ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ცნობილია: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის, ე.წ. 2012-იანელების წარმომადგენელი – დავით ჩხაიძე

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ლანჩხუთის მერიის შენობა და დავით ჩხაიძე

ლანჩხუთის მერობისთვის 63 წლის დავით ჩხაიძე იბრძოლებს. იგი პროფესიით ეკონომისტია, აქვს სამოქალაქო და სამხედრო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პოლიტიკაშია. იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი მისი დამხობის შემდეგაც. არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. დაჯილდოებულია მედლებით _ „ფიცის ერთგულება“, „მხედრული მამაცობისთვის“, „საბრძოლო დამსახურებისთვის“.

2012 წლის დასაწყისიდან აქტიურად უჭერდა მხარს ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას“. ითვლება დღევანდელი მმართველი პარტიის „ძველი გვარდიის“, ე.წ. 2012-იანელების წარმომადგენლად.

„2012 წლის მარტიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ,,ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა. ვხელმძღვანელობდი აქციებზე გარეპერიმეტრის უსაფრთხოების ერთ-ერთ ჯგუფს, რომლის ფუნქციაშიც შედიოდა ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოება“ _ ამბობს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

თუმცა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე იგი „ოცნებას“ დაუპირისპირდა და სოციალურ ქსელსა თუ მედიაში აქტიურად აქვეყნებს კრიტიკულ სტატიებს. მისი თქმით, „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ პირველი უკმაყოფილება დაიწყო მას შემდეგ, „რაც მმართველმა ძალამ ე.წ  კოჰაბიტაცია დაიწყო ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავისი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ“.

წინა საპარლამენტო არჩევნების წინ შეუერთდა გიორგი გახარიას გუნდს. მერობის კანდიდატად მას სწორედ „გახარია საქართველოსთვის“ ასახელებს. შესაბამისი სარეკლამო განცხადება ადგილობრივ მედიაში უკვე გამოქვეყნდა.

„გურია თუდეი“ არკვევს, ვინ იქნება მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ და ეყოლებათ თუ არა კანდიდატები „ლელოსა“ და „გირჩს“. სხვა პარტიები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.