ბოლო 50 წლის განმავლობაში, გურიაში 101 ადამიანი დაიკარგა, მათგან 11 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

|

Loading

შსს-ს შენობა

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 64 ადამიანი დაიკარგა, ხოლო 1973 წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოში ჯამში დაკარგულად 1024 ადამიანი ითვლება. მათ შორის უმეტესობა 25-45 წლისაა. დაკარგულთა 66% კაცია, 34% კი ქალი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 50 წელში 43 არასრულწლოვანი დაიკარგა, მათგან 37 კვლავ იძებნება. მიმდინარე წლის 6 თვეში დაკარგული იყო 9 არასრულწლოვანი, მათგან მხოლოდ 4-ის მოძებნა მოხერხდა. დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, მცირე ნაწილი თურქეთის და რუსეთის მოქალაქეები.

უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა აღრიცხვასაც შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცია.

რაც შეეხება 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 64 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 36. ამასთან, 6 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენ 28 ადამიანს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს.

ამ მონაცემების მიხედვით,  1973 წლიდან დღემდე გურიაში 101 ადამიანი დაიკარგა, მათგან 90 მოიძებნა, ხოლო 11 მოსაძებნი რჩება. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ამავე სტატისტიკის თანახმად,  წელს, გურიაში არავინ იყო დაკარგული, თუმცა რამდენიმე დღის წინ, გომისმთაზე 85 წლის კაცი სახლში არ დაბრუნებულა და მას დღემდე ეძებენ.