[გამოხმაურება] „არანაირი ერთობლივი გადაწყვეტილება, მხოლოდ 11 ხელმოწერა იყო! „გურიას“ გარდა სხვა გუნდებსაც შესთავაზეს, მაგრამ…“ _ დავით უგრელიძე

|

Loading

„გურია თუდეის“ ვებ-გვერდზე სტატიას _ „გურიას“ სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა, სათქმელი „დინამოსაც“ აღარ დარჩა… მოსკოვი კი, ბოლო წუთამდე ელოდა ზარს ლანჩხუთიდან“ _ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებელ რელსებზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი  დავით უგრელიძე გამოეხმაურა.  

„სტატიაში ბევრი უზუსტობაა, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რისი უშუალო მონაწილე და ორგანიზატორი მე ვიყავი, განცხადების დაწერიდან ტელევიზიის შენობაში მიმდინარე სხდომაზე და კინოს სახლთან მიტინგზე გამოსვლამდე. სამწუხაროდ, მეტი ხელმოწერა ვერ შეგროვდა, სულ 11 ხელმოწერა იყო და არა მარტო „გურიაში“ იყო შეთავაზება, არამედ სხვა წამყვან გუნდებზეც, მაგრამ… რეალობა არის ეს და თუ დაგაინტერესებთ, დეტალები შემიძლია მოგიყვეთ. რაც შეეხება გადაწყვეტილების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, რასაც ჟურნალისტი ირიბად ცდილობს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ისტორიული ფაქტი და მის სისწორესაც ისტორია განსჯის. ეს ყველაფერი ხდებოდა ყრილობამდე რამდენიმე თვით ადრე. ასე რომ, ხდება ფაქტების დამახინჯება და არანაირად, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს იყო ამ ბიჭების ვაჟკაცური და თავდადებული ეროვნული გადაწყვეტილება, რომელსაც სათანადო დაფასება უნდა და არა ფაქტების შეგნებული დამახინჯება, როგორც ამას ზოგიერთი ჟურნალისტი, ასევე ზოგიერთი ვეტერანი ფეხბურთელი აკეთებს. განსაკუთრებით იმ ვეტერანებს მივმართავ, ვინც ხშირად აყალბებს ფაქტებს“ _ აცხადებს დავით უგრელიძე.

„გურია თუდეი“ იღებს შენიშვნებს, რამეთუ ის გაკეთებულია იმ ადამიანის მიერ, ვინც უშუალოდ ჩართული იყო 30 წლის წინანდელ ისტორიულ მოვლენებში. თუმცა ბატონ დავითს ვერ დავეთანხმებით, რომ ჩვენი მიზანი ფაქტების დამახინჯებაა, უბრალოდ, ვაზუსტებთ, რომ სტატია მომზადებულია „გურიას“ წარმომადგენლების მიერ ამ თემაზე მიცემული ინტერვიუების მიხედვით, ამიტომაც, შესაძლოა, სუბიექტურ ელემენტებს შეიცავს და ამასთან, მოსაზრება, რომ თითქოს ეჭქვეშ ვაყენებთ 1990 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას, ქართული ფეხბურთის საბჭოურიდან გამოყოფის შესახებ, მცდარია _  პირიქით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და რედაქციის მიზანი სწორედ ამ მოვლენებში „გურიას“ და მისი ფეხბურთელების წვლილის წარმოჩენა გახლავთ.

ამიტომაც ჩვენ დავუკავშირდით უშუალოდ 30 წლის წინანდელი მოვლენების ინიციატორს და მისგან მოვისმენთ, როგორ მივედით და რა ხდებოდა 1990 წლის 15 თებერვალს?

დავით უგრელიძე:

_ დარწმუნებული ვარ, რომ რეალობის გადმოცემის სურვილი  გამოძრავებთ და ცდილობთ მაშინდელი რეალობა გულწრფელად  გადმოცეთ და ცოტა გულდაწყვეტა იგრძნობა არ შემდგარი უმაღლესი ლიგის გამო. არსებობს მოსაზრებები, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ გეუბნებით გულწრფელად, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც გარწმუნებთ. არცთუ ისე ადვილი მისაღები იყო, მაგრამ ჩვენ ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გვამოძრავებდა და ვფიქრობდით, რომ იმ ბოროტების სასახლის დანგრევა, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა, თითო აგურის გამოცლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და ჩვენ ვფიქრობდით და დღესც ასე ვფიქრობთ, რომ ჩვენი ამ საქციელით ბოროტების იმპერიის დაშლაში ჩვენ მოკრძალებული პატრიოტული წვლილი შევიტანეთ.

