„სად იყო პერესი, ჩვენ რომ ევგრაფი გვყავდა თავისი ტრანსფერებით…“
„იყო დრო, ჩემი ლანჩხუთი ფეხბურთით იღვიძებდა და ცხოვრობდა…
მამლები ფეხბურთის მარშის მელოდიას ყიოდნენო, ჩემმა მეგობარმა….
– რა შობი, ბიჯო, გამოგიარო?
– გამეიარე და საღამოს არ დეიკარგო, ჩემი ბიჭის ძმაკაცები ჩამოდიან თამაშზე….
ასეთი გადაძახილები ჩვეულებრივი ამბავი იყო…
კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები ფეხბურთზე წასასვლელად ემზდებოდნენ…
და იყო ზეიმი…
12-ათას მაცხოვრებლიან ლანჩხუთში 25 ათასი მაყურებელი გროვდებოდა…
გუნდი იყო ძლიერი და ლამაზი, უმაგრესი „სასტავით“…
მწვრთნელები ერთმანეთზე უკეთესები, მარტო შალიკო კაკაბაძე რად ღირდა…
სად იყო პერესი, ჩვენ რომ ევგრაფი გვყავდა თავისი ტრანსფერებით…
და მიუხედავად შედეგისა, ლხინი იყო ლანჩხუთელების ოჯახებში…
რაზე გამახსენდა და „გურიას“ ყველა დროის კაპიტანს, ელეგანტურ ფეხბურთელს, კარგ კაცს თემურ ჩხაიძეს იუბილე აქვს…
გილოცავ „ბახვოვიჩ“, ძამია, არ მაქვს იმის დრო, ყველაფერი დავწერო რასაც გისურვებ…
მიხარია, რომ შენი მეგობარი ვარ…“ _ ეს სიკო გეგიაძის ფეისბუქპოსტია.
სსრკ-ის ჭაბუკთა ნაკრების კაპიტანი თასით ხელში (ქვედა რიგში მარცხნიდან მეორე)
… „გურიას” ლეგენდა თემურ ჩხაიძე ლანჩხუთში 1955 წლის 2 იანვარს დაიბადა. ფეხბურთის თამაში ადგილობრივ ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში, იმედო დუნდუას, დანტეს ჯეჯელავასა და სერგო ცინცაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. პირველ წარმატებას „ტყავის ბურთის” გათამაშებაში მიაღწია. თანატოლთა შორის ტოლი არ ჰყავდა ბურთის კარში ზუსტად გაგზავნაში. ამ ნომინაციაში სპეციალური დიპლომი ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, ბორის პაიჭაძემ გადასცა.
მერაბ წულაძის წიგნში „წერტილი რუკაზე“ ვკითხულობთ:
„13 წლისამ თბილისის ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლაში განაგრძო ვარჯიში, ვოვა ელოშვილთან, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის მისი, როგორც ფეხბურთელისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში. აქ მთელი სიკაშკაშით გამოანათა თეიმურაზ ჩხაიძის ტალანტმა. გამოავლინა ნებისყოფის სიმტკიცე და გამარჯვებისაკნ ლტოლვის წყურვილი.
1972 წელს იგი „სიჭაბუკის თასის” საკავშირო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ჟურნალ „ოგონიოკის” პრიზით დააჯილდოვეს. ნიჭიერმა, პერსპექტიულმა ნახევარმცველმა სწრაფად მიიპყრო ევგენი ლიადინის ყურადღება და საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებში მიიწვია. საამაყოა, რომ ორი წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრები, კაპიტნის სამკლავური ლენტით, ლანჩხუთელ ჭაბუკს გაჰყავდა მინდორზე და თავისი სპორტული შემართებით სტიმულს აძლევდა, წინ მიუძღოდა თანაგუნდელებს.
