„გურია თუდეის“ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ობიექტურად უნდა შეფასდეს ადამიანების სწავლაც, ცოდნაც და შრომაც და არა იმ მიდგომით, რომ ვიღაცის შვილია და ხათრით ქულა მოუმატო“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | გურულის ძეგლი და სტუდენტის სიმბოლო

„გურია თუდეის“ სტატიას [ექსკლუზივი: 12 პირველიდან და ლესის 5 ოქროს ციცა, 6 მარი(ამი), 6 ანა(ნო), 4 ელენე, სხვა 30 და… მარიამ ღვინიანიძე (?!) – დღეს, ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში მედალოსნებს დააჯილდოებენ] დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენს სოციალურ პლატფორმაზე გაკეთდა ათეულობით კომენტარი, რომელთა უმრავლესობა ეთანხმება რედაქციის პოზიციას, რომ მარიამ ღვინიანიძემ, რომელმაც მედალი ვერ მიიღო, მაგრამ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ასევე წახალისდეს და დაჯილდოვდეს.

„ნამდვილად თუ ვინმეს ეკუთვნის მედალი და ყველანაირი ჯილდო, ეს მარიამია, მე დიდად მოხარული ვიქნები – სკოლაშიც, მერიაშიც და საერთოდ რაიონშიც ობიექტურად შეფასდეს და დაფასდეს ადამიანების სწავლაც, ცოდნაც და შრომაც და არა იმ მიდგომით, რომ ვიღაცა ვიღაცის შვილია, ვიღაცას ვიღაცის ხათრით ერთი ქულა ან ნიშანი მოუმატო და ისე გახდეს მედალოსანი. კლასში რომ 8 მედალოსანს დაასახელებ და აქედან სინამდვილეში 1-ს ეკუთვნის, ეს არაა სამართლიანი გადაწყვეტილება. ხედავენ, იციან და აფასებენ მისი თანაკლასელები და მეგობრები, ვისაც როგორ ეკუთნის და უსამართლობის განცდა ეუფლებათ ბავშვებს“ _ წერს „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე კომენტარების ზოლში თიკო ხვედელიძე.

ჩვენ ეჭვი არც შეგვიტანია მარიამის სკოლის გადაწყვეტილებაში, რამეთუ ამის არც საფუძველი გვაქვს და მით უფრო, როცა საუბარია მართლმადიდებლურ სასწავლებელზე, გამორიცხულად მიგვაჩნია, ვინმე დაიჩაგროს. უბრალოდ, აღვნიშნეთ, რომ ეს სკოლა ნიშნებს შესაძლოა უფრო მკაცრი (||სამართლიანი) ან სხვა კრიტერიუმით წერს. მათი ობიექტური გადაწყვეტილება, საერთო ფონზე, მარიამის მიმართ მთლად სამართლიანი (თუმცა ამაში სკოლას არანაირი ბრალი არ აქვს) ვერ იქნება, თუ სხვა რომელიმე სკოლა/სკოლები ამ მხრივ ზედმეტად ლოიალურობას იჩენს/იჩენენ, როგორც ამას ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე კომენტარებში ბევრი აღნიშნავს.

ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს, ლევან გიორგაძეს ვთხოვეთ კომენტარი: „უპირველესად, კიდევ ერთხელ ვულოცავ მარიამს, რომელმაც გვასახელა სკოლაც და ლანჩხუთიც. რაც შეეხება მედალის გაცემის კრიტერიუმს, ის ყველა სკოლისთვის ერთნაირია. ნიშნების დაწერა მასწავლებლის პრეროგატივაა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვერევით, თუმცა გამორიცხულია ვინმე დაიჩაგროს. ერთიან გამოცდებში მათ მიერ არჩეულ საგნებს აბარებს აბიტურიენტი, მედლისთვის კი ყველა საგანაში მაღალი შეფასებაა საჭირო. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი სკოლა ამაყობს მარიამის წარმატებით“ _ გვითხრა სასწავლებლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

„გურია თუდეიმ“ წინა სტატიაში ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, მარიამ ღვინიანიაძეც დააჯილდოვოს და ამაში გასაკვირი არაფერია _ მან, ანა სალუქვაძესა და თეა გუჯაბიძესთან ერთად, ლანჩხუთელებიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და 70%-იანი გრანტი მოიპოვა. თუმცა გავარკვიეთ, რომ რადგან ბიუჯეტით განსაზღვრულია მხოლოდ მედალოსნების დაფინანსება, ამ ეტაპზე, მარიამს ვერ დააჯილდოებენ, რადგან ეს წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლო რესურსის გამოყენებად ჩაითვლება. იმედს გამოვთქვამთ, რომ მარიამის ნიჭი ლანჩხუთში ჯილდოთი ნაარჩევნებს დაფასდება.

რას ჩივი?