გურიის პოლიციის მიერ დაკავებული გ. ე-ძის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. დაკავებული სოფელ ნასაკირალში 63 წლის მეზობლის, მარგო ზოიძე-გიორგაძის განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. ნასაკირალის მაცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ 15-წლიანი სასჯელი არაა შესაბამისი იმ გაუგონარი დანაშაულის, რასაც მათ სოფელში ჰქონდა ადგილი.
„წესით, ასეთ არაადამიანი ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს. ჩვენ ვითხოვთ, სამუდამო მისცენ, ამით სოფელიც დაისვენებს, თორემ ეს რომ გამოვა ციხიდან, ისევ ასეთ საშინელებას ჩაიდენს“ _ ამბობენ სოფელში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებული სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ძარცვის ფაქტზე ადრეც მოხვდა.
იგი მოკლული ქალის მეზობელია და შესაბამისად, შესაძლოა, მისთვის ცნობილი ყოფილიყო მარგო ზოიძის მიერ გაყიდულ თხილში აღებული თანხისა და იმის შესახებ, რომ ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა..
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მან მკვლელობა წინასწარ დაგეგმა, თუ რეალურია ვერსია, რომ ქალმა ის ამოიცნო და ამის შემდეგ გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება.
ქალმა, სავარაუდოდ, თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია.
უცნობია, ზუსტად როდის, თუმცა მან შეძლო მობილური ტელეფონით დაკავშირებოდა თანასოფლელს და მისთვის დახმარება ეთხოვა.
„მიშველეო. ვუთხარი, კარი გაეღო, რაზეც მიპასუხა, რომ ვერ გაგიღებ, რადგან პოლში ვარ ჩავარდნილიო“ _ ამბობს მეზობელი ჟურნალისტებთან.
მისივე მონათხრობის მიხედვით, ამის შემდეგ იგი კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებელს ამცნობს, რომ მარგო შველას ითხოვს, ერთად მიდიან მეზობლის ბინასთან, მაგრამ არც დაძახებაზე და არც დაკაკუნებაზე არავინ პასუხობს.
მათ 112-ში არ დაურეკავთ იმ ინფორმაციის მისაწოდებლად, რომ ქალი შველას ითხოვდა და ახლა არ პასუხობდა.
დილით 63 წლის ქალი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. მას 60-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რის გამოც არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა ყოფილიყო.
ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების მიზეზი და ისიც, დროული დახმარების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა ქალის გადარჩენა. კიდევ ერთი კითხვა აქვთ სოფელში, ხომ არ ჰყავდა დაკავებულს თანამზრახველები.
არსებული ინფორმაციით, გ. ე-ძე ბრალს არ აღიარებს. გავრცელებული ცნობით, მის სახლში პოლიციამ ნივთმტკიცების მოპოვება შეძლო. ჯერჯერობით დაუდასტურებელია ინფორმაცია, რომ დაკავებულს ადგილზე ხელთათმანი დარჩა.
სოფელში გარდაცვლილს საუკეთესო დახასიათებას აძლევენ, მას მეზობლების და სანათესაოს გვერდში მდგომად და დამხმარედ ასახელებენ. მათივე კომენტარებიდან ირკვევა, რომ „ერთ-ერთ მეზობელს 10 ათას ლარამდე სესხი გადაუხადა“ და „შვილივით გაზარდა 4 ობოლი“.
„ესეც მის ხელში გაიზარდა, ფაქტობრივად, მაგის ოჯახშია სუფრაზე გაზრდილი და ასე გადაუხადა სამაგიერო. მეზობლის იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ დაგეხმარება, ამ სადისტმა კი ისარგებლა იმით, რომ ქალი მარტო იყო სახლში და მისი დაყაჩაღება განიზრახა. რამხელა სისასტიკე ჩაიდინა და მერე მივიდა, ოჯახს სამძიმარი უთხრა და იქვე ტრიალებდა“ _ ამბობენ სოფელში.
დღეს დილიდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, მის სახლთან პოლიციის ეკიპაჟები პატრულირებენ. არსებული ინფორმაციით, სადისტურად მოკლული ქალის ახლობლებსა და მეზობლებს ბრალდებულის სახლის გადაწვა სურდათ.
როგორც ერთ-ერთი ახლობელი წერს სოციალურ ქსელში, დაკავებულის ოჯახის წევრები სოფელში აღარ იმყოფებიან და „ეზო დაემსგავსება ნასახლარს“.
შსს-ს მიერ გავრცლებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.
„მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: „იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძესო, თურმე ეგ იყო გადამხტარი ფანჯარაში და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა“ _ გურიაში 63 წლის ქალის სადისტურად მკვლელობის საქმეზე მეზობელი დააკავეს