რაც შეეხება უზუსტობებს, ჩვენ გვჭირდებოდა ბევრი ხელმოწერა, რადგან მიდიოდა დიდი ბრძოლა ეროვნული ჩემპიონატის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და ყველა ელოდებოდა ფეხბურთელების გადაწყვეტილებას და სამწუხაროდ, 11 ხელმოწერა შეგროვდა. ჩვენ ხელის მოწერა სხვა წამყვან გუნდებსაც შევთავაზეთ, მიუხედავად ზოგიერთის მხარდაჭერისა, ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს ისევ და ისევ გადაწყვეტილების სირთულიდან გამომდინარე. ეს არის რეალური ისტორია, არ მიყვარს ამ თემის აფიშირება, მაგრამ უკვე წლებია გამოდის ხალხი და ყვება იმ ისტორიებს, რაც მე და ჩემს მეგობრებს გადაგვხდა და რაც მთავარია, ფაქტებს ამახინჯებენ, რაც ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს.

საქართველოს თასის პირველი მფლობელი „გურია“, 1990 წ.

ეს ფაქტი, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრების საამაყო ფურცლებია და ძალიან გულსატკენია, როდესაც ხალხი ამ ისტორიასთან ახლოსაც არ არიან და უფრო მეტიც, დაემალნენ ხელის მოწერას ან გვითხრეს, რომ მხარს გვიჭერდნენ, მაგრამ სირთულეების გამო ხელს ვერ მოაწერდნენ, ინტერვიუებს იძლევიან, როგორც პრესით ისე ტელევიზიით. ეს უნდა დამთავრდეს და ითქვას სიმართლე რომ ამ 11 პატრიოტის გარდა, საქართველში ფეხბურთელების მხრიდან ოფიციალური ბოიკოტი საბჭოთა კავშირის პირველობისთვის არავის გამოუცხადებია. არ დაგვავიწყდეს, ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი და ქართულმა ფეხბურთმა დაასწრო ქვეყნის დამოუკიდებლობას. ეს არის ისტორიული ფაქტი და ამას ვერავინ გაექცევა.

რაც შეეხება, ვინ მოაწერა და ვინ არა, გვარების დასახელება არ არის საჭირო, შეთავაზება ხელმოწერაზე გავუკეთეთ ყველას ხელმძღვანელობის ჩათვლით, სამწუხაროდ, დაფიქსირდა მხოლიდ 11 პატრიოტის ხელმოწერა, რასაც ვფიქრობ, სათანადო დაფასება ჭირდება და არა ქილიკი და ფაქტების დამახინჯება. ვფიქრობ ამ გადაწყვეტილების სისწორეზე ყველა კითხვა მოიხსნება, როცა ქართული ფეხბურთი შესაფერის სიმაღლეებს დაიკავებს, რისიც მე გულწრფელად მჯერა.

ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ეს 11 ფეხბურთელი წავედით თბილისში, მივედით ტელევიზიის შენობაში, სადაც მიდიოდა დიდი ბრძოლა მომხრეებს მოწინააღმდეგეებს შორის. არჩილ გოგელიას კაბინეტში იმ შეხვედრაზე მომხრეების პოზიციას გააფთრებით იცავდა ზურაბ პეტრიაშვილი, ეროვნული ჩემპიონატის მთავარი ინიციატორი. მას უდიდეს წნეხში ატარებდნენ და როგორც შემდეგ ზურამ თქვა. მას ეუბნებოდნენ, რომ შენ ამდენს რომ იბრძვი, ფეხბურთელებს არ ეკითხებიო? დადგა საკითხი, რომ გამოეკითხათ ფეხბურთელები და ჩვენი შესვლა ამ სხდომაზე დაემთხვა ამ მომენტს, ჩვენ მოვითხოვეთ სხდომაზე შეშვება. შევედით თერთმეტივე ფეხბურთელი და მე წავიკითხე განცხადება, სადაც ჩვენ ვამბობდით უარს საბჭოთა კავშირის პირველობაზე თამაშზე და რაც მნიშვნელოვანია, ეს არ იყო გუნდის სახელით გაკეთებული განცხადება, ეს იყო იმ 11 ფეხბურთელის გადაწყვეტილება, ვინც ხელი მოვაწერეთ. გუნდის სახელით განცხადების გაკეთების უფლება ჩვენ არ გვქონდა, უბრალოდ, ჩვენ „გურიას“ ფეხბურთელები ვიყავით. ტელევიზიიდან ჩვენ წავედით რუსთაველზე, კინოს სახლთან, სადაც იმართებოდა დიდი მიტინგი და იქაც გამოვედი  სიტყვით და დავაფიქსირე ჩვენი 11 ფეხბურთელის პოზიცია. აი, ეს არის რეალური ისტორია!

ასევე წაიკითხეთ: „გურიას“ სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა, სათქმელი „დინამოსაც“ აღარ დარჩა… მოსკოვი კი, ბოლო წუთამდე ელოდა ზარს ლანჩხუთიდან (იხ. ბმული https://shorturl.at/mIYW6)

რას ჩივი?