გურიაში 63 წლის მარგო ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულ ზ. ე-ძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მანამდე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 109-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.
“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იქამდე დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი (108-ე მუხლი) 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
რაც შეეხება სასამართლო პროცესს, გაირკვა, რომ დაკავებული მოკლულ ქალს სიცოცხლის მოსპობით ჯერ კიდევ გასულ წელს დაემუქრა, რასაც ადვოკატის განცხადებით, გ. ე-ძე არ ადასტურებს. იგი მკვლელობის ჩადენასაც უარყოფს.
პროკურორის თქმით, დანით შეიარაღებული გ. ე-ძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, როცა უკანონოდ შეაღწია მოკლულის საცხოვრებელ სახლში და ქალს 60 ჭრილობა მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს დანაშაულის ადგილზე დარჩა ხელთათმანი, რომელზეც დაკავებულის დნმ-ის კვალი ამოვიდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული ქალის ხელში არსებული თმა ბრალდებულს ეკუთვნის.




