წმინდა ონოფრე გარეჯელი – ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე დაიბადა და აღიზარდა ნიგოითში. თავადი მაჭუტაძეების ოჯახში. მისი მამა გურიის სამთავროს სახლთუხუცესი ალექსანდრე მაჭუტაძე იყო. ძმა მაქსიმე მაჭუტაძე კი, ჯერ ჯუმათის მთავარეპისკოპოსი, შემდეგ ბოლნისის მიტროპოლიტი გახლდათ. წმინდანის ბიძა (მამის ძმა) იყო საქართველოს დიდი საეკლესიო მოღვაწე კათალიკოს-პატრიარქი მაქსიმე I მაჭუტაძე.
ოთარ მაჭუტაძე თავის მღვდელმთავარ ძმასთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოში გადადის. მას მალევე აწინაურებენ ქართლის სამეფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და ლევან ბატონიშვილი – მეფე ვახტანგ მეექვსის მამა ნიშნავს სამწევრისის უძველესი კათედრის მამულების მმართველად.
თუმცა, მისი მთელი არსება ბერობისკენ იყო მიმართული. მალევე შედგა ბერად, განშორდა თავის ცოლ-შვილს და გარეჯის მონასტერში აღიკვეცა.
1690 წელს კი, აღმოსავლეთ საქართველოს დიდმა საეკლესიო კრებამ მეფე არჩილის ინიციატივით ონოფრე მაჭუტაძე დავით-გარეჯის წინამძღვრად დაადგინა. ამ დღიდან ვიდრე 1735 წლამდე წინამძღვრობდა გარეჯის ლავრას და მასში შემავალ 12 მონასტერს. აღადგინა სრულიად დანგრეული და შაჰ-აბასის მიერ იავარქმნილი დავით-გარეჯი. აღადგინა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, აღაშენა პეტრე-პავლეს ეკლესია საგარეჯოში.
წმინდა ონოფრე გარეჯელის ღვაწლთანაა დაკავშირებული დავით-გარეჯის მონასტრის ხელახლა აღორძინება, აღმშენებლობა, გალავნის, კოშკების, ახალი ტაძრების, ციხე-სიმაგრეთა აღშენება და განმტკიცება.
გარეჯის ლიტერატურული სკოლის დამფუძნებელი – ამ ლიტერატურულმა სკოლამ ახალი საფუძველი მისცა ქართულ სახელმწიფოებრივ და სამწერლო აზროვნებას, რომელმაც წარმოშვა ბესარიონ კათალიკოსი, სულხან-საბა ორბელიანი, მთელი წყება მომდევნო სამი საუკუნის ქართულ ამბების. მისი ინიციატივითა და რედაქციით შეიქმნა გარეჯული კრებული ჰაგიოგრაფიისა, გარეჯული სვინაქსარი, მას ეძღვნება, როგორც მოძღვართ-მოძღვარსა და მასწავლებელს ბესარიონ კათალიკოსის “გრდემლი”.
იყო მეფეთა, კათალიკოს-პატრიარქთა და წმინდანთა აღმზრდელი.
კახეთის მეფე კონსტანტინე მეორე ერთ სამეფო სიგელში, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება, ასე მიმართავს წმინდანს: “სიყრმითაგან კეთილსარწმუნეობასა ზედა აღზრდილსა, ყოველთა ქართველთა მპყრობელთა მესაიდუმლოესა და თანაგამზრახსა, გურიისა დიდსა თავადსა მაჭუტაძეს ონოფრეს…”
სწორედ ონოფრე მაჭუტაძე იყო ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის მოკავშირეობის ინიციატორი და ის ავტორიტეტი, რომელმაც შესძლო და ერთიანი ანტიბარბაროსული ფრონტი შეაქმნევინა ქართველ მეფე-მთავრებს ლეკიანობის წინააღმდეგ. საომრად აღძრული სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული მეფეები კი არაერთგზის დაუწყნარებია და ქვეყანაც არაერთი შიდა ომისაგან დაუხსნია.
დაუღალავად იბრძოდა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. ის თავისი ხარჯებით გამოისყიდდა ტყვედ გაყიდულ ქრისტიანებს და გარეჯის სამონასტრო მამულებში ასახლებდა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღირსი ონოფრე გარეჯელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 ოქტომბერი დაადგინა.
შეეწიოს მისი მადლი სრულიად საქართველოს და კაცობრიობას!