„ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ყველა დაგვამუნჯა…“ _ 23 წლის ბიჭი კლინიკაში მაღალი სიცხეების გამო მიიყვანეს, სიმსივნე აღმოაჩნდა და გარდაიცვალა

|

Loading

ლანჩხუთი კიდევ ერთი ახალგაზრდის დაღუპვამ აატირა… სანიმუშო ოჯახის უკარგესი შვილი, 23 წლის თორნიკე წილოსანი ვერაგმა დაავადებამ იმსხვერპლა. ატირდა კიდევ ერთი დედა _ მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების მუსიკის უსაყვარლესი მასწავლებელი _ ნანა გოგოძე. მამას _ ირაკლი წილოსანს, სხვათა შველა-გადარჩენაზე რომ ზრუნავს, სამწუხაროდ, შანსი არ მიეცა, წარმატებულ და ნიჭიერ შვილს შეშველებოდა.

„დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ენა ჩაგვივარდა,  მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო, გეძახდით, მამი… ლანჩხუთს 23 წლის თორნიკე წილოსანი არ ჰყავს… მოწესრიგებული, თბილი, სიყვარულით სავსე იყავი… უზომოდ მენანები, უზომო ტკივილი ხარ… ცისხელა სიყვარული შეგეძლო და სიყვარულით წახვედი იმქვეყნად… 16 ივლისი ტკივილად დარჩება მუდამ ჩვენს გულში, ნათელში იყავი, თოკო, ჩვენო სიცოცხლით სავსე ბიჭო. შენ მარტო ძმისშვილი კი არა, ნინიკოს ნათლული იყავი. როგორ არ სკდები გული, მიკვირს, კიდევ არ მჯერა, მამიიი“ – დაწერა სოციალურ ქსელში ლელა წილოსანმა.

,,ჩემი ანგელოზი ნათლული… არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ… სიტყვები არაფერს ნიშნავს იმ ტკივილის წინაშე, რასაც ახლა ვგრძნობ…. ჩემი ნათლული, ჩემი მზიანი თოკო, ჩემს გვერდით გაზრდილი სითბო და სინათლე აღარ არის… რა არის 23 წელი?!… მთელი ცხოვრება წინ გქონდა, ჩემო სიხარულო… პასუხისმგებლიანო, შეუდარებელო, ყურადღებიანო და თბილო… უსამართლობაა… ძალიან ადრე წახვედი და გული ამოგვაგლიჯე ყველას… ჩემს თვალწინ გაიზარდე და ვერ ვიჯერებ, რომ აღარ მომიკითხავ, მომწერ შენთვის ჩვეული სიყვარულით. მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცო… ჩემო ნათლულო. ყოველთვის ჩემი სიამაყე იქნები.  შენს სახელს ტკივილით, მაგრამ დიდი სიყვარულით ჩავიკრავ გულში ყოველთვის“ _ ასე ემშვიდობება თორნიკეს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი.

ამავე სკოლის მასწავლებელი ლელა გობრონიძე წერს:

„რა ულმობელია წუთისოფელი,  მეწვის სული… და ამ ტკივილს ნანას თორნიკე ჰქვია! ჩემიც… ოთხი ლამაზი წელი ჩემს საკლასო ოთახში იჯდა  ფიქრიანი თვალებით და ოცნებებით…  სამწუხაროდ, შუა გზაზე შეწყვეტილი ოცნებებით… მე ვერ ვიპოვე სიტყვა, რომელიც შესაძლოა ამ დროს დედას უთხრა… უბრალოდ, ყველა დაგვამუნჯა…“

როგორც თორნიკეს ახლობლები ამბები.ჯი-ს უყვებიან, ახალგაზრდა სრულიად ჯანმრთელი იყო, რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს, სადაც მეოთხე სტადიის სიმსივნე (ლიმფომა) დაუდგინდა.

„გლოვობს მთელი ლანჩხუთი. უკარგესი ოჯახის შვილი, თორნიკე წილოსანი მოულოდნელად დაიღუპა. სიცხე ჰქონდა მაღალი და ამ ტემპერატურის ფონზე ძალიან ცუდად გახდა, მიიყვანეს კლინიკაში და დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც მოიცავს ლიმფურ სისტემასა და ძვლის ტვინს. მთელი ორგანიზმი დაშლილი ჰქონდა. მანამდე არანაირი პრობლემები არ ჰქონდა ჯანმრთელობის, არაფერს უჩიოდა. 41 ჰქონდა სიცხე, როცა კლინიკაში წაიყვანეს. ერთი კვირაც ვერ იცოცხლა ამის შემდეგ. სიმსივნე მოდებული ჰქონდა ყველგან, ფილტვზე, ღვიძლზე. ვერაფერი უშველეს. უკარგესი ახალგაზრდა დაგვაკლდა. მაგისტრატურაში სწავლობდა, საგანგებოს უსაფრთხოება ჰქონდა დამთავრებული. მამამისიც სამაშველოში მუშაობს“ – უყვებიან გამოცემას ოჯახის ახლობლები.

ახალგაზრდა ბიჭს ახლობელ-მეგობრები უკანასკნელ გზაზე კვირას, 20 ივლისს გააცილებენ…

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს თორნიკე წილოსანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დედ-მამას, ძმას, ყველა ახლობელს.