ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
„სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ“ _ ვკითხულობთ განცხადებაში და იქვე არის ჩამონათვალი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირება რა პოზიციებზე შეიძლება გაიაროთ:
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური – ინჟინერი, გეოლოგი, არქიტექტორი;
ქონების მართვის და სოფლის მეურნეობის სამსახური – აგრონომი, სოფლის მეურნეობის სპეციალსიტი;
შიდა აუდიტის სამსახური – იურისტი, ეკონომისტი, ფინანსისტი;
ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური – საზოგადოებასთან ურთიერთობა, იურისტი;
ზედამხედველობის სამსახური – იურისტი, ინჟინერი;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – ბუღალტერი, ფინანსისტი;
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური – ტურიზმი, ხელოვნებათმცოდნე.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ გამოცხადებული სტაჟირება ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობაა:
„ყოველივე ცალსახად წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას. ზოგადად ასეთი კონკურსის გამოცხადება ცუდი არ არის, მაგრამ გააჩნია დროს, როდის ხდება ამის გაცხადება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია, მიუღებელად მიმაჩნია ამომრჩევლის ნებაზე ასეთი ზეგავლენის მოხდენა. თუმცა არც ის გვიკვირს, სახელისუფლებო რესურსის გამოყენების მანკიერებას კვლავაც რომ იყენებს „ოცნების“ გუნდი და ამის ერთ-ერთი ნათელი და ყოვლად სამარცხვინო მაგალითია თებერვალში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენის პროგრამა, რომელიც სამარცხვინო იმისთვის კი არ არის, რომ მოსახლეობას ეხმარებიან, არამედ იმისთვის, რომ დახმარების სპეციალურად გაჭიანურებას უფრო მეტი ეფექტი ჰქონოდა წინასაარჩევნოდ, სწორედ რომ სტიქიისგან დაზარალებული ამომრჩევლის მოსასყიდად. არჩევნები მარტო არჩევნების დღეს კი არა, წინასაარჩევნო პროცესში სწორედ ასეთი მანიპულაციების შედეგად ყალბდება“ _ აცხადებს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი, „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერი გოჩა ჯანაშია.




