„ლანჩხუთი“, რომელიც ქალთა შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ერთბაშად 17-მა ფეხბურთელმა დატოვა. ისინი ძირითადად ორ ქართულ გუნდში გადანაწილდნენ.
ახალი სეზონიდან თბილისის „ლუსოს“ ღირსებას დაიცავენ: თეონა სუხაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, სოფიო ნარსია, ირინა ხაბურძანია, თეონა ბაქრაძე, იამურ იალვაჩი და ანამარია ბეჟა.
ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ შემადგენლობაში ითამაშებენ: ეკა თაბაგარი, ანა წულაია, ანი გობრონიძე, ლანა გორგაძე და მარიამ კაპანაძე.
ცნობისთვის: ქალთა მთავარი ლიგის შარშანდელი სეზონის დებიუტანტ „ელიტას“ სახელი შეეცვალა, „ლუსო“ გახდა და „ლანჩხუთის“ ყოფილი ფეხბურთელის, იამურ იალვაჩის მამის, ბურჰან იალვაჩის საკუთრებაა, რომელიც ასევე ფლობს ამავე სახელწოდების საერთაშორისო კომპანიას. სხვათა შორის, უფროსი იალვაჩი ბოლო თვეების მანძილზე ლანჩხუთის ქალთა გუნდთან თანამშრომლობდა, იქამდე კი ორი წლის მანძილზე მისი მთავარი კონკურენტის, „ნიკე-ლუსოს“ სპონსორი გახლდათ.
საქართველოს 2024 წლის ჩემპიონი „ლანჩხუთი“
ასევე მაღალი ადგილებისთვის მებრძოლი გუნდის გაკეთება გადაწყვიტეს ჩხოროწყუში. ამ ქალაქის გუნდი, რომელიც თბილისურ „ნიკესთან“ იყო გაერთიანებული, 2022 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
უკვე გამცნეთ, რომ „ლანჩხუთი“ ბეჟასა და იალვაჩის გარდა კიდევ 5-მა ლეგიონერმა დატოვა _ კელი გიდსმა, ანამარია ბეჟამ, ვანესა ხირარდომ, ლესლი რამირესმა და პაულა კიროგამ. უცხოეთში გეგმავს კარიერის გაგრძელებას მარიამ კალანდაძე.
„ლანჩხუთი“ შევსებას ძირითადად, სავარაუდოდ, ლეგიონერებით მიიღებს. პირველი ასეთი ბელორუსი მცველი პალინა ჰირჩიცია. უკვე ისიც გაცნობეთ, რომ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა ეროვნული ნაკრების მეკარე თათია გაბუნია.
როგორც ხედავთ, ვითარება რთულია, დღევანდელ ფეხბურთში გადამწყვეტი ფინანსებია. იმედი გვაქვს, „ლანჩხუთი“ დამატებით სახსრებს მოიპოვებს, მუნიციპალიტეტიც მეტად დაეხმარება, ბოლოს და ბოლოს, ეს კლუბი ჩვენი ქალაქის სახეა, ხოლო კლუბის მმართველობას რომ მინიმალური დანახარჯებით შეუძლია მაღალი შედეგის ჩვენება, ეს არაერთხელ დამტკიცებულა და დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ციცები ახალ სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ…
მათე გურული