ერთი წლის შემდეგ, თემური ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ამავე სეზონში გავრილ კაჩალინის ინიციატივით თბილისის „დინამოს” სათადარიგო შემადგენლობაში აიყვანეს. დებიუტმა წარმატებით ჩაიარა, აჩვენა დინამიური, ლამაზი თამაში. ცოტა ხანში პარტნიორებმა კაპიტნად აირჩიეს. ფეხბურთის გულშემატკივრები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს „დინამოს” ძირითადი გუნდისათვის მომზადებულ ფეხბურთელს, მაგრამ 1975 წელს მოულოდნელად ლანჩხუთის „გურიაში” გამოჩნდა და პირველივე მატჩებიდანვე გულშემატკივართა შორის ძალიან პოპულარული გახდა.
თემურს ყველაფერი ჰქონდა – ტექნიკა, მოედნის ხედვა, დრიბლინგი. პარტნიორის მოძრაობის ინტუიცია, გოლის გატანის ალღო. მისი სიტყვა წონიანი იყო, ხოლო მოქმედება სანიმუშო. კალეიდოსკოპურად გაიარა ამ შესანიშნავი ფეხბურთელის კარიერამ. თითქოს არ უნდა გეუფლებოდეს უკმარობის მწველი განცდა, მაგრამ დიაპაზონი როცა უფრო დიდი გვეგულება ცხადია, ფიქრებს აგვიწეწს მეტის სურვილი. ამ თემაზე საუბრისას ალბათ, უმჯობესია თავად ფეხბურთელს მოვუსმინოთ:
„ჩემი სპორტული კარიერა იმ პერიოდს დაემთხვა, თბილისის „დინამოს” თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა რომ ჰყავდა. ამ გუნდში ბევრი რომ ვერ ვითამაშე, რა თქმა უნდა, მწყდება გული, მაგრამ ბედს მაინც არ ვემდური, რადგან ჩემს მშობლიურ გუნდში ვითამაშე და აქ ყოფნამ ბევრი სიხარული მაჩუქა, ფეხბურთის ქომაგთა სიხარულით დამაჯილდოვა”.
ფეხბურთიდან გაცილება, 1987 წ.
ის გახლდათ 1986 წლის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი _ კაპიტნობდა გუნდს, რომელმაც „დუნია გადარია” და სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 1987 წლის სეზონის ბოლოს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და მომდევნო წელს „დოსააფის” ადგილობრივ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. შემდეგ ლანჩხუთის „გურიის” გუნდის უფროსად დაინიშნა, ცოტა ხანში კი მთავარ მწვრთნელად გადაიყვანეს. სხვადასხვა დროს წვრთნიდა თსუ-სა და „მერანი-91″-ს, მუშაობდა თბილისის „ლოკომოტივში”, „დინამოში” და „გაგრაში”. ერთ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიც გაიყვანა მოედანზე _ 2003 წელს, როცა ეროვნულ გუნდს დროებით სფფ-ის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია წვრთნიდა და ლანჩხუთში წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.
თემურ ჩხაიძეს „გურიის” წარმატებისთვის ძალა და ენერგია მართლაც არ დაუზოგავს, მთლიანად დაიხარჯა, ბოლომდე გაიღო ყველაფერი, რისი გაღებაც ერთ სპორტსმენს ხელეწიფებოდა. წლების განმავლობაში მისი, როგორც „გურიის” ლიდერისა და შემდეგ გუნდის უფროსისა და მთავარი მწვრთნელის მხრებზე გადაიარა გუნდის სიხარულმა და ტკივილმაც.
2012 წელს, ლანჩხუთის მოსახლეობამ დიდი უპირატესობით მაჟორიტარ დეპუტატად აირჩია. მანამდე ის „გურიას” საუკუნის ფეხბურთელად დაასახელდეს გულშემატკივრებმა. 2023 წლის ბოლოს, „ლანჩხუთობის” დღესასწაულზე ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
„გურია თუდეი” ულოცავს თემურ ჩხაიძეს 70 წლის იუბილეს და წარმატებებს უსურვებს მას.