„გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდს [ნინიკო მშვიდობაძე: აქაც გააცოცხლეს მუმიები? „მძიმე არტილერია“ გამოაგორეს], რითაც ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციონერი რამაზ გვარჯალაძის ლანჩხუთის მერისადმი კრიტიკას უპასუხა, თავად ოპოზიციონერი გამოეხმაურა:
„გული მწყდება პოეტ ქალბატონზე მ. ნინიკოზე, ნუთუ მეტი კომენტარი ვერ დავიმსახურე. შენ ის ხო ხარ, პრეზიდენტ სააკაშვილს ლექსებს რო უძღვნიდი? ის არა ხარ, ექს-გამგებელ გია გოგუაძის ირგვლივ გავრცელებული ხმების მიხედვით, გურიის გუბერნატორად გადასვლის შემთხვევაში თავს რო იკლავდი და ცრემლებს ღვრიდი, თუ გია წავა ამ შენობაში შემოსვლას რა აზრი აქვსო? მერე პატრიოტული გრძნობები რო გაგიღვივდა და რაღაც ინფორმაციები რო გაგქონდა „რუსული ოცნების“ შტაბში. ასეთი ინტელექტის და მორალური ღირებულებების მქონე “საპატიო-მოქალაქისგან” მეტს არ ვიმსახურებ? რაღაც სწორად გამიკეთებია. ახლა სერიოზულად, მ. ნინიკოს შემთხვევასაც ეტყობა რა ტრაგიკული მდგომარეობაა“ _ წერს რამაზ გვარჯალაძე.
მას ნინო მშვიდობაძემ უპასუხა: „ანუ ამ ყველაფერს მე ვაკეთებდი? ჯანსაღად ხო ხარ, “ზარბაზან”? ის მომენტი, სხვამ რომ შენზე მეტი იცის შენ შესახებ… ისე კარგია, ჩემზე ჭორაობის მეტი საქმე თუ არ გაქვთ“.
ამის შემდეგ მათ შორის მწვავე პოლემიკა გაიმართა. გვარჯალაძემ დაწერა, ერთხელ გიპასუხე და ნუ გაგიტკბაო. მშვიდობაძემ _ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს, ცარიელი ფურცელიც კი შენზე მეტიაო. ისევ ოპოზიციონერმა _ ჩემს თავზე დიდი არაფერი, უბრალოდ, არ მეგულება, ვისაც შენთან უპირატესობა არ ექნება და ყველა საკითხში 41:0-ს მოგიგებო.
მათ პოლემიკაში მარიამ ბზეკალავა ჩაერთო: „საერთოდ არანაირი პარტია არ მაინტერესებს, ნაცებმა რა გააკეთეს, კარგი ვიცით, რომ ოცნებამ არ გააკეთა. ან რამ შეგშალათ ერთი რაიონის ხალხი, ასე რომ ერთმანეთს ჭამთ? ან ნინომ შეიძლება აზრი შეიცვალა და გახდა ქოცი ან ნაცი, რა თქვენი საქმეა, ლექსს ვის უწერდა. ეს ლექსი შეიძლება ქმარს დაუწერო და გავშორდე, ამიტომ რა, უნდა ჩამქოლოთ? ასე გამსახურდიაზე ლექსები ვის არ დაუწერია ან რა მერე, რომ [თუ] მიშაზე დაწერა, რამე კანონი უკრძალავს?“.
მოგვიანებით ნინო მშვიდობაძემ რამაზ გვარჯალაძეს ვრცელი წერილით უპასუხა, ჩვენ მთავარ ამონარიდებს შემოგთავაზებთ:
„სურვილი რომ მქონდეს და თან მიღირდეს, ყველა იმ სიტყვაზე, რაც ჩემზე დაწერე, კანონის ძალით გაგებინებდი პასუხს და თითოეული სიტყვის მტკიცება მოგიწევდა, მაგრამ არ ღირხარ ჩემი დახარჯული დროის ფასად და ნერვებად – მით უმეტეს, აქაც იმიტომ გპასუხობ, შენნაირებმა რომ უცებ აიტაცეს შენი ნაბჟუტურალი. “მიშას ლექსებს უწერდი” საიდან მოიტანე? ლექსებს დედაჩემსაც ვერ ვუწერ, “ზარბაზან”… ხო, ეს იცი რატო, არჩევნების წინ ზარბაზანივით რომ მართლა გამოგაგორეს კოლექტიურმა ნაცებმა და სარიშვილის შეფასება დაგავალეს“ _ წერს მშვიდობაძე.
მისი თქმით, სასაცილოა, გვარჯალაძე სარიშვილის მერობას აფასებდეს: „ბრმა უნდა იყოს ადამიანი, ან მიზანმიმართულად დაიბრმავოს თვალი და ასეთებს მე გონებრივად ბრმები შევარქვი, ლანჩხუთში ამ ბოლო დროს განხორციელებული პროექტები, მშენებლობები რომ ვერ (არ) დაინახოს. სკოლები, ბაღები, სკვერები, იუსტიციის სახლები, სამუსიკო სკოლა და სპორტული დარბაზი, კოლეჯი, სპორტული მოედნები, ასფალტირებული გზები, ბუნებრივი აირი…“
იგი ასევე პასუხობს რამაზ გვარჯალაძის ნათქვამს _ ალექსადრე სარიშვილი დიდთოვლობის დროს დაიკარგაო:
„არ გამოჩენილა დიდთოვლობის დროსო, შენნაირი გონებრივად ბრმა წერდა ერთგან, არადა, სახლშიც არ მისულა ის დღეები, თუმცა მისი სახლიც და მშობლებიც საფრთხეში იყვნენ. სველ ტანსაცმელსაც სამსახურში იცვლიდა და ისევ სოფლებში გადიოდა. სინდისისგან დაცლილი უნდა იყო ადამიანი, ალექსანდრე სარიშვილს უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობაში ცილი რომ დასწამო, მაგრამ ცილისწამების იქით ვერ მიდიხართ თქვენ, კოლექტიური ნაცუშკები და სადღაც მეცოდებით კიდეც ყველა“ _ წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი.




