“63 წლის პაციენტმა საკვებად მიიღო ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი” _ გურიაში ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი დაფიქსირდა!

|

Loading

ფოტო: https://nfa.gov.ge/

გურიაში ტრიქინელოზის შემთხვევა დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 27 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან  მიიღო შეტყობინება დადასტურებული შემთხვევაზე. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს განცხადებით, შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება).

„დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს. შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე.

„ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს, შესაძლოა, დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად მიღებისას. ძირითადი ფაქტორი ღორის ხორცია, თუმცა რეზერვუარი, შესაძლოა, იყოს სხვა გარეული ცხოველი და ცხენი. ტრიქინელოზის კლინიკური ნიშნებია: თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, ხველა, სახის და თვალების შეშუპება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კანის ქავილი. პირველ სიმპტომებს, შეიძლება, ახლდეს დიარეა ან ყაბზობა. დაავადების მძიმედ მიმდინარეობას ახასიათებს კოორდინაციის დარღვევა, გულის და სუნთქვის პრობლემები“ – აღნიშნულია განცხადებაში.

P.S. ფოტო ხორცის შემოწმებას ასახავს და სტატიასთან კავშირში არ არის.

რას ჩივი?