გურიაში ორ ხანდაზმულ მამაკაცს ეძებენ _ გომისმთაზე მცხოვრებ 85 წლის ზურაბ უსტიაშვილსა და ლიხაურში მცხოვრებ 88 წლის ლარგო ვასაძეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე მოხუცი აგვისტოს თვეში დაიკარგა და ჯერ არ უნახავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლარგო ვასაძე მაყვლის საძებნად იყო და მას შემდეგ მის კვალს ვერ მიაგნეს.
რაც შეეხება ზურაბ უსტიაშვილს, „გურია თუდეი“ მის შესახებ რამდენჯერმე წერდა. იგი გომისმთაზე შვილიშვილის მოსაკითხად წავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვერ მიაკვლიეს.
„ბევრი განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ბაბუა ტექნო ფესტივალს ესწრებოდა. ბაბუა და ბებია ერთად ცხოვრობენ გომისმთაზე. შვილიშვილის საძებნელად გამოვიდა, რომელიც ფესტივალზე იმყოფებოდა, ძალიან დიდი ნისლი რომ წამოვიდა, უკან დაბრუნდა ალბათ სახლისკენ და გზას ვეღარ მიაგნო. ბებო გააფრთხილა, გავალ, ვნახავ, სად არის წასულიო. მასწავლებელი კაცია, გეოგრაფიას ასწავლიდა წლები, დირექტორიც იყო. ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, არც ფეხი უშლიდა, არც გული აწუხებდა. ერთადერთი ხედავდა ცუდად“ _ უთხრა „ამბები.ჯი“-ს დაკარგული კაცის შვილიშვილმა.
85 წლის ზურაბ უსტიაშვილს ოჯახი მეათე დღეა ეძებს, ხოლო 88 წლის ლარგო ვასაძეს _ 17 აგვისტოდან.
თუ ვინმე შენიშნავთ აღნიშნულ პიროვნებებს, დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 592101274 (ლარგო ვასაძის შვილიშვილი), 511 414116 (ზურაბ უსტიაშვილის შვილიშვილი).




