ლანჩხუთელი შინდისის გმირი რუსლან წულაძე სოფელ ქვიანში დაიბადა და გაიზარდა. აქვე მიიღო განათლება და როგორც კი 18 წლის შესრულდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა.
მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა, ლამაზი, ხალხმრავალი, საცოლეც გააცნო მშობლებს, მაგრამ… შინდისთან გმირულად დაიღუპა 24 წლის რუსლანი და ბევრი ოცნება დარჩა შეუსრულებელი. მისი სახელი ჰქვია ქვიანის იმ უბანს, სადაც ცხოვრობდა და გაიზარდა, ასევე სოფლის სკოლას.
გმირის მშობლები ჰყვებიან, როგორი ბავშვი იყო, რატომ წავიდა ჯარში და რა წინათგრძნობა ჰქონდა ომზე ქვიანელ ვაჟკაცს.
რუსლანის მამა ვალერი წულაძე იხსენებს:
_ 3 ბიჭი მყავს, რუსლანი შუათანა იყო. ბავშვობიდან ხატვა უყვარდა. ისეთი კარგი ნახატები ჰქონდა, რომ გამოფენის მოწყობას აპირებდნენ. სკოლაში სწავლა უყვარდა. არასდროს დავუბარებივარ მასწავლებელს, შვილის ცუდი საქციელის გამო. ისტორია უყვარდა განსაკუთრებით. ჩემი მეუღლე, ეროვნებით რუსია, მაგრამ ჩემს შვილს ქართული სულით ზრდიდა. სულ ეუბნებოდა, რომ სამშობლო განსაკუთრებით უნდა გიყვარდესო.
ჯარში თავისი ნებით წავიდა და მამასაც არ დაუშლია:
_ როცა 18 წლის გახდა, სავალდებულო სამსახური მოუწია და გვითხრა, ჯარში მივდივარო. წინააღმდეგობა არც გამიწევია და არც აზრი ჰქონდა. მანამდეც იყო მისული კომისარიატში ჩუმად, ჯარში გამიწვეითო. ასაკი არ უწყობდა ხელს და ამიტომ არ წაიყვანეს. სრულწლოვანი გახდა და წავიდა. შემდეგ იყო საკონტრაქტო სამსახური. სენაკის ბატალიონში მსახურობდა. როცა ომი დაიწყო, ისიც სხვებთან ერთად ჩაება. ძნელია მაშინდელი ამბების გახსენება ჩემთვის, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ჩემმა შვილმა სამშობლოსათვის გაწირა თავი. ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება იყო მიღწეული და რუსლანი თავის ჯარის ნაწილთან ერთად სამშვიდობოს გამოდიოდა. ისე ყოფილა, რომ რუსები გზად შეხვედრიან, მისალმებიან კიდეც ერთმანეთს. შინდისში რაღაც გაუგებრობა მოხდა, როგორც ამბობდნენ, რუსლ ბატალიონს გზა აერიაო, ზუსტად არ ვიცი. მოხდა ის, რაც მოხდა. 17 ბიჭი დაიღუპა, რამდენიმე გადარჩა სულ. შემდგომ მისი თანამებრძოლი იხსენებდა: მანქანა გაგვიფუჭდა, თორემ შეიძლება ეს უბედურება არ დაგვმართოდაო. რუსლანს შეეძლო თურმე სამშვიდობოს გამოსვლა, მაგრამ მეგობრები არ მიატოვა. იქ იყო ლანჩხუთელი ემზარ წილოსანიც. ის სხვა ნაწილში მსახურობდა, გზად შეხვედრიან ერთმანეთს სწორედ ამ სოფელში. მტერმა ალყა შემოარტყა თურმე ქართველებს და მძიმე ტექნიკით დაბომბა. თანასწორი ბრძოლა რომ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებობნენ რუსები, მაგრამ 100-ზე მეტი ებრძოდა ერთ ოცეულს. 8 აგვისტოს გაწყდა ჩემს შვილთან კავშირი, ტელეფონზე ვრეკავდით, ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. პატრიარქი შევიდა შემდგომ სოფელში და მისი დახმარებით მოხერხდა დაღუპულების გადმოსვენება. რუსლანი სულ ამბობდა, დედამისსაც ეუბნებოდა, ომში დავიღუპები სამშობლოსთვისო. ბავშვობიდან ომობონას თამაში უყვარდა. იმ პერიოდში მოუწია ბავშვობა, როცა ჩვენთან სამოქალაქო ომი იყო. იძახდა კიდეც, ჩემს მტრებს არ გავახარებო. სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ყოველ წელს დავდივარ შინდისში, იმ ადგილას, სადაც ჩემმა შვილმა სიცოცხლე დაასრულა.

„სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ მოვიდა და მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო“
ლიდია ინშუნა, რუსლანის დედა იხსენებს:
_ რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან,…საოცრად მოსიყვარულე იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი სიკეთე და ძალა ყველას ეყოფოდა. მშვიდი და გაწონასწორებული იყო, უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა. უსაქმოდ არასდროს იჯდა, ყოველთვის რაღაცით იყო დაკავებული. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო. სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ მოვიდა და მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა, წავიდა და სთხოვა სიმინდში გაგვიცვალეო. სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა. იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე, რომ გაიხდიდა დაკეცავდა და კოხტად დადებდა. რომ ჰკითხავდნენ, ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და „კიო“ პასუხობდა. კითხულობდა წიგნებს იარაღზე, სამხედრო ტექნიკაზე, ყველაფრის ცოდნა უნდოდა“.
როგორც რუსლანის მამა გვიყვება, 24 წლის ბიჭს საცოლეც ჰყოლია შერჩეული და ქორწილიც დანიშნული, მაგრამ არ დასცალდა:
_ 24 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა, 1984 წლის 30 აგვისტოს დაიბადა და სწორედ აგვისტოს თვეში დასრულდა მისი ამქვეყნიური ყოფა. ცოლის მოყვანას აპირებდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. კასპელი გოგონა შეუყვარდა და გაგვაცნო კიდეც. ძალიან მეგობრული იყო რუსლანი, ჩვენ მამა-შვილობის გარდა დიდი მეგობრობას გვაკავშირებდა. მიხაროდა, რძალი შემოვიდოდა ოჯახში, „ნიშანიც“ კი ვაჩუქეთ სარძლოს. ოქტომბერში ქორწილი უნდა გადაგვეხადა და აგვისტოში რუსლანი დაიღუპა. ის გოგონა გასვენებაშიც იყო, ორმოცზეც და წლისთავზეც ჩამოსული. ძალიან თბილი ადამიანია. რამდენიმე წლის შემდეგ გათხოვდა, დღეს ორი გოგონას დედაა. გვითხრა, თუ ბიჭი მეყოლება, აუცილებლად რუსლანს დავარქმევო…
დედა იხსენებს, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შინ ათდღიანი შვებულებით ჩასული შვილი გაუთავებლად ომზე ლაპარაკობდა:

რუსლანის დედა – ლიდია ინშუნა (მარცხნიდან პირველი), გურიისა და ლანჩხუთის ხელმძღვანელი პირები შინდისში | 2025 წლის 11 აგვისტო
ომი რომ დაიწყო, შიშმა ამიტანა. 8 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო, მკაცრი ხმით მითხრა. უცებ აფეთქების ხმა გავიგე, ისევ მომატყუა, წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო. მას შემდეგ სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. არ მეგონა თუ რამე მოუვიდოდა. შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი, ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე, როცა მოვკვდები, მინდა, რომ გულზე დამაყარონ. მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ იყო აბიბინებული, იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ, ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა. სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ, იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო.…სული მტკივა ჩემი შვილის არყოფნის გამო… ადრე სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა პირიქით, მინდა ვიცოცხლო დიდხანს და ბევრი რამე გავაკეთო მისთვის. ჩვენი სოფლის ცენტრში მემორიალი დაუდგეს ჩემს შვილს. მინდა პატარა სამლოცველო ავაშენო რუსლანის სახელზე, სადაც ყველა დაღუპული გმირის მოგონებას შეძლებს ხალხი. ყველა დაღუპულ ჯარისკაცს მინდა მოვეფერო. ისინი ღმერთთან არიან. მინდა ყველა შვილმკვდარ დედას ვუთხრა, რომ გამაგრდნენ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში.
_ გავბრაზდი, სულ ომს რატომ ახსენებ-მეთქი. გაეცინა, პასუხი არ მოუცია. მოგვიანებით კი მითხრა, დე, ომი რომ დაიწყოს, შენ ისეთი ხარ, იქ ჩამომაკითხავ და ძებნას დამიწყებ, იქაურობას აიკლებ, „რუსლანჩიკ, შვილო სად ხარო“.…ძმები იცინოდნენ, მე ხმა არ ამომიღია, არ მომეწონა ეს ხუმრობა. შინიდან რომ გადიოდა, ვურჩიე, ლამაზი შავი ზედატანი რომ გაქვს, ის ჩაიცვი-მეთქი. გახედა, გამოხედა ამ ზედატანს და მე გამომიწოდა, ეს შენ გქონდეს, გამოგადგებაო. არ მომწონდა მისი საქციელი. სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა, ეს შენ ატარეო. ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა, დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი, იმ დღეს მისი საქციელით ნაწყენი ვიყავი და უგულოდ გადავსახე პირჯვარი. გამომხედა ნაღვლიანი თვალებით. არასოდეს დამავიწყდება ის თვალები. 5 აგვისტოს დამირეკა, პოლიგონზე მივყავართ სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო.
ასევე წაიკითხეთ: „შევცბი… გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობ? გაოგნებული მიყურებდა. მითხრა, თქვენ არ იცნობთ, ოზურგეთში ცხოვრობსო. თურმე, ჩემი შვილის დაღუპვის ამბავს ყვებოდა…“ https://shorturl.at/YFAAv




