XX საუკუნის 80-იანი წლების ლანჩხუთის სახალხო თეატრის ნიჭიერ მსახიობსა და შესანიშნავ ადამიანს, თამაზ ლომაძეს 80 წელი შეუსრულდა. ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმს არასდროს ავიწყდება ნიჭიერი მსახიობები და ზოგადად, ადამიანები, რომლებსაც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელოვნების სფეროში თავისი წვლილი შეიტანეს.
ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი მაია ჩხაიძე გვიყვება:
„ლანჩხუთელი მსახიობის შესახებ მუზეუმის ფონდში დაცულ და აგრეთვე, საექსპოზიციო მასალებს შორის, თამაზ ლომაძის შემოქმედებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ლანჩხუთის თეატრის სცენაზე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ნიჭიერი რეჟისორების, ოთარ ცერაძისა და ალიოშა ჯორბენაძის დადგმულ სპექტაკლებს ამშვენებს სცენისმოყვარე ხელოვანის, თამაზ ლომაძის მიერ განსახიერებული როლები: ხუჭუჭა „ენერგიული ადამიანებში“, გამომძიებელი ხელაძე „თეთრი ბაირაღებიდან”, ,,ჯულიეტა აივნის ქვეშ”, სადაც ჯულიეტას როლი შესანიშნავად შეასრულა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის პირველი კაცი მსახიობია ლანჩხუთის თეატრალურ სამყაროში, რომელმაც ქალის როლი განასახიერა.

მაია ჩხაიძე იუბილარ მსახიობს მადლობის სიგელს გადასცემს
საოცარი იმპროვიზაციით გამოირჩეოდა თამაზ ლომაძის შემდეგი როლებიც: პოცელუიკო („დაბრუნება“, რეჟისორი ოთარ ცერაძე) და ალიოშა ჯორბენაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლებში – „ზარმაცი კოლმეურნე”, სადაც გლეხი კოლმეურნეს როლი შეასრულა და „ასეთი ისტორია“, რომელშიც გერმანელ ოფიცერს განასახიერებდა, ასევე შთამბეჭდავი სახეები შექმნა ლია ურუშაძის „შთამომავლობაში“ და გოდერძი ქურიძის „სამოთხის გვრიტებში“.
თამაზ ლომაძე დაიბადა 1945 წლის 13 ივლისს ქალაქ ლანჩხუთში. მეორე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბორჯომში, სატყეო-სამეურნეო ტექნიკუმში. პროფესიით მეტყევე-ტექნიკოსმა მშობლიურ რაიონში მოღვაწეობა 1972 წლიდან დაიწყო. მუშაობდა ლანჩხუთის ჩაის ფაბრიკაში – ელექტრომექანიკოსად, რაიონში დაწყებითი სამხედრო მომზადების ხელმძღვანელად, სარაიონთაშორისო მნიშვნელობის სამოქალაქო თავდაცვის შტაბთან არსებულ სკოლაში – საწარმოო სწავლების ოსტატად, პირველ საშუალო სკოლაში – მნედ, ყოფილი ტრესტ-კოლხიდმშენის მე-3 მოძრავ მექანიზირებულ კოლონიაში – მთავარ ენერგეტიკოსად. მაგრამ მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი და ბედნიერი წლები მაინც, კულტურის სფეროს, კერძოდ, ლანჩხუთის თეატრს უკავშირდება. „ხელოვნება, სცენა სულის მშვენებაა“ – ხშირად იმეორებს იგი.

სცენა სპექტაკლიდან ,,დაბრუნება”, პოცელუიკო _ თამაზ ლომაძე, მიკოლა კრავჩენკო _ რევაზ ქინქლაძე
,,ერთ დღეს, თეატრის წინ ჩავიარე. მაშინ რაისაბჭოს აღმასკომის კულტურის განყოფილების გამგე ანზორ წილოსანი, კულტურის სახლის დირექტორი კი, რობერტ ცინცაძე გახლდათ. ბატონმა რობერტმა თვალი მომკრა თუ არა, დამიძახა, თავისთან მიხმო. ლანხუთის სახალხო თეატრის რეჟისორი ალიოშა ჯორბენაძე სპექტაკლს ამზადებდა, მაგნიტოფონზე მუსიკის ჩაწერა სურდათ. პატარა დაგვეხმარეო, მთხოვეს და მეც დავეხმარე. კულტურის ცენტრს მაშინ ჰყავდა რეჟისორი, მეთოდისტი, მხატვარი – ხასან კუნჭულია, მნე – გივი ურუშაძე. მე კი, გახმოვანება-განათებას ვაკეთებდი” – ასე იხსენებს თეატრთან თავის პირველ შეხების წერტილებს.
ცოტა ხანში რეჟისორმა მასში მსახიობის ნიჭი აღმოაჩინა – როლი შესთავაზა და მოწონებაც დაიმსახურა. თამაზის მიერ შესრულებული როლები განსაკუთრებული პეწითა და აკურატულობით გამოირჩევა, თავადაც ხომ (მიუხედავად ასაკისა) ასეთია…

ჯულიეტას როლში, სცენა სპექტაკლიდან – ,,ჯულიეტა აივნის ქვეშ“
როდესაც ლანხუთის თეატრის შარავანდედით მოსილ წლებსა და დიდ სასცენო მოღვაწეებს (ვალოდია წულაძე, ტერენტი ურუშაძე, ალიოშა ჯორბენაძე და ა.შ) იხსენებს, სიამაყითა და სიხარულით უბრწყინავს თვალები. იწყებს მათზე საუბარს და შენც წარსულში გადაყავხარ. შეუძლია დაუსრულებლივ ილაპარაკოს ლანჩხუთისა და ფოთის თეატრების მსახიობებსა და რეჟისორებზე. ის ხომ იმ დიდი ისტორიის ერთ-ერთი ცოცხალი მემატიანეა…
სწორედ თამაზ ლომაძემ გადმოგვცა მის მიერ რუდუნებით შენახული უნიკალური ექსპონატი – ლანჩხუთის თეატრის ზარი, რომელმაც 1937 წელს ლანჩხუთის ეგ. ნინოშვილის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის _ ,,ნინოშვილის გურია“ (რეჟისორი _ ივანე აბაშიძე) დაწყება აუწყა საზოგადოებას…
ამჟამადაც, ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი და მუზეუმის ხშირი სტუმარია. როგორც ეგ. ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობი, შესანიშნავად შესრულებული როლებისათვის მუზეუმის მიერ დაჯილდოებულია მადლობის სიგელით“.
„გურია თუდეი“ ასევე ულოცავს ბატონ თამაზს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს!
მთავარ ფოტოზე, მარცხნიდან პირველი: ხეჩო – თამაზ ლომაძე, სცენა სპექტაკლიდან „სამოთხის გვრიტები“ (რეჟისორი – გოდერძი ქურიძე).





