ლანჩხუთში მიმდინარე კლასიკური მუსიკის საღამოები არა მხოლოდ კონკურსანტებისთვის, მაყურებლებისთვისაც დაუვიწყარ დღეებად იქცა!

|

Loading

ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კარლ ჩერნის სახელობის III რესპუბლიკური კონკურსის საზეიმო დახურვა გაიმართა. ღონისძიება 2 ივნისს გაიხსნა და ტრადიციულად,  საქართველოს ხელოვნების აკადემიის რექტორისა და ეროვნული კონკურს-ფესტივალების დამფუძნებლის, გამოჩენილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

წელს ლანჩხუთმა სამუსიკო ფესტივალს მესამედ უმასპინძლა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 სამუსიკო სკოლა და 120 კონკურსანტი მონაწილეობდა.

ამ მართლაც შთამბეჭდავი ღონისძიების მთავარი მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი წინსვლის ხელშეწყობა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა ლაურეატები და სხვადასხვა ნომინაციაში I, II და III ადგილების მფლობელები. გამარჯვებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დიპლომები და სიგელები.

ვალერიან შიუკაშვილმა და ლია ურუშაძემ ყველაზე პატარა მონაწილეს საჩუქარი გადასცეს

„განსაკუთრებულ  მადლობას ვუხდი კონკურსის სულისჩამდგმელს, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილს, მარიკა ორაგველიძისა და სუფსის სამუსიკო სკოლების თითოეულ  პედაგოგს აქტიური მონაწილეობისთვის.  აღნიშნული კონკურსი ლანჩხუთში უკვე მესამედ  ჩატარდა. თითოეულ მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ“, – აღნიშნა ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე გუჯაბიძემ.

ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, ენერგიითა და შთამბეჭდავი მუსიკალური შესრულებებით. მოსწავლეების გარდა შეკრებილებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს: თავად ვალერიან შიუკაშვილმა, რომელმაც შესრულება  პედაგოგებს მიუძღვნა; ლანჩხუთური ფესვების მქონი გივი გიგინეიშვილმა _ ქართველმა ბანმა და საოპერო მომღერალმა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო სცენებზე; ნინო ჟვანიამ, რომელმაც წელს ჟიურიში ყოფნა ვერ მოახერხა, მაგრამ დასკვნით ღონისძიებას არ დააკლდა და თავისი განუმეორებელი „ცის ნაპრალით“ დაადუმა მაყურებელი; კვლავ შეუდარებელი იყვნენ ჟიურის უცვლელი წევრი ვიქტორია ჩაპლინსკაია და მეცო-სოპრანო ირმა ბერძენიშვილი, რომელიც წელსაც სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია ლანჩხუთს. ლამაზი წუთები გვაჩუქეს ქეთევან თავშავაძემ და ნათია ქავთარაძემ. ეს ყველაფერი უნდა გენახათ და მოგესმინათ, ამის აღწერა და ფურცელზე გადმოტანა შეუძლებელია…

ლანჩხუთის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების ხელმძღვანელმა და კონკურსის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, ლია ურუშაძემ აღნიშნა, რომ პირველ კონკურსში 8 სკოლა და 50 კონკურსანტი მონაწილეობდა, დღეს კი ეს მონაცემები გასამმაგებულია. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თუნდაც მცირე დახმარება გასწია ღონისძიების ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებაში. მისგანაც და სტუმრებისგანაც გულითადი მადლობა მრავლად მიიღეს ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის დირექტორმა, მაია ჩავლეიშვილმა და პედაგოგებმა…

ლანჩხუთის სამუსიკო სახლში შეკრებილები აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ

ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუ რა დახვედრა მოუწყვეს საუკეთესო პედაგოგად დასახელებულ ნარგიზ სიმონიშვილს სუფსის სამუსიკო სკოლაში: თქვენ არა მხოლოდ წლის, არამედ 50 წლის მანძილზე ჩვენი საუკეთესო პედაგოგი ხართო… მხოლოდ ამ ფრაზისთვისაც ღირს მთელი პედაგოგიური საქმიანობა!

ლანჩხუთში გამართულმა კონკურსმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის შეუფასებელი ღვაწლი, რაც ხელოვნების დარგში დასაქმებულ მასწავლებლებს აქვთ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ პედაგოგის სტატუსს, რის სურვილიც გალა-კონცერტის მიმდინარეობისასაც გაჟღერდა…

ბოლოს იყო ფოიერვერკი და ალაფურშეტი სტუმრებისთვის, სიყვარულის და ნიჭის გაერთიანება სუფრასთან თუ ფორტეპიანოსთან…

ლანჩხუთში 5 დღის მანძილზე მიმდინარე კლასიკური მუსიკის საღამოები არა მხოლოდ კონკურსანტებისთვის, არამედ მაყურებლებისთვისაც დაუვიწყარ დღეებად იქცა…

მათე გურული