„ლანჩხუთის“ პროტესტის ფონზე, დღეს სააპელაციო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი 20 წლის ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეში დამნაშავედ ცნო, გააუქმა პირველი ინსტანციის გამამართლებელი გადაწყვეტილება და თურქ ბიზნესმენს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ანი თავხელიძე, „ლანჩხუთის“ და დაზარალებულის ინტერესების დამცველი:
„დღეს სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა იყო ჩანიშნული. სხდომას არც დაზარალებული ესწრებოდა და არც მე. უკვე იცით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ დაზარალებულს, „ლანჩხუთს“ და პროტესტში ჩართულ ფეხბურთელებს უჩივლა. განხილვა დღეს არის. შესაბამისად, სრულად ამ საჩივარზე ვიყავით გადართული. არც გვქონია მოლოდინი, რომ აპელაციაში განხილვა დღესვე დასრულდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ დაზარალებულის ადვოკატი ვარ ამ საქმეში. სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პირობებში უბრალოდ შეუძლებელი იყო სხვა გადაწყვეტილების მიღება საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით. ამ საქმეში დაზარალებულმა რა გზა გაიარა, ამის გადმოცემა შეუძლებელია. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
ეს შედეგი არ დადგებოდა, რომ არა დაზარალებულის უკომპრომისო ბრძოლა, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებისა და კლუბის სამაგალითო სოლიდარობა და პრინციპულობა და საზოგადოების მხარდაჭერა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, ვინც დაზარალებულის მხარეს იდგა და აძლიერებდა მას. განსაკუთრებული მადლობა მედიას, როგორც ყოველთვის, მათ გარეშე ასეთი შედეგები ვერ მიიღწევა.
ამ საქმეში ბევრი პროფესიონალის შრომაა ჩადებული, განსაკუთრებით საქმის პროკურორის (გიორგი დოლაკიძე) და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის (ანა გამეზარდაშვილი). მადლობა მათ მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომისთვის.
მადლობა სააპელაციო სასამართლოს, რომ 20 წლის გოგოს სამართალი აპოვნინა და ძალადობაგამოვლილ ქალებს იმედი მისცა. ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ _ წერს ანი თავხელიძე სოციალურ ქსელში.





