ეს ექსპრომტი პოეტმა თემურ ფირცხალაიშვილმა მიუძღვნა სიმღერის გენიალურ შემსრულებელს _ ლოტბარ ნანული ჩავლეიშვილს.
ის გახლდათ ქალბატონი, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი შრომა ჩადო ქართული კულტურის მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნებაში. მან დღევანდელობას შემოუნახა ქართული სამუსიკო ხელოვნების გასაოცარი ჰარმონია, სილაღე და ნატიფი ჟღერადობა.
ცნობილი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე მასზე წერდა: „ნანული ჩავლეიშვილს თუ არ იცნობთ, თქვენ ნაღდი ლანჩხუთელი არ ყოფილხართ და ქართული სიმღერა არ გყვარებიათ; არც ზეიმს დასწრებიხართ რაიონში და არ გინახავთ, რა ვაჟკაცური შემართებით უძღვება იგი თავის საყვარელ საქმეს“.
ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმში დაცულია ლოტბარ ნანული ჩავლეიშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალები, ფოტოები, ჯილდოები.
„ოჯახი, სადაც ნანული აღიზარდა, სიმღერა უყვარდათ. იგი პროფესიონალად ძმამ, ცნობილმა ლოტბარმა, ნიკოლოზ (კოლია) ჩავლეიშვილმა ჩამოაყალიბა. ქალბატონი ნანული წლების განმავლობაში ქართული სიმღერის სამსახურში იდგა. 35 წლის მანძილზე მან აღზარდა არაერთი თაობა.
1975 წელს შექმნა ანსამბლი „იმედი“, რომელმაც 1987 წელს, „სახალხო“ წოდება მიიღო. რესპუბლიკაში პირველად, ლანჩხუთში ჩამოყალიბდა ბავშვთა სახალო ანსამბლი „იმედი“.
1977 წელს ნანული ჩავლეიშვილმა შექმნა ქალთა ვოკალური ანსამბლი (კონცერმეისტერი: რ. სიხარულიძე).
1979 წელი იუნესკომ ბავშვთა წლად გამოაცხადა. ქალბატონმა ნანულიმ ლანჩხუთის #1 საშუალო სკოლაში, 100 მოსწავლე გააერთიანა, სადაც თავადაუზოგავად იშრომა და გუნდი წაიყვანა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. მოიპოვა I ადგილი და ოქროს მედლები!
ეს იყო ფურორი!
1980 წელს, სარაიონო კულტურის სახლთან არსებული ქალთა და ვაჟთა სიმღერისა და ცეკვის გუნდი შექმნა (ქორეოგრაფი რობერტ ცინცაძე). იმავე წელს, პარალელუარდ ჩამოაყალიბა მგალობელ ქალთა ტრიო (ნანული ჩავლეიშვილი, გუგული წერეთელი, ქეთევან ბარათაშვილი). ეს სამეული ყველა ზეიმის მშვენება იყო თავისვე შესრულებული საგალობლებით. 1983 წელს, ორივე ანსამბლი გადაიღო საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა.
ქალბატონი ნანული პედაგოგად მოღვაწეობდა ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში. ჰქონდა უამრავი გასტროლი ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში. მიღებული აქვს 10 ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი თავისი ლაურეატობით. იყო ღირსების ორდენოსანი, ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე და მრავალი ჯილდოს მფლობელი.
ცხოვრება გრძელდება… ლანჩხუთის სამუსიკო სკოლას დღეს მისი ძმიშვილი, ცნობილი ნიკოლოზ ჩავლეიშვილის ქალიშვილი _ მაია ჩავლეიშვილი უდგას სათავეში.
ლანჩხუთის საზოგადოება, რომელმაც იცის პროფესიული მუსიკის ფასი, ყოველთვის მოიგონებს ნანული ჩავლეიშვილს, რომელმაც რაიონის კულტურულ ცხოვრებას განუზომელი ღვაწლი დასდო“ _ ვკითხულობთ ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმის მიერ მომზადებულ მასალაში.