვყავდეს“

„რა გახდა ჩვენი პრობლემის გადაჭრა ამდენი ხანი, გაუგებარია. ას ვითხოვთ ასეთს? გზა არის ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, რომ ნორმალურად გადაადგილების საშუალება გვქონდეს. ოცდამეერთე საუკუნეა, ამაზე საუბარიც სირცხვილია, მაგრამ ამდენი ხანი ჩვენი იგნორირება უფრო სირცხვილი არაა?!“  _ გამოცემა ადგილობრივების პოზიციას აქვეყნებს.

გასულ წელს, ლანჩხუთის საკრებულოს მიერ მოწონებული პროექტის მიხედვით, ჭანჭათის გზა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ მისი გაკეთება გადაიდო. მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ამ თემასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჭანჭათის გზა მართლაც გასაკეთებელია, “თუმცა, ამ ეტაპისთვის არ არის გათვალისწინებული”.

ლანჩხუთის ყოფილ გამგებელსა და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერს, კახა ასკურავას მიაჩნია, რომ მიზეზი „იაფი და გრძელვადიანი სესხების და გრანტების შეჩერებაა“:

„რატომ არ ყოფნის გამბედაობა [ლანჩხუთის მთავრობას] თქვას, რომ მისმა ხელისუფლებამ ჩვენი საერთშორისო დონორი ორგანიზაციების ლანძღვა-გინების კამპანიით გამოიწვიეს იაფი და გრძელვადიანი სესხების და გრანტების შეჩერება… მგფ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების უდიდესი ნაწილის შეჩერება რამ გამოიწვია ნეტავ,საიდანაც იგებოდა გზების უდიდესი ნაწილი? რამ გამოიწვია და „ქართული ოცნების”ანტიდასავლურმა პოლიტიკამ! უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ,რომ ჩვენი ბიუჯეტი არ არის თვითკმარი, რომ მათ ჰქონდეთ გზა, წყალი, სკოლა, ბაღი და ა.შ. ამ ყველაფრის მოწესრიგებაში გვეხმარებოდნენ ევროპული დონორი ორგანიზაციები, გვაძლევდნენ იაფ/გრძელვადიან სესხებს, გვჩუქნიდენ კიდეც მილიონობით ევროს და აბა, იუარონ, თუ რამეს არასწორს ვამბობ, ხოლო ჯერ კიდევ, სამწუხაროდ მოქმედი ხელისუფლების “დამსახურებით” , ეს სიკეთეები შეჩერებულია და არავინ იცის, სანამდე…“ _ წერს ოპოზიციონერი სოციალურ ქსელში.

სოფელ ჭანჭათის მოსახლეობის გასაჭირზე წერს „გურიის მოამბეც“, რომელსაც ადგილობრივებმა უთხრეს: რომ ისეთ ცუდ დღეშია გზები, ავადმყოფიე ქიმთან ვერ წაგვიყვანიაო.

„მესმის, საუბარია ჭანჭათი გაგურის შემოვლით გზაზე, წელს შენდება და მიმდინარეობს გაგური-ქვემო აკეთის (ნაგომრის ხიდამდე) სავტომობილო გზის მოასფალტება; მომავალ წელს ვგეგმავთ გაგური-ზომლეთის გზის დაგებას. ამ პროცესში რაც დრჩება, გზის საფარის აყრით, ასფალტის ანაფრეზს ვგულისხმობ, რადგან, სამწუხაროდ ქვიშა-ხრეშის პრობლემაა, ამოვავსებთ ორმოებს შემოვლით გზაზე, არ არის ახლა ასეთი გაუსაძლისი პირობები, ავტომანქანა უპრობლემოდ გადაადგილდება“ _ ეს მერის წარმომადგენლის ირაკლი ტოროტაძის კომენტარია.

მას გამოცემა მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ლანჩხუთის მერთან შუამავლობა სთხოვეს, პასუხი კი ასეთი მიუღიათ: „ახლა სხვა გზას ვაშენებთ, იქედან უნდა ავიღოთ მწყობრიდან გამოსული გზის საფარი და თქვენ გზაზე არსებულ ორმოებს იმ ასფალტის ანაფრეზებით ამოვავსებთო”.

სოფლის მოსახლეობის თქმით, პრობლემაა ტრანსპორტიც: „ჭანჭათი-ლანჩხუთის მიკროავტობუსით მგზავრის გადაყვანის ღირებულება 5 ლარია, მხოლოდ სკოლის ფუნქციონირების პერიოდში მოძრაობს, რადგან ის პარალელურად სასკოლო ავტობუსია. ზაფხულობით, როცა სკოლა მოხსნილია, ანაც სასკოლო არდადეგების დროს, მძღოლი მგზავრებს საკუთარი, ფურგუნიანი მანქანით ემსახურება, მგზავრობა აქაც 5 ლარია, იქეთ-აქეთ 10 ლარი, თუ ადგილი არაა, მგზავრები საბარგულში სხედან. რაც შეეხება ჭანჭათი-ოზურგეთის მიმართულებას, ის კვირაში მხოლოდ სამი დღესაა _ ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს, ჭანჭათი-ბათუმის რეისია ყოველდღე, მაგრამ დრო არის შეუსაბამო” _ ამბობენ ჭანთათელები.