გურიაში დიდთოვლობას ნინო წილოსანი დღეს დილით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მის შესახებ გავრცელებულ სარკასტულ ფეიკ-ქარდს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თითქოს მან თქვა, რომ „თოვლი მხოლოდ ნაციონალებს არ უხარიათ“ და „მოდის გაზაფხული და დადნება, სულ კი არ იქნება ეს თოვლი“.
„როგორი ბოროტი უნდა იყო ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, როცა უამრავ ადამიანს სასიცოცხლო პრობლემები ექმნება ამინდის შედეგად არსებული რთული გარემოებების ფონზე, ასეთ ვითარებაში აბრალებდე ვინმეს მსგავს საზიზღრობას“ _ დაწერა ნინო წილოსანმა.

ეს სარკასტული ფეიკ-ქარდი გაუვრცელეს ნინო წილოსანს
მისივე თქმით, ყველა სტრუქტურული ერთეული აქტიურად ჩართულია მისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად, თავად ოჯახური პრობლემების გამო, არ იმყოფება საქართველოში და არ აქვს საშუალება ფიზიკურად იყოს ხალხის გვერდით.
„რაც შეეხება სტიქიას, ყველა სტრუქტურული ერთეული აქტიურად ჩართულია მისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად და იმედი მაქვს მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლებთ თითოეულ ოჯახთან მივიდეთ დასახმარებლად, სამწუხაროდ, ოჯახური პრობლემების გამო, მიმდინარე პერიოდში არ ვიმყოფები საქართველოში და არ მაქვს საშუალება ფიზიკურად ვიყო თქვენს გვერდით“ _ წერს წილოსანი.
გურიაში მე-6 დღეა თოვს, რამაც დიდი პრობლემები შექმნა. გუშინ სტიქიას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, რომელსაც სახურავის გაწმენდისას ბეტონის ფილა დაეცა. გვიან საღამოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა გურულ დეპუტატებს _ ვასილ ჩიგოგიძეს, ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს რეგიონში ჩასვლა: „ეგრეთწოდებული “მთავრობის” ყველა წევრი, არალეგიტიმური პარლამენტის უპირველესად მილიონერი წევრები, გურიით მოვაჭრე ქოცმილიონერი ბიძინიჩები: ვასიკო ჩოგოვაძე [ჩიგოგიძე], [ნინო] წილოსანი, ორსული ალუჩას პოეზიაში აღმომჩენი არჩილ თალაკვაძე ახლავე ადგილზე გავიდნენ სტიქიური უბედურების ზონაში, უპირველესად გურია-აჭარის მიმართულებით. ნუ გონიათ, რომ ხალხის განსაცდელში მიტოვება შეგრჩებათ“ _ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა.