თაზო თუთაშვილის ტრაგედიამ მთელი ქვეყნა შეძრა. მუდამ მხიარულ და ღიმილიან 14 წლის ბიჭს გართობა სიცოცხლედ დაუჯდა _ ფოტოს გადასაღებად მატარებლის ვაგონის სახურავზე ასულმა მაღალი ძაბვის საშინელება ვერ გაითვალისწინა.
„მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვე მთელს სოფელს, პატარა ანგელოზო, ტირის მთელი წყალწმინდა. გულისმომკვლელი იყო ამ ანგელოზი ბავშვის ყურება, როგორ იწვა გაყინული სხეული. მეგონა, ძინავს-თქო. ვაი, შენს დედას, როგორი კარგი მშობლები გყავს, რატო გაამწარე, შვილო, ისინი“ _ წერენ თანასოფლელები სოციალურ ქსელში.
„ჩვენო თბილო, კეთილო და უზმოდ მოსიყვარულე ბიჭო, ყველა რომ გიყვარდა, ყველას რომ მხოლოდ სიყვარულს უწილადებდი. დღეს ბოლოჯერ უნდა გნახოთ და დაგემშვიდობოთ, გაგიშვათ მარადისობაში. გული მოგვიკალი, მაგრამ ვიცი, რომ ასე არგინდოდა. ასე არ გაგვწირავდი და არ გაგვიმეტებდი, მაგრამ ასეთი ყოფილა ბედისწერა. მშვიდობით და შეხვედრამდე, ჩემო ტკივილო“ _ ამ თბილი სიტყვებით თაზოს მარიამ თუთაშვილი ემშვიდობება.
ეს არ არის თუთაშვილების პირველი ტრაგედია. რამდენიმე წლის წინ, სანათესაოში კიდევ ერთი გამორჩეული ბიჭი _ ზაურიკა თუთაშვილი ავარიას ემსხვერპლა. ფიზიკურად გამორჩეული სტუდენტობაზე ფიქრობდა, მხოლოდ 17 წლის იყო…
ისიც თაზოსავით თბილი და კეთილი…
იმ დღეს კი, როცა თაზო დაიღუპა, სოფელში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა: ახალგაზრდა კაციც დენის დარტყმით გარდაიცვალა _ 45 წლის გოგიტა ტუღუში მეზობლის დასახმარებლად იყო გადასული…
„უკეთიშობილესი ადამიანი იყო ჩვენი გოგიტა, ყველას გვერდში მდგომი. მეზობელთან იყო გადასული, დენს უკეთებდა და სამწუხაროდ, დენის დარტყმამ იმსხვერპლა უპატიოსნესი ბიჭი“ _ გვითხრა გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ახლობელმა.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.
ასევე წაიკითხეთ: „მთელი სოფელი გლოვობს და დასტირის ამ ანგელოზ ბიჭს, სიტყვებით შეუძლებელია ამ ტკივილის გამოხატვა… თაზო ჯერ მხოლოდ 14 წლის იყო“ https://shorturl.at/ZM2M9